Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების გარდა, რა შეიძლება მოხდეს წელს საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი ამთავითვე ნათელია, რომ 2003 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოვლენა შემოდგომამდე ამ არჩევნებით იქნება განსაზღვრული.

საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე რამდენიმე პრინციპული ამოცანა დგას, რომელთა გადაუჭრელობას არჩევნების მოლოდინი ვერ გაამართლებს. რა მიმართულებით შეიძლება იმოქმედოს პოლიტიკურმა კლასმა და, უწინარესად, ხელისუფლებამ მიმდინარე წელს?

2003-ს, ისევე როგორც ყველა მანამდელ წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აფხაზეთის საკითხი აქტუალობას არ დაკარგავს, მაგრამ არც შეიმატებს. სოხუმის დაცემიდან მეათე წელს საზოგადოებამ არ იცის, რა გეგმითა თუ პროგრამით აპირებს ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, ანუ დევნილთა დაბრუნებაზე ზრუნვას და სტატუსის შესახებ მოლაპარაკებას. მოქმედი ხელისუფლების კომპეტენციისა და გაქანების შემხედვარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი ძვრა არც წელს მოხდება. საქართველოს ხელისუფლება არ მალავს თავის განზრახვებსა და შესაძლო სვლებს: მას ისინი, უბრალოდ, არ გააჩნია. ამასთან, აფხაზეთის თემის წამოწევა წამგებიანია არჩევნების წინ. მისი აქტუალიზება გამართლებულია, თუ ხელისუფლებას აქვს უნარი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას პრობლემის მოსაწესრიგებლად ან შექმნას შთაბეჭდილება, რომ შეუძლია ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ტიპოლოგიური პარალელი ჩეჩნეთის მეორე ომის გაჩაღებაა 1999 წელს, რუსეთის დუმის არჩევნების წინ. შედეგი თვალსაჩინოა. საქართველოს ხელისუფლებას, იმედია, ეყოფა ჭკუა და მსგავს ავანტიურაში არ ჩაერთვება. უფრო მოსალოდნელია, რომ პოლიტიკური კლასი აფხაზეთის საკითხის მიჩუმათებას შეეცადოს.

დღეს პრაქტიკულად აღარავის ახსოვს, რომ საქართველოში ოდესღაც სახელმწიფო მართვის ორგანოებისა და სამართლებრივი რეფორმა დაიწყო. სასამართლო რეფორმის შემდეგ საზოგადოება სულ ნაკლებ ყურადღებას უთმობდა რეფორმებს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში, მაგალითად, კონტროლის პალატასა თუ საგადასახადო სამსახურში, რომლებიც, არსებითად, ამ სტრუქტურებში მუშაობის მსურველთა ტესტურ გამოცდებამდე დავიდა. გასული წლის მიწურულს პროკურატურაში თითქმის უჩუმრად ჩატარებული გამოცდების პირველმა ტურმა ყველას შეახსენა, რომ სამართლებრივი რეფორმა თანდათან ფარსად გადაიქცა და ასეთ პირობებში თუ სულ არ ჩატარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმა, შეიძლება უკეთესიც იყოს: გამოცდების შედეგად ხომ პროკურატურის პირადი შემადგენლობის მინიმალური განახლებაა მოსალოდნელი (აღარაფერს ვამბობთ სტრუქტურულ ან, მით უმეტეს, სისტემურ ცვლილებებზე). რეფორმების თემის ექსპლუატაციით არჩევნების წინ თვალს ვერავის აუხვევენ.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს დანაწევრებული პარლამენტი საგადასახადო კოდექსის შეცვლას სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით: ხელისუფლების გაიაფება და ბიზნესის გაიოლება დიდი ხნის წინ გაცხადებული და განუხორციელებელი მიზანია. არჩევნების წელს მთავარი ის კი არ არის, შეიცვლება თუ არა კანონმდებლობა ამ მიმართულებით, არამედ - თუ ეს მოხდა, ვინ მიითვლის აქტივში ამ ინიციატივას. საქართველოში პოლიტიკური ქცევის წესებიდან გამომდინარე, საეჭვოა, პარლამენტარებმა მოისურვონ და თავი მოაბან ამ ამოცანის გადაჭრას.

ერთადერთი, რასაც პოლიტიკოსები თავიანთ ძალასა და დროს დაახარჯავენ, პარტიული მშენებლობა იქნება. არჩევნების წელს ამ პროცესს ნაჩქარევი ხასიათი აქვს და საბოლოო პროდუქტის მთავარი თვისება, როგორც წესი, სიმყიფეა. მაგრამ ამ ნიშნით პოლიტიკოსთა გაერთიანებების შემოწმება მხოლოდ არჩევნების შემდეგ, ანუ არა 2003 წელს, იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG