Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2003 წელს თბილისი დაუმტკიცებელი ბიუჯეტით შეხვდა


საქართველოს დედაქალაქი, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, 2003 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. იანვრის თვეში დედაქალაქს, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ით მოუწევს ცხოვრება.

საახალწლო დღეების ბუნებიდან გამომდინარე, ცოტა ვინმე თუ ფიქრობს თბილისის უბიუჯეტოდ დატოვების მიზეზებზე, თუმცა უქმე დღეების დასრულებისთანავე თავს იჩენს ის პრობლემები, რომლებიც თან სდევს უბიუჯეტოდ ცხოვრებას.

საახალწლო არდადეგების დროს თბილისელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არცთუ ურიგო თანხას ხარჯავს დედაქალაქში ბოლო წლების მანძილზე მომრავლებულ რესტორნებსა თუ კაფე-ბარებში. ამდაგვარი ობიექტების დატოვების შემდეგ თავმოყვარე და ხელგაშლილ თბილისელებს თავში აზრადაც არ მოუვათ დახარჯული თანხის დამადასტურებელი სალაროს ქვითარი მოითხოვონ. ამ არცთუ სასიამოვნო ტრადიციის წყალობითაა, რომ მომსახურების ამ სფეროს წილი ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილში ყველაზე უმნიშვნელოა. სანაცვლოდ, დიდია რესტორნების შემოსავლების მნიშვნელობა ჩრდილოვან ეკონომიკაში.

ის, რაც ოფიციალურად დეკლარირებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 30 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თბილისში მოქმედი რესტორნებიდან 2002 წელს 15 მილიონ ლარამდე თანხის შეგროვება მოხერხდა. გასული წლის მანძილზე რესტორნების მომსახურების მოცულობის ზრდის ტემპები ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი იყო თბილისში.
მომსახურების ამ სფეროზე მოთხოვნილების ზრდით და ჩრდილოვან ეკონომიკაში მისი შენატანების მოცულობით აიხსნება თბილისში ადვილად შესამჩნევი რესტორნების ბიზნესის ბუმი.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სპეციალურად ორგანიზებულმა გამოკვლევამ და ექსპერტულმა შეფასებებმა ცხადყო, რომ რესტორნების მომსახურების მოცულობა 3,6-ჯერ აღემატება დეკლარირებულ მაჩვენებელს, ანუ ამ სფეროს დაბეგვრა მხოლოდ 27%-ით ხდება.

ამ ტენდენციას 2003 წლის იანვარში ხელს კიდევ უფრო შეუწყობს დედაქალაქის ძველი, 2002 წლის, ბიუჯეტის ერთი მეთორმეტედით ცხოვრება. რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადების აკრეფა არა იანვრის თვის სპეციფიკის ან ბიუჯეტის სავარაუდო ზრდის გათვალისწინებით მოხდება, არამედ გასული წლის საშუალო თვიური მაჩვენებლის მიხედვით. ასევე გაიწევა საბიუჯეტო ხარჯებიც, იმისდა მიუხედავად, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ პროგრამის დაფინანსება, რაც ჩინოვნიკთა სუბიექტივიზმს ფართო გასაქანს აძლევს.

დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები თბილისის ბიუჯეტის მიუღებლობას პარლამენტში ცენტრალური ბიუჯეტის ჩავარდნას აბრალებენ. მართლაც, თბილისის ბიუჯეტს ბევრი საერთო მუხლი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტთან. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს დედაქალაქის საფინანსო გეგმის პარამეტრებს ტრანსფერტების მოცულობისა და რამდენიმე საზიარო გადასახადიდან მიღებული შემოსავლების გასანაწილებლად. ფორმალურად ეს, მართლაც, საფუძვლიანი მიზეზია თბილისის მთავრობის ხელში. თუმცა ეკონომიკის ექსპერტი, თბილისის საკრებულოს წევრი რომან გოცირიძე სხვაგვარად ფიქრობს:

[გოცირიძის ხმა] „ყოველთვის შეიძლება ბიუჯეტის დამტკიცება და, თუკი რაიმე ცვლილებები მოხდა, ბოლოს და ბოლოს, ბიუჯეტში კორექტივების შეტანა ყოველთვის არის შესაძლებელი.“

ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იანვრის თვე ბიუჯეტისთვის, ფაქტობრივად, დაკარგულია, რაც მას სეკვესტრით ემუქრება. არადა, 2003 წელს, თბილისის, ისევე როგორც სახელმწიფო, ბიუჯეტის ზრდა, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარით უნდა განხორციელდეს. თუ გასული წლის ვითარება განმეორდა და დედაქალაქს პირველ კვარტალში ბიუჯეტის გარეშე ცხოვრებამ მოუწია, არათუ გაზრდილი ბიუჯეტის შესრულება, არამედ რაიმე სახის საბიუჯეტო წესრიგზე ოცნებაც კი შეუძლებელი იქნება.
XS
SM
MD
LG