Accessibility links

logo-print

რადიო “თავისუფლების” პრაღელი და თბილისელი თანამშრომლების საახალწლო სურვილები


ჩვენი სიუჟეტის მომზადებისთვის რესპონდენტებად ჩემი პრაღელი და თბილისელი კოლეგები ავირჩიე. 2003 წელს რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქცია ეთერში გასვლიდან 50 წლისთავს აღნიშნავს.

ახალი, 2003, წელი ჩვენთვის საიუბილეო წელია. ამდენად, გავიხსენებთ ჩვენი რადიოს წარსულს და მოვისმენთ ჩვენი თანამშრომლების საახალწლო სურვილებს.

დიდი ხნის წინ რადიო “თავისუფლების” ეთერიდან გრიგოლ რობაქიძე თავის თანამემამულეებს ასე მიმართავდა:

[გრიგოლ რობაქიძის ხმა] “ ქართველთა კულტურა ასე ინდივიდუალური და ეგზომ უნივერსალური ქართველი ერის წიაღითგან უნდა აგრძელებდეს თავის ვითარებას. წვდით ამ ფესვებს და ფესვები არწივის ფრთებად აგესხმით და ამ გზით მოიპოვებთ თავისუფლებას.”

[გულნარა პატარიძის ხმა] “კომუნისტების დროს რადიო “თავისუფლების” ფუნქცია იყო სიმართლის თქმა. არაფერი არ იბეჭდებოდა. ხალხმა არ იცოდა რა ხდებოდა საკუთარ ქვეყანაში. ჩვენთვის დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრება და ადამიანის უფლების დაცვა იყო მთავარი. ჩვენ მაშინ არავითარი უშუალო კონტაქტი საქართველოსთან არ გვქონდა და ასეთ პირობებში ძალიან რთული იყო მუშაობა.“


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი რამ რადიო “თავისუფლების” მუშაობაშიც შეიცვალა. იმ პერიოდისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენი რედაქციის ხელმძღვანელმა გულნარა პატარიძემ გაიხსენა, გაჩნდა შესაძლებლობა რადიო “თავისუფლების” ქართულ რედაქციას თბილისში საკუთარი ბიურო გაეხსნა, აეყვანა კორესპონდენტები საქართველოს რეგიონებშიც და გადაცემები ახლა უკვე საქართველოსთან მჭიდრო კონტაქტის პირობებშიც მოემზადებინა. გადაწყდა რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქციის მიერ მომზადებული გადაცემების საქართველოს რადიოს პირველ არხზე, ამავე რადიოს მეორე არხსა და რადიოსადგურ “მწვანე ტალღაზე” რეტრანსლიაციის საკითხი, ამას გარდა, ჩვენი გადაცემების რეტრანსლიაცია ხდება ქუთაისის, ზუგდიდის, ახალციხის, ლაგოდეხისა და ფოთის რაიონული არხების მეშვეობით. ახალ პირობებში ახალი მოთხოვნილებები გაჩნდა, თუმცა რადიო “თავისუფლების” ფუნქცია თითქმის არ შეცვლილა - დემოკრატიის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და საზოგადოების ყურადღების მიმართვა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისკენ რადიო “თავისუფლების” უმთავრეს ამოცანად რჩება. თუმცა ამოცანა ამით არ ამოიწურება:

[გულნარა პატარიძის ხმა]“ ვისურვებდი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ჩვენი მუშაობა, შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდოს ჩვენი მაუწყებლობის დრო.”


[ოქროპირ რუხაძის ხმა]“ ორი ტენდენციაა: ან ხარ პროვინციული მასმედია, ესე იგი საქართველოში მომუშავე, იქ ჩახარშული, ძალიან ხშირად არ გაქვს საშუალება დისტანცია იქონიო და შორიდან შეხედო მოვლენებს; ან ხარ ძალიან დასავლური და შორიდან უყურებ მოვლენებს, იმდენად შორიდან, რომ ვეღარ ხედავ, იქ რა ხდება. მე ვისურვებდი, რომ ამ უკიდურესობათა შორის დისტანცია შეგვენარჩუნებინოს.”

ასე ფიქრობს ჩვენი პრაღელი თანამშრომელი ოქროპირ რუხაძე. ასევე ვფიქრობთ ჩვენც, რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს თანამშროლები. 2 იანვარს ჩვენ, ყველას ერთად, მუშაობა დაგვებედა. ქართული საახალწლო ტრადიციების კვალობაზე კი, ეს იშვიათობაა. მე ვისურვებდი მომავალი წლის 2 იანვარს მუშაობა ბევრს დაბედებოდეს. ჩემი პრაღელი და თბილისელი კოლეგების საახალწლო სურვილებს კი მათი წარდგენის გარეშე შემოგთავაზებთ, რადგან ჩვენი მსმენელისთვის მათი ხმები კარგად ნაცნობი უნდა იყოს.

[რადიო “თავისუფლების” თბილისელი და პრაღელი თანამშრომლების ხმები].
XS
SM
MD
LG