Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად უნდა ვხვდებოდეთ ახალ წელს. ტრადიცია და რეალობა


წელს საქართველოს რამდენიმე ქალაქში - მათ შორის, დედაქალაქში - მოსახლეობის ყველაზე აზარტული ნაწილი ახალ წელს საგანგებოდ გამართულ საზეიმო კონცერტზე, ქუჩაში შეხვდა.

ახალი წლის ოჯახში შეხვედრის ტრადიცია წელს არათუ დაირღვა, ალბათ, უფრო გამრავალფეროვნდა. რას ფიქრობენ ამაზე თბილისელები?

თბილისში ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის, ზუგდიდში ტელეკომპანია “ოდიშისა” და გურჯაანში ტელეკომპანია “გურჯაანისა” და ადგილობრივი გამგეობის მიერ ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენებზე გამართულ სახალხო ზეიმს, უმეტესწილად, ახალგაზრდები ესწრებოდნენ. თუმცა მათ გვერდით იყო არაერთი ოჯახი, რომელთაც დღესასწაულის ოჯახური ინტერიერი პრაქტიკულად პირველად გააფართოეს და ამით ზეიმს ახალი შტრიხები შესძინეს. ნიშნავს თუ არა ეს ტრადიციის დამკვიდრებას და არჩევანის გაფართოებას, რაც, თავის მხრივ, უკვე დადებითი მოვლენაა?
[ჩართვა ქუჩიდან]“უნდა დამკვიდრდეს, იმიტომ რომ ეს რაღაც ახალგაზრდობისთვის წინმავალი ნაბიჯია.”
[ჩართვა ქუჩიდან]“საკმაოდ კარგი იქნება, თუ დამკვიდრდება. ნამდვილად კარგი იქნება: უფრო მეტ სიხალისეს შეიტანს ხალხში და არ იქნება ხალხი დაბეჩავებული და კარგია ძალიან. მე ძალიან მომეწონა. პირადად მქონდა სურვილი, მაგრამ მერჩივნა ახალგაზრდები წასულიყვნენ და მე უფრო ბავშვებთან, პატარებთან დავრჩენილიყავი, თორემ დიდი სურვილი მქონდა. პატარები რომ წამოიზრდებიან, ნამდვილად იმათთან ერთად წავალ.”
ჩვენ მიერ გამოკითხულ თბილისელთა უმრავლესობა ახალ წელს ოჯახში შეხვდა. როგორც ჩანს, ახალი წლის აღნიშვნის ქართული ტრადიციის ამ მონაკვეთს უახლოეს ხანში არც შეცვლა ემუქრება და არც კორექტირება:
[ჩართვა ქუჩიდან}“მაინც მგონია, რომ სახლში უნდა შეხვდეს ახალგაზრდა. ახალგაზრდა იქნება თუ ბებერი, მნიშვნელობა არა აქვს. ასე მგონია - სახლში. და მერე ყველას აქვს იმის უფლება, რომ გავიდეს გარეთ და გარეთ გააგრძელოს მხიარულება. არ არის პრობლემა.”
[ჩართვა ქუჩიდან]“საქართველოში, არა მგონია, რომ ახლო ხანში იქნება ასეთი რამ. მაგრამ 12-ის მერე შეიძლება - ახლობლებში, რესტორნებში, ქუჩებში. მნიშვნელობა არა აქვს, სად. მაგრამ, ჩემი აზრით, ახალი წელი უფრო საოჯახო დღესასწაულია და ამიტომ მიღებულია ოჯახში. ჩვენთან ასეა, ევროპაში უფრო სხვაგვარადაა.”
ევროპა თავისი მრავალფეროვანი სტანდარტებით იქით იყოს და პირადად ჩემთვის საქართველოში 2003 წლის შემობრძანების ნიშნად ქუჩაში მოწყობილი სამი საჯარო მასობრივი სცენიდან ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო სცენა ქალაქ გურჯაანის ცენტრში, სადაც, თბილისისა და ზუგდიდისგან განსხვავებით, მხოლოდ ენერგიული თინეიჯერები როდი აქტიურობდნენ: დღესასწაულში მონაწილოებდნენ რაიონში კარგად ცნობილი ფოლკლორული ჯგუფებიც, რომელთა დამსახურებითაც, სულ მცირე, კახური კოლორიტი შეინარჩუნა ზეიმმა, რომელსაც თურმე, ძირითადად, ევროპულობის პრეტენზია აქვს.
XS
SM
MD
LG