Accessibility links

logo-print

ეუთომ დახურა თავისი მისია ჩეჩნეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 31 დეკემბერს, შუაღამეს ამოიწურა ჩეჩნეთში ეუთოს მისიის მანდატი. რუსეთმა და ეუთომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მანდატის განახლების თაობაზე. მისიის დახურვას მშვიდად შეხვდა როგორც რუსეთის,

ისე ჩეჩნეთის მხარე.

მიუხედავად კრემლის განცხადებებისა, რომ ეუთოს როლი შემცირდა რესპუბლიკაში დღითი დღე მზარდი სტაბილურობის გამო, ბევრი მიმოხილველი სვამს კითხვას: რატომ დაიხურა მისია, თუ ადამიანის უფლებათა დარღვევებს ჩეჩნეთში კვლავაც ძალიან ხშირად აქვს ადგილი.

გაეროს წარმომადგენლის რიჩარდ მერფის თქმით, ვინაიდან ეუთო კონსენსუსის ორგანიზაციაა და საჭიროებს მისი 55-ივე წევრის თანხმობას, ხოლო რუსეთი არ იყო თანახმა მანდატის იმავე შინაარსით გაგრძელებაზე, მისია მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ავტომატურად უნდა დაიხუროს.

ეუთოს 6 კაციანმა ჯგუფმა, შტაბ-ბინით ჩეჩნეთის ქალაქ ზნამენსკოეში, 1995 წელს დაიწყო მუშაობა. მის ამოცანებში შედიოდა ადამიანის უფლებათა დაცვა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის და კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების გზების გამოძებნაში ხელის შეწყობა.

მერფის არ უთქვამს რაში გამოიხატებოდა უთანხმოება რუსეთის მხარესთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა კი განაცხადა სამშაბათს, რომ ეუთომ ვერ დაინახა რომ რესპუბლიკაში ახალი რეალობა შეიქმნა, რომ სიტუაცია ნორმალურს უბრუნდება.

არც ჩეჩენ მეამბოხეებმა გამოხატეს რაიმე სინანული მისიის დახურვასთან დაკავშირებით. ფრანს პრესის სააგენტოს მოჰყავს სეპარტისტული რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის წარმომადგენელის სიტყვები, რომ მისია იყო პასიური და ხშირად ყურს უყრუებდა ჩეჩნების ჩივილს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებათა დარღვევების შესახებ.

სეპარტისტების ვებსაიტზე ასეთი მესიჯი იყო მოთავსებული: "მითი ჩეჩნეთში ეუთოს ყოფნის შესახებ ბოლოს და ბოლოს გაქარწყლებულია – მადლობა ღმერთს"

მასხადოვის მთავარმა ემისარმაც აჰმედ ზაკაევმა ჩვენი რადისოთვის ლონდონიდან მოცემულ სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ეუთოს მისია ჩეჩეთში ხშირად სათანდოდ ვერ რეაგირებდა ფედერალური ძალების მიერ ჩადენილ მხეცობებზე. მან თქვა აგრეთვე, რომ რუსეთს ეუთოს თავიდან მოშორებით, სურს ჩეჩნეთის თაობზე დებატების ხასიათის შეცვლა.

[ზაკაევის ხმა] "რუსეთს სურს მისი ყოველდღიური დამსჯელი ოპერაციები ჩეჩნეთის მოსახლეობის წინააღმდეგ განხილულ იქნეს არა ადამიანის უფლებათა დარღვევის, არამედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. რუსეთს სურს, რომ სწორედ ასეთი კონცეფცია მიიღოს ევროპის კავშირმა და მსოფლიო საზოგადოებრიობამ."

რუსლან ბადალოვი არის ეროვნული გადარჩენის კომიტეტის თავმჯდომარე. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ინგუშეთში ჩეჩენ ლტოლვილებს ეხმარება. ბადალოვის თქმით, ეუთო ბევრს არას აკეთებდა მშვიდობანი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მით უმეტეს, რომ მისიის შენობას რუსეთის საგანგებო ძალების ყარაული ედგა წინ. და, ამგვარად ეუთოს მონიტორებს არ ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტები მოსახლეობასთან.

ეუთოს წარმომდგენლი რიჩარდ მერფი არ ეთანხმება ბადალოვის კრიტიკას, თუმცა აღიარებს, რომ მისიის მცირერიცხოვან კოლექტივს ძალიან უჭირდა მუშაობა.

გაუარესდება თუ არა სიტუაცია რესპუბლიკაში მას შემდეგ, რაც ევროპას უკვე აღარ აქვს იქ ყური და თვალი? რუსეთის სახელმწიფო დუმაში ჩეჩნეთის წარმომადგენლის ასლანბექ ასლახანოვის აზრით სიტუაცია ოთხი წლის ომის შემდეგ იმდენად მძიმეა, რომ ამაზე უარესი უკვე აღარ შეიძლება იყოს.

მაგრამ ევროპელ პოლიტიკოსებს აშფოთებს, რომ ჩეჩნეთში არავინ არ ადევნებს თვალს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ გერმანია, ევროპის კავშირი და ეუთო მოითხოვენ ეუთოს მისიის უმოკლეს დროში დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG