Accessibility links

logo-print

შეიცვლება თუ არა 2003 წელს საქართველოს პოზიცია რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით


2003 წლის თებერვალში რუსეთისა და საქართველოს სამთავრობოთაშორისო დელეგაციები საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ორი რუსული სამხედრო ბაზის პრობლემას მიუბრუნდებიან.

როგორც ცნობილია, საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების 100 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკისა და 5000 კაციანი პირადი შემადგენლობის ყოფნა, აშკარად არღვევს ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში და ხელს უშლის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ხელშეკრულების შესრულებას. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ 2003 წელს რუსეთის ბაზების გაყვანის ვადებისა და ფუქციონირების საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს.



ახალი წლის უქმეების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი სამხედრო ბაზების შესახებ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათ მორიგი რაუნდის სამზადისი გახდება. დეკემბერში მხარეები ისე დაშორდნენ ერეთმანეთს, რომ ვერც ერთი პრინციპული საკითხის ირგვლივ შთანხმება ვერ მოხერხდა. რუსეთის სამხედრო დელეგაციამ, რომელსაც მაშინ რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდალი გენერალი ნიკოლაი ზოლოტოვი ხელმძღვანელობდა, თავის კომპეტენციის ფარგლებში მხოლოდ კავშირგაბმულობის ბატალიონის გაყვანის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. და ესეც ლამის თავსატეხი გაუხდათ სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოთა წარმომადგენლებს.

საქმე ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კავშირგაბმულობის ბატალიონი რუსეთის ტერიტორიაზე კი არ დააბრუნა, არამედ სომხეთის გიუმრის ბაზაზე განლაგებულ 102 ბაზას შეუერთა. ამან კი აზერბაიჯანის ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია, რადგან არავისთვის დასამალი არ არის, რომ გიუმრის ბაზა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების სათადარიგო შტაბის ფუნქციას ასრულებდა. მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც რა უნდა იყოს, შარშან საქართველოდან გასაყვანი რუსეთის სამხედრო ბაზების სომხეთში განლაგებაზე პირველი უკმაყოფილება თავად სომხეთშიც წარმოიშვა. 2002 წლის ბოლოს საინფორმაციო სააგენტოებმა გავრცელეს, სომხეთის ყოფილი მმართველი პარტიის, "საერთო ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "სამხედრო ბაზების საქართველოდან სომხეთოში განთავსება, აძლიერებს ერევანზე მოსკოვის დამოკიდებულებას და სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას."

მაგრამ ეს ყველაფერი შარშან ხდებოდა.
წლევანდელი წლის დადგომისთანავე ეუთოს სტამბოლის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა შეიარაღებისა და ტექნიკის გატანა მოლდოვეთის დნესტრიპირეთიდან უნდა დაიწყოს. როგორც ცნობილია, მოლდოვეთის ტერიტორიაზე განლაგებული იყო რუსეთის მე-14 არმია, რომელმაც ასევე საბედისწერო როლი ითამაშა დნესტრისპირეთის კონფლიქტის დროს. შეთანხმების თანახმად, დნესტრისპირეთის ბაზისა და მისი კუთვნილი საბრძოლო მარაგები ლიკვიდაცია სწორედ 2003 წლის 1 იანვარს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, ეს არ ნიშნავს რუსეთის სამხედრო ყოფნის დასასრულს მოლდოვეთში და რუსეთის კონტინგენტი თავის არსებობას რეგიონში საწყობების ლიკვიდაციის შემდეგაც მაინც გააგრძელებს.

საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო რთულად არის. რუსეთი ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაყვანისთვის 11 წლიან ვადას ან 80 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. და ეს ვაჭრობა, რომელსაც გზაგაზა ახალი ეთნიკური დაპირისპირებების პროვოცირების ფარული მუქარები ახლავს, უკვე ორ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 2003 წელს რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით არსებულ გაურკვევლობას საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი.
XS
SM
MD
LG