Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ შევარდნაძის ოპტიმისტური პროგნოზის მიუხედავად, 2002 წელს ვერ მომზადდა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის,

კეთილმეზობლობისა და მეგობრობის შესახებ. წინასწარი ცნობებით, ამ ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა უკვე იანვარში განახლდება, თუმცა, საეჭვოა, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარება უახლოეს ხანში მოხერხდეს. რა პერსპექტივა ელის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას?

2002 წლის აგვისტო-ოქტომბრის მონაკვეთში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მხრიდან ომის გამოცხადებას ელოდა. გულახდილად რომ ითქვას, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების შემდეგ ასეთი უსიამოვნო მოლოდინი უსაფუძვლოდ სულაც არ გამოიყურებოდა. მართალია, 2002 წლის ბოლოსთვის - კერძოდ, კიშინიოვის დსთ-ს სამიტის შემდეგ - ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის თითქოს უფრო ცივილურ ფორმაში მოექცა, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასეთი ტაიმ-აუტი, საკმაოდ ძნელი სათქმელია.
1 იანვარს თავის საახალწლო მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსეთის თემას. მისი განცხადებით: ”ძალზე საგულისხმოა, რომ, მრავალი პრობლემის მიუხედავად, ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან - რუსეთის ფედერაციასთან, მთლიანობაში, უახლოვდება სასურველ მოდელს, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს რუსეთის კანონიერ ინტერესთა პატივისცემას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ერთობლივ მოძრაობას დემოკრატიულ სახელმწიფოთა ევროპული გაერთიანებისკენ.”
პრეზიდენტ შევარდნაძეს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება რუსეთის კანონიერ ინტერესში, რომლის პატივისცემაც სასურველ მოდელში ჯდება. აქამდე, როგორც წესი, ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის იმ ინტერესზე აკეთებდნენ აქცენტს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს განვითარებასა და ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. მაგალითად, ქართველი და რუსი ექსპერტების ერთსულოვანი აღიარებით, რუსეთის მთავარ გამაღიზიანებლად კვლავინდებურად რჩება საქართველოს აქტიური მონაწილეობა იმ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ენერგომატარებლების რუსეთის მარშრუტის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება. მართალია, 2002 წლის ბოლოს ამუშავდა რუსეთ-თურქეთის ე.წ. ცისფერი ნაკადი, რომელიც თურქეთში რუსეთის გაზის ექსპორტს გულისხმობს, მაგრამ ქართული მხარე კვლავ ოპტიმიზმით ელის საქართველოს გავლით აზერბაიჯანის გაზსადენის მშენებლობას და ამუშვებას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდური შემოსავალი ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხებია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ამუშავება კი უსათუოდ დასცემს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს - გამოდის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ე.წ. ძირითადი გამაღიზიანებლის რეზონანსი არათუ შემცირდება, პირიქით, გაიზრდება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ამწვავებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩეჩნეთი გახლავთ. მართალია, ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ბრალდებები, ამ მხრივ, თითქოს შენელდა, მაგრამ თავად ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების სიმძაფრე, ადრე თუ გვიან, კვლავ წინა პლანზე წამოსწევს რუსეთის მიერ შარშან აპრობირებულ პოლიტიკას, როცა ჩეჩნეთში წარუმატებლობის მიზეზად რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს თავშეფარებული ჩეჩენი მებრძოლები წარმოაჩინა. გასული წლის ბოლო დღეებში რუსეთის ხელისუფლება კვლავ კატეგორიულად მოითხოვდა აგვისტოში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე დაკავებული ჩეჩენი მებრძოლების გადაცემას. როგორც ჩანს, ჩეჩნეთის ფაქტორი კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.
და კიდევ ერთი მომენტი, რომელიც, შესაძლოა, თვალში საცემი არ იყოს, მაგრამ რომელიც აუცილებლად იჩენს თავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ყოველ შემთხვევაში, პარტიათა ერთი ნაწილი რომ უთუოდ მიიღებს პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას მოსკოვიდან - უეჭველია.
XS
SM
MD
LG