Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეხვდა 2003 წელს აფხაზეთი


ახალი წლის წინა და პირველი დღეების სადღესასწაულო განწყობა აფხაზეთში პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებსაც დაუკავშირდა. გამოვყოფთ ორ ძირითად საკითხს:

სოჭი-სოხუმი-სოჭის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებას და აფხაზეთის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემას. ეს უკანასკნელი ეფუძნება თვითგამოცხადებული აფხაზეთის სახალხო კრების, პარლამენტის, გადაწყვეტილებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. რუსეთის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტების გაცემა აფხაზეთში 8 იანვარს უნდა დაიწყოს.

აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისათვის მიცემული ორმაგი მოქალაქეობის უფლება, შეიძლება ითქვას, საფუძველშივე დარღვეულია. საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილება ადამიანებს პრაქტიკულად თავადვე განუსაზღვრავს, რომელი ორი ქვეყნის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ ისინი: რასაკვირველია, აფხაზეთის და, ასევე, რასაკვირველია, რუსეთის. - ასე ესმით სოხუმში ორმაგი მოქალაქეობის არსი და ასევე ჩაიწერა კანონშიც. სააგენტო ინტერპრესის ცნობით, აფხაზეთის მოსახლეობის 70-80 პროცენტმა რუსეთის მოქალაქეობის სურვილი ჯერ კიდევ 2002 წლის ზაფხულში გამოხატა, რაც წერილობითაც აისახა განცხადებებში, რომელთა შეგროვებით დაკავებული იყო რუსული სათვისტომოების კონგრესი “სლავიანსკი დომ”. შესაბამისად, აფხაზეთში მცხოვრებ, დაახლოებით, 150 000 კაცს უკვე მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქის პასპორტის ჩანართი, რომლის საფუძველზეც უკვე 2003 წლის 8 იანვრიდან სოხუმში რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტების გაცემა დაიწყება.

საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე თევდორაძე სოხუმში რუსეთის მოქალაქეობის დაშვებისა და ამ იდეის უკვე პრაქტიკულად განხორციელების ფაქტს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააპროტესტებს. სესია იანვარში უნდა გაიმართოს, მაგრამ საეჭვოა საქართველოს ხელისუფლების ერთეული წარმომადგენლების ამ დაგვიანებულმა პროტესტმა ადეკვატური შედეგი გამოიღოს. მით უმეტეს, რომ თვალსაჩინოა ამ ბოლო დროს რუსულ-აფხაზური ურთიერთობის გააქტიურების არაერთი პრაქტიკული მაგალითი, რომელთაგან სოჭი-სოხუმი-სოჭის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც კმარა. რუსეთმა ამით აშკარად და დაუფარავად დაარღვია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა 1996 წლის 19 იანვრის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევის შესახებ, რომელიც თეორიულად, სხვათა შორის, დღესაც ძალაშია. რკინიგზაზე მიმოსვლა აფხაზეთში ათწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. ამ აქტის ინიციატორებად და განმახორციელებლებად ოფიციალურად რუსეთის და აფხაზეთის კომერციული სტრუქტურები დასახელდნენ. რუსეთის მოკავშირეობით გადიდგულებული სოხუმის ხელისუფლება ეკონომიკური ბლოკადის მოხსნის მოლოდინშია. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია იმ სახელმწიფოთა პოზიციებისგან დამოუკიდებლადაც კი, რომლებიც აფხაზეთის იზოლაციით არიან დაინტერესებულნი. ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სანქცირების საშუალებად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისი გაწევრიანებისთვის ხელის შეშლას ხედავს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არაოფიციალური ანექსია კი გრძელდება. 8 იანვრიდან თვითგამოცხადებული აფხაზეთის რუსეთის სივრცეში მოქცევა უკვე რუსული პასპოტრების საშუალებით იწყება.
XS
SM
MD
LG