Accessibility links

logo-print

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმატება და წუხილი


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენს მომდევნო სიუჟეტში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ გესაუბრებით. ეს თემა იმანაც მოიტანა, რომ დღეს, 4 იანვარს, ქართველ ბიბლიოთეკართა ჯგუფი აშშ-ში მიემგზავრება ამ ქვეყნის

სხვადასხვა ბიბლიოთეკაში სამუშაო პრაქტიკის გასავლელად. გასული წლის ბოლოს, ტრადიციულად, სხვადასხვა სფეროში გაწეულ მუშაობას აჯამებენ ხოლმე: წელს ეროვნული ბიბლიოთეკა არავის გახსენებია. მინდა მოგითხროთ მის მიღწევებსა თუ პრობლემებზე.

გასული წელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის ავტომატიზაციის პროცესის გაგრძელებითა და სასურველ კონდიციამდე მიყვანით აღინიშნა. ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ლევან ბერძენიშვილის თქმით, [ბერძენიშვილის ხმა]: “ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნაბიჯები მთელი პროცესის ავტომატიზაციის მიმართულებით; კერძოდ, ბიბლიოთეკაში შარშან თავი მოიყარა 100-ზე მეტმა კომპიუტერმა და შარშანვე ყველა კომპიუტერი ერთ მთლიან ქსელში გაერთიანდა. აბსოლუტურად ყველა კომპიუტერს გაუჩნდა გასასვლელი ინტერნეტზე, ყველა თანამშრომელს აქვს მიწვდომის საშუალება და ყველა განყოფილებას – ინტერნეტში თავისი საათები”.

ეროვნული ბიბლიოთეკის კომპიუტერებით აღჭურვა, ცხადია, არ გულისხმობს მხოლოდ ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფას. დღეს ბიბლიოთეკის კატალოგთა 80% უკვე ელექტრონული სახით არსებობს. გარდა ამისა, [ბერძენიშვილის ხმა]: “შეიქმნა ელექტრონული რესურსებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის ცენტრები. ორივე ეს ცენტრი ემსახურება მიზანს, ყველაფერი, რაც გვაქვს, ვაქციოთ ელექტრონული მომსახურების საგნად, ანუ სახლიდან გაუსვლელად სტუდენტს აქვს საშუალება “ვეფხისტყაოსნის” ტექსტი მიიღოს, ვიქტორ ნოზაძის წიგნებიც ჰქონდეს და სურვილისამებრ დაამუშაოს. ინტერნეტიდან ბიბლიოთეკა მისაწვდომია. მისამართი: www.mplg.gov.dot.ge”.

ქართულ და ქართველურ ენებზე შექმნილი და დაცული მასალები მისაწვდომია მთელი მსოფლიოს მკითხველებისათვის მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კავშირი დაამყარა ტიტუსთან – ინდოევროპული ტექსტებისა და ზეპირმეტყველების მასალათა თესაურუსთან ანუ საცავთან. საქართველოს ბიბლიოთეკართა პროფესიული დაოსტატებისა და ბიბლიოთეკების შენარჩუნება-განვითარებისათვის ზრუნავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ არა თბილისში მოქმედი ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოები, ეროვნულ ბიბლიოთეკას შეიძლება მუშაობა შეეწყვიტა. რაც შეეხება ახალი წიგნებისა და, საერთოდ, ბეჭდვითი პროდუქციის შეძენას, ლევან ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ერთადერთია მსოფლიოს ქვეყნების ეროვნულ ბიბლიოთეკათა შორის, რომელსაც სახელმწიფო წიგნების შესაძენ ფულს არ აძლევს [ბერძენიშვილის ხმა]: “მე ამას იმით ვხსნი, რომ საქართველოში მთავრობის უწიგნურობა არის პრინციპი. საქართველოს მთავრობაში წიგნიერი ადამიანი მიღებული არ არის. გამონაკლისია ძალოვანი მინისტრები, რაც ძალიან საინტერესოა”.

შედარებისთვის: მეზობელ სომხეთში ეროვნულ ბიბლიოთეკას წელიწადში 100 ათასი ლარის ეკვივალენტი თანხა აქვს გამოყოფილი მხოლოდ წიგნების შესაძენად.

ასე რომ, ახალი ქართული წიგნების ბიბლიოთეკაში მოხვედრა დამოკიდებულია ავტორთა და გამომცემელთა კეთილ ნებაზე, ხოლო სხვა წიგნებისა – შემთხვევაზე. შარშან ეროვნულ ბიბლიოთეკას ასე დაეხმარა რუსეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე, რომლის ძალისხმევითაც ბიბლიოთეკამ რამდენიმე ათეული, რუსეთში ახალგამოცემული, წიგნი მიიღო.
XS
SM
MD
LG