Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აღძრული კრიზისი და ჩეჩნეთის მთავრობის


ანდრო ეული, პრაღა ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აღძრული კრიზისი და ჩეჩნეთის მთავრობის სახლის აფეთქება გროზნოში – ამ საკითხებს დაეთმობა დასავლეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა.

როგორც გაზეთი "ქრისჩენ საიანს მონიტორი" აღნიშნავს, ჩრდილოეთი კორეა დღეს სავალალო მდგომარეობაშია – მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთიდან მიღებული დახმარების წყალობით არსებობს, ხოლო მრავალრიცხოვანი არმია სულ უფრო მეტად ჩამორჩება დროს. ამიტომაც მიმართა ფხენიანმა თამაშის აკრძალულ წესს: უკვე მეორედ განვლილი ათწლეულის მანძილზე, ჩრდილოეთი კორეა ბირთვული იარაღით იმუქრება.
გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"სწორი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა, როცა ამ პრობლემის მოგვარება მიანდო გაეროს, სადაც ჩრდილოეთ კორეაზე მისი პარტნიორები: ჩინეთი და რუსეთი მოახდენენ ზეგავლენას. თუ ჩინეთი თავის ბერკეტებს არ გამოიყენებს ზეწოლისათვის კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, შესაძლოა გაერო გახდეს იძულებული - ეკონომიკური სანქციები შემოიღოს ფხენიანის წინააღმდეგ, რაც უაღრესად მკაცრი დასჯა იქნებოდა ისედაც შიმშილის პირზე მისული ქვეყნისთვის."

როგორც ქალაქ მონტერეიში დაფუძნებული ბირთვული გაუვრცელებლობის შემსწავლელი ცენტრის მკვლევარი უილიამ პოტერი აღნიშნავს გაზეთ "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნში" გამოქვეყნებულ სტატიაში, თავისი ბირთვული პოტენციალით ჩრდილოეთი კორეა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ერაყი. პროფესორი პოტერი წერს:

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთი კორეა მისთვის სასურველ ფასად ბალისტიკურ რაკეტებს ჰყიდიდა ნებისმიერ სახელმწიფოს, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ფხენიანი ბირთვულ იარაღს მიჰყიდის სხვა ქვეყნებს, და ტერორისტულ ორგანიზაციებსაც. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ქმედითი ზომები ჩრდილოეთი კორეიდან მომდინარე მუქარის უვნებელსაყოფად. თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ფხენიანმა ბირთვული გაუვრცელებლობის თაობაზე ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობები დაარღვია, დიდ რისკთანაა დაკავშირებული. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა კონკრეტული გეგმა უნდა შეიმუშავონ ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. ეს, პირველ რიგში, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ინტერესებს მოემსახურება".

როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" შენიშნავს, ჩრდილოეთმა კორეამ ისარგებლა იმით, რომ შეერთებული შტატები ერაყთან საომრად ემზადება და გადაწყვიტა განაახლოს თავისი ბირთვული პროგრამა, რაც ძალთა თანაფარდობას შეცვლის უდაოდ შორეულ აღმოსავლეთში. გაზეთი განაგრძობს:

"ამერიკა-ჩრდილოეთი კორეის დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა რაოდენი სიფრთხილე მართებთ პოლიტიკოსებს საჯარო განცხადების გაკეთებისას. როცა პოლიტიკური ლიდერი იარაღად იყენებს სიტყვებს, იგი იმისთვისაც უნდა იყოს მზად, რომ მის რიტორიკას ძალის გამოყენება მოჰყვეს შედეგად. პრეზიდენტმა ბუშმა გასულ წელს, თავის მიმართვაში კონგრესისადმი "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ", "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა ჩრდილოეთი კორეა, რაც დღეს, ბლეფის შთაბეჭდილებას სტოვებს".

მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურნენ ასევე გაზეთები ახალი წლის წინა დღეებში ჩეჩნეთის მთავრობის სახლის აფეთქებას გროზნოში, რასაც არაოფიციალური მონაცემებით, 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა ტერორისტებმა ორი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს გროზნოს ცენტრში და ნანგრევებად აქციეს პრომოსკოვური ადმინისტრაციის შენობა, სეპარატისტებმა მოუწოდეს თანამემამულეებს - არ მისცენ კრემლს იმის საბაბი, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა ტერორიზმთან იქნეს გაიგივებული – წერს საფრანგეთის გაზეთი "მონდი" და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"კრემლი ყველანაირ საშუალებას მიმართავს, რათა საერთაშორისო ტერორიზმს დაუკავშიროს ჩეჩნები, და ჩვენ, არ უნდა მივცეთ მას ამის საბაბი – განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა. მან სამძიმარი გამოუცხადა ამასთანავე აფეთქების მსხვერპლთა ნათესავებს. კრემლმა თანაგრძნობის დეპეშები მიიღო იმავე დღეს სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერებისგან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ ბოლო უნდა მოეღოს ტერორიზმის ყველანაირ გამოვლინებას, ხოლო "ემნისტი ინტერნეშენალმა", თავის მხრივ, აღშფოთება გამოთქვა იმით, რომ სამოქალაქო პირები აღმოჩნდნენ გროზნოში მომხდარი აფეთქების სამიზნე."

გაზეთი "ლიბერასიონი" წერს იმ დაუდევრობის შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა გროზნოს ცენტრში, დღისით-მზისით, აფეთქების მოწყობა. გაზეთი დასძენს:

"პრეზიდენტ პუტინის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთკავკასიაში ვიქტორ კაზანცევმა დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა ჩეჩნეთის მთელი ადმინისტრაცია, მილიციელიდან მინისტრამდე. როგორც მთავრობის სახლის მცველები აცხადებენ, შენობას ორი დანაღმული ავტომანქანით, რუსეთის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სამი ადამიანი მიუახლოვდა; მათ თან ჰქონდათ ოფიციალური საშვი, რომლითაც 3 საგუშაგო განვლეს. ყოველივე ეს ეჭვქვეშ აყენებს ფედერალური ჯარის უნარს – წესრიგი დაამყაროს ჩეჩნეთში, და უნებლიედ გვაფიქრებინებს, რომ ტერორისტებს თანამზრახველები ჰყავდათ ჩეჩნეთის პრომოსკოვურ ადმინისტრაციასა და თავად ფედერალურ ჯარშიც."

როგორც გერმანიის გაზეთი "ველტი" აღნიშნავს, გროზნოში მომხდარი ამ კატასტროფული ტერაქტის შემდეგაც კი, პრეზიდენტი პუტინი არ აპირებს ჩეჩნეთში თავისი პოლიტიკის შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ამ რესპუბლიკაში დაძაბულია ვითარება, განაგრძობს გაზეთი, პუტინს რეფერენდუმის მოწყობა სურს ჩეჩნეთის კონსტიტუციის საკითხზე, ხოლო შემდეგ, ამ წლის ბოლომდე, რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

"მაგრამ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ჩეჩნეთში არაა შექმნილი სათანადო პირობები. ბრძოლები გრძელდება, ჩეჩნეთის 700 ათას მკვიდრს შიშის ზარსა სცემს ეგრედ წოდებული "წმენდები", რომლითაც უწინარესად მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება; ხშირად ამ "წმენდებს" დახვრეტები და სახლების გაძარცვა მოსდევს".

ჩეჩნეთის გვერდზე ინტერნეტში გამოქვეყნებულია მოსკოვში ასლან მასხადოვის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენლის მაირბეკ ვაჩაგაევის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ეგრედ წოდებული "გროზნოს ტრაგედია" ახალი წლის წინა დღეებში მომხდარი აფეთქებით კი არ დაწყებულა, არამედ მას მაშინ მიეცა დასაბამი, როცა რუსეთის ავიაგამანადგურებლებმა და არტილერიამ 98 ათასი სახლი, მიწასთან გაასწორა ჩეჩნეთში. ხოლო გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ 31 დეკემბერს, სასამართლომ დონის როსტოვში, გაამართლა პოლკოვნიკი იური ბუდანოვი, რომელმაც აღიარა, რომ დაახრჩო 18 წლის ჩეჩენი გოგონა ელზა ყუნგაევა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"სამხედრო სასამართლომ დონის როსტოში დაადგინა, რომ პოლკოვნიკი იური ბუდანოვი შეურაცხადი იყო, როცა 2000 წლის მარტში ჯერ გააუპატიურა, ხოლო შემდეგ დაახრჩო 18 წლის ელზა ყუნგაევა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუდანოვს იძულებით მკურნალობას ჩაუტარებენ ფსიქიარტიულ საავადმყოფოში. მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ მოკლა ელზა ყუნგაევა, გამორიცხული იყო სრულიად, იური ბუდანოვის გამართლების ყოველგვარი შესაძლებობა. თუმცა პატიმრობის სასჯელი ხომ იმის აღიარება იქნებოდა, რომ კრემლი სამხედრო დანაშაულს სჩადის ჩეჩნეთში. ამდენად, სამხედრო სასამართლომ, დონის როსტოვში, განაჩენის გამოტანისას ჩეჩნეთის კონფლიქტის "რეალობას" გაუწია ანგარიში, სახელდობრ იმას, რომ ეს კონფლიქტი, პოლკოვნიკ ბუდანოვის მსგავსად, შეურაცხადია, და მაშასადამე, პასუხიც არ მოეთხოვება".
XS
SM
MD
LG