Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია ქართველების მიერ გარედან დანახული საქართველო


ახალ წელს ყველანი ჩვენდაუნებურად გადავავლებთ ხოლმე თვალს გასულ წელიწადს. ვფიქრობთ: რა შეიცვალა, გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა. თუმცა საქართველოში მუდმივად მცხოვრებთათვის

ქვეყნის მდგომარეობის შეფასებისას დიდ გავლენას ახდენს ყოველდღიურობა, ყოფითი პრობლემები. ის ქართველები კი, ვინც ხანგრძლივად საზღვარგარეთ იმყოფებიან, ალბათ, უფრო ეტაპობრივად აფასებენ საქართველოს მდგომარეობას. დღეს რამდენიმე მათგანის შესახებ გესაუბრებით. როგორია მათ მიერ შორიდან დანახული სამშობლო?

ჩემი სამივე მოსაუბრე საქართველოდან 5-7 წლის წინ წავიდა პროფესიული განვითარების მიზნით. გოგა შაქარიშვილი ახლა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში იმყოფება, ქეთი მეგრელიშვილი გერმანიაში, ჰაიდელბერგში გახლავთ, ნიკა ლომიძე კი რუსეთის დედაქალაქში მოღვაწეობს. 2003 წელს ისინი სამშობლოში არ შეხვედრიან. სამივემ აღნიშნა, რომ მათ საახალწლო დღესასწაულს თბილისური სითბო აკლდა. თუმცა ხშირად ის, რაც საზღვარგარეთ მყოფებს ენატრებათ, თბილისში ყოფნისასაც მონატრებად რჩება ხოლმე, რადგან ამ სითბომ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, როგორც ჩანს, გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, დროშიც გადაინაცვლა.

გოგა შაქარიშვილი საქართველოდან შეერთებულ შტატებში ოთხი წლის წინ წავიდა, თავიდან - ერთი წლით, ჯანდაცვის პოლიტიკაში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, შემდეგ კი რეალურმა პერსპექტივებმა მისი უფრო ხანგრძლივად დარჩენა განაპირობა: ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ მას ჯერ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ოფისში შესთავაზეს სამსახური, შემდეგ კი - ატლანტაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ამის შემდეგ გოგა ისევ ვაშინგტონში დაბრუნდა, ამჯერად საერთაშორისო განვითარების სააგენტო "World Vision"-ში სამუშაოდ, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო მეტად დაოსტატება საკუთარ პროფესიაში და სოციალური პოლიტიკის დარგში სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად ოქსფორდის უნივერსიტეტს მიაშურა. გოგა ახლა მუშაობს სადოქტორო თემაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ჯანდაცვის რეფორმებს შეეხება. მისი შესწავლის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოც გახლავთ. გოგა შაქარიშვილი, რომელიც, ბევრი ჩვენგანის მსგავსად, მოწადინებულია დაინახოს დადებითი, ფიქრობს, რომ ქვეყნის წინსვლა ყოველთვის სწორი მიმართულებით სვლას არ ნიშნავს. ძირითად პრობლემად კი ის ხელისუფლებისა და ხალხის დაშორიშორებას მიიჩნევს:

[შაქარიშვილის ხმა]
"არის მცდელობები ახალი სისტემის ჩამოყალიბებისა რეფორმების საშუალებით, ანუ პოლიტიკური, ეკონომიკური სარეგულაციო მექანიზმების შეცვლით ხდება მცდელობა იმისა, რომ დაარსდეს ახალი სისტემა, მაგრამ ახალი სისტემა აბსოლუტურად შეუთავსებადია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, საზოგადოებრივ ღირებულებებთან და, გნებავთ, კულტურასთანაც".

გოგა შაქარიშვილი საკუთარ პერსპექტივას საქართველოს უკავშირებს:

[შაქარიშვილის ხმა]
"პერსპექტივა იმისი, რომ რამე გააკეთო საქართველოში, გაცილებით მეტია ახლა იმიტომ, რომ იქ აქტიურია, დინამიურია ყველაფერი და იქ ხდება რაღაცეები. გარეთ ყოფნა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა შეიძინო და უფრო კარგად მოემზადო, მაგრამ უცხოელისთვის გარეთ ყოფნა და დამკვიდრება და რაღაცის მიღწევა შედარებით უფრო რთულია".

ნიკა ლომიძე ექვსი წლის წინ სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში, ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში გადავიდა, სადაც ახლახან ასპირანტურის კურსი დაასრულა და ხარისხის დაცვისთვის ემზადება. რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ნიკას მიაჩნია, რომ ქვეყანა ვითარდება, თუმცა, ძალიან ნელა. ის იმედოვნებს, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. ფიქრობს, რომ მისი სპეციალობის ადამიანისთვის მუშაობის პირობები დღეს საქართველოში არ არის: ნიკა ლომიძე ინტერვენციული კარდიოქირურგიის დარგში მოღვაწეობს:

[ლომიძის ხმა]
"ჩემნაირი ძალიან ბევრი ქართველია მოსკოვში და მათაც აქვთ იმედი, რომ ოდესმე მოახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას. ყველას აქვს ამის იმედი, აქ დარჩენა მაინცდამაინც არავის არ უნდა. რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია სამშობლოში ჩამოსვლა, მაგრამ დღესდღეობით არ არის იმის პირობები, რომ ეს ხალხი ჩამოვიდეს და დაკმაყოფილდეს სამსახურით."

ქეთი მეგრელიშვილი მეშვიდე წელია სწავლობს და მუშაობს გერმანიაში, სადაც გერმანისტიკას, სლავისტიკას და ხელოვნებათმცოდნეობას ეუფლება. ის ყოველ ზაფხულს ჩამოდის საქართველოში და, როგორც ჩემთან საუბრისას აღნიშნა, ბოლო ზაფხულს აქ ყოფნისას დიდი ოპტიმიზმი არ დაუფლებია, თუმცა, რაღაც ნელი ტემპით წინსვლას, დანარჩენი ორი რესპონდენტის მსგავსად, ისიც ადასტურებს და საკუთარ სურვილსაც გვიმხელს:

[მეგრელიშვილის ხმა]
"მე პირადად ვისურვებდი იმას, რომ იმავე ჩემს მეგობრებს თბილისში შეეძლოთ იმ საქმის კეთება, რაც უნდათ მათ და რაც უსწავლიათ და არა ისეთი საქმიანობით დაკავდნენ, რომელიც აუცილებელია, მათი გარემოდან გამომდინარე".

გოგას, ნიკას და ქეთის აერთიანებს ერთი რამ - საქმიანობის სამშობლოში გაგრძელების სურვილი და ოპტიმიზმი, რომ ეს ასეც იქნება. მაგრამ როდის და რა ვითარებაში, ჯერ მათთვის გაუგებარია ისევე, როგორც გაუგებარია მდგომარეობა საქართველოში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG