Accessibility links

logo-print

შეიცვალა თუ არა პატრონი ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-მა


თამარჩიქოვანი, თბილისი ტრადიციულად, ჭორები ისეთი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, სადაც სიტყვის თავისუფლების ხარისხი დაბალია. მართალია, საქართველოში პრესის თავისუფლებას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც

ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ მიღწევად მიიჩნევს, მაგრამ ჭორების მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა, ამ მხრივ, მაინცდამაინც სახარბიელო არ უნდა გვქონდეს.

ახალი წლის პირველ დღეებში გავრცელებული ჭორებიდან ყველაზე პოპულარულია ცნობა, თითქოს, 2 იანვარს, ბედობა დღეს, ბოლოს და ბოლოს, მიღწეულ იქნა შეთანხმება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-სა და ფართოდ ცნობილ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს შორის და, თითქოს, ამ უკანასკნელმა შეიძინა არა მხოლოდ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”, არამედ გაზეთი ”24 საათიც”. რაც ძალიან საინტერესოა, ამ ხმების გამავრცელებლები ირწმუნებოდნენ, რომ ლამის თავად შეესწრნენ ბადრი პატარკაციშვილის ”რუსთავი-2”- ის ოფისში ყოფნას და ამბავიც პირველწყაროებიდან შეიტყვეს.
იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ საქართველოში დაბრუნებული ბადრი პატარკაციშვილი, მართლაც, აწარმოებდა მოლაპარაკებას ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის მფლობელებთან ამ მაღალრეიტინგიანი ტელეკომპანიის ყიდვის თაობაზე, მაგრამ მაშინ მას ფასი ზედმეტად მაღალი ეჩვენა - ასეთი ჭორის საფუძველი, თითქოს, რეალურად უნდა არსებობდეს. სავსებით ბუნებრივია, რომ 2003 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის წინ - ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს - უთუოდ მოხდება არა მხოლოდ ახალი მედიის დაფუძნება, არამედ უკვე არსებული ტელეკომპანიებისა და გაზეთების გადანაწილებაც. ის, რომ მომავალი არჩევნებისას განსაკუთრებული დატვირთვა მიენიჭება ელექტრონულ მედიას, ანუ ტელევიზიას, ესეც არ იწვევს ეჭვს. ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოს მოსახლეობა უფრო ტელემაყურებელია, ვიდრე ბეჭდვითი მედიის მომხმარებელი. ასე რომ, 2003 წელი უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი იქნება ახალი ტელეკომპანიების დაფუძნება-ამუშავების თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც ამ მისასალმებელ მოვლენას ჩრდილს აყენებს, ალბათ, ის მომენტია, რომ ახალი ტელეკომპანიების უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები იდგებიან, რაც აუცილებლად აისახება მედიის მუშაობაზე.
რაც შეეხება რუსთავი-2-სა და ბადრი პატარკაციშვილის ურთიერთობას - ამ უკანასკნელთან დაახლოებული პირის ცნობით, ბადრი პატარკაციშვილს არც რუსთავი-2, არც სამტრედია-3 და არც ბანძა - 8 არ შეუძენია და არც აპირებს. სამაგიეროდ, იანვრის ბოლოს ან, მაქსიმუმ, თებერვლის დასაწყისში ამუშავდება ტელეკომპანია ”ტელე-იმედი”, რომელსაც თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით უკვე გამორჩეული მდგომარეობა აქვს. ტექნიკური შესაძლებლობების გარდა, - ტელეკომპანია მუშაობის დაწყებისთანავე საქართველოს ტერიტორიის 60 პროცენტს დაფარავს, - მას ამბიციური გეგმებიც აქვს. ბევრი არსებული ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, რომელთა პროდუქცია ხშირად მხოლოდ ახალი ამბების გამოშვებით ამოიწურება, ტელეკომპანია ”ტელე-იმედი” ტელემაყურებელს შესთავაზებს თოქ-შოუებს, სატელევიზიო თამაშებს და საკუთარი წარმოების ტელესერიალებსაც კი.
XS
SM
MD
LG