Accessibility links

logo-print

საქართველოში ახალი მომსახურება „ინტერნეტ ბანკინგი“ მკვიდრდება


საქართველოში საბანკო სისტემის სერვისი მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიო საბანკო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკისგან. მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაბალი დონისა,

რამდენიმე ქართული ბანკი მაინც ცდილობს მასთან მიახლოებას. ერთი თვეც არ იქნება, რაც ორმა ქართულმა ბანკმა „ინტერნეტ ბანკინგის“ მომსახურება გახსნა. ამ თანამედროვე ბიზნესის სიიაფე, სიმარტივე და კომპაქტურობა სულ უფრო მეტ მომხმარებელს უღვიძებს სურვილს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ისარგებლოს.

საქართველოში უამრავი ინდივიდუალური მეწარმე და მცირე კომპანიაა, რომლებსაც საბანკო სისტემასთან ურთიერთობისთვის დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსები ესაჭიროებათ. ამას გაუსვა ხაზი ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში დასაქმებულმა ინდივიდუალურმა მეწარმემ ალექსანდრე რუხაძემ:

[ალექსანდრე რუხაძის ხმა] „აღარ იქნება საჭირო უამრავი საბუთის შევსება, ბანკში სირბილი, აღარ იქნება საჭირო ბუღალტრის შტატი, რაც მძიმე ტვირთად აწევს ისედაც მწირ ბიუჯეტს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმეს აქვს. ეს უფრო წაადგება იმ ხალხს, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ინტერნეტთან, ხოლო იმ ხალხს, ვისაც არ აქვს უშუალო შეხება ინტერნეტთან დააინტერესებს, რომ მომავალში ინტერნეტის გამოყენებით ააწყოს თავისი ბიზნესი.“[ სტილი დაცულია]

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება კი ჩანასახის სტადიაში მყოფი ქართული საბაზრო ეკონომიკის განვითარებისა და მოწესრიგების წინაპირობებს ქმნის. „ინტერნეტ ბანკინგის“ მომსახურება ზედმეტი დროის ხარჯვას აარიდებს უამრავ კერძო პირსაც. ახლა კომუნალური გადასახადის გადასახდელად თუ სხვა სახის საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად ერთი ოფისიდან მეორეში სირბილი, რიგებში დგომა და უამრავი დროის ხარჯვაა საჭირო.

„ტი-ბი-სი ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის მომსახურების გამოყენებით კი სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ელექტროენერგიის საფასურის გადახდა თუ სატელეფონო დავალიანების დაფარვა. ამ ბანკის მარკეტინგის განყოფილების უფროსმა ვაჟა ბერიაშვილმა ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინტერნეტ ბანკის შექმნა ბაზრის მოთხოვნათა საფუძველზე გადაწყდა.

[ვაჟა ბერიაშვილის ხმა] „ჩვენი ბანკის სტრატეგიაა გრძელვადიანი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად გავიტანოთ ბანკის სერვისები გარეთ, იმისათვის, რომ კლიენტს არ დასჭირდეს ბანკში მოსვლა. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი კლიენტურა და, როგორც გაირკვა, 70% ამ კლიენტურისა აქვს წვდომა ინტერნეტთან ან სახლში, ან სამსახურში. და აი, ამ 70%-დან ბაზრის ნახევარი შეისყიდიდა ამ პროდუქტს მისი არსებობის შემთხვევაში.“

მომსახურების ღირებულება იმდენად მცირეა, რომ იგი, ფაქტობრივად, სიმბოლური ხასიათისაა. ეს კი მისი გამოყენების ფართოდ გავრცელების პერპექტივებს ქმნის. ინტერნეტ ბანკის ვებსაიტზე მუშაობა საკმაოდ მარტივია თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ბრძანება და ინფორმაცია ქართულ ენაზეა. ვაჟა ბერიაშვილის თქმით:

[ვაჟა ბერიაშვილის ხმა] „მე, მაგალითად, პირადად უკვე კარგახანია, სანამ ტესტურ რეჟიმში იყო ეს პროგრამა, მანამდეც ვიხდიდი უკვე ამ პროგრამით კომუნალურ გადასახადებს და ახლა ჩვენი კლიენტებიც აქტიურად სარგებლობენ ამით.”[სტილი დაცულია]

თუმცა ინტერნეტ ბანკით სარგებლობას თან ახლავს რისკი, რომელიც მონაცემთა უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. მით უმეტეს, საქართველოში რისკი გაცილებით მაღალია, რადგან არ არსებობს კანონმდებლობა და შესაბამისი მექანიზმები კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ტიპის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც „ტი-ბი-სი ბანკმა,“ ინტერნეტ ბანკინგის სერვისის კიდევ ერთმა მომწოდებელმა, „საქართველოს ბანკმა,“ საერთაშორისო პრაქტიკას მიმართა.

„საქართველოს ბანკის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა ათანასე მაკარიდმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ ინტერნეტ ბანკინგის უსაფრთხოების სისტემა სერტიფიცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციული უსაფრთხოების კომიტეტისა და რუსეთის ორგანიზაცია „ფაბსის“ მიერ.

[ათანასე მაკარიდის ხმა] „ელექტრონული საბუთის კანონი საქართველოში არ არსებობს და ამიტომ რაღაცა გაუგებრობის შემთხვევაში ბანკსა და კლიენტს შორის ეს საკითხი არის საკმაოდ მაღალ რისკიანი. მაგრამ უცხოეთში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვის სისტემის გამოყენება ჩვენ გვამშვიდებს, რომ მაქსიმალურად ვართ დაცული ასეთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.“

ინტერნეტ ბანკინგი ორმხრივად სასარგებლოცაა, ანუ ამ სერვისით კლიენტთან ერთად ბანკიც მოგებული რჩება.

[ათანასე მაკარიდის ხმა] „იმის მიუხედავად, რომ ბანკს გააჩნია 50 ოფისი საქართველოში, მაინც მოუხერხებელია კლიენტურისთვის ოფისებში მისვლა იმისათვის, რომ მომსახურება მიიღოს. აგრეთვე ბანკისთვისაც რთულია, რომ ბევრი ოფისები გახსნას, იმიტომ რომ ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მერე ამ უზარმაზარი მონსტრი სისტემის მართვა...“[სტილი დაცულია]

საქართველოს ბანკისა და ტი-ბი-სი ბანკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ, თანხის გადარიცხვისა და ანგარიშის მართვის სხვა სერვისების გარდა, გადაწყვეტილი აქვთ ინტერნეტ ბანკის მომსახურება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნონ და სრულყონ. ეს კი გაცილებით გააიოლებს საგადასახადო ბიუროკრატიით გართულებულ მცირე ბიზნესის თუ კერძო ანგარიშსსწორების წარმოებას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG