Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტული წლის ლაურეატები და შეპირებული პრემიები


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ტრადიციულად ასეა: საშობაო დღეებში, სპორტული არდადეგების პერიოდში,

წლის საუკეთესო სპორტსმენებს, გუნდებს და მწვრთნელებს საახალწლო შეხვედრებს უმართავენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მოწყობილი საზეიმო წვეულებების შემდეგ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპორტული წლის ლაურეატებს რესტორან “ოლიმპში” უხმო. წინა შეხვედრებთან შედარებით, ეს ბოლო თავყრილობა ყველაზე უხვდოლარიანი გამოდგა: დიპლომებისა და სპეციალური პრიზების გარდა, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს სოლიდური ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ის, რაც მთელი წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, წლის ბოლოს მაინც შესრულდა – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებმა, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის თებერვლის ბრძანებულებით, შეპირებული ჰონორარები მიიღეს და ამ საახალწლო საჩუქრით ფრიად კმაყოფილნი ჩანდნენ. სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, 50-მდე სპოტრსმენსა და მწვრთნელზე განაწილებულმა საპრემიო თანხამ 125 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. “ქვეყანას უჭირს, მაგრამ პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის ძალისხმევით ფული მაინც გამოინახა, - აღნიშნა მეძმარიაშვილმა. - იმედი მაქვს, რომ ეს დამატებითი სტიმული გახდება ჩვენი საუკეთესო სპორტსმენებისათვის, რომლებიც წლევანდელ სალიცენზიო ტურნირებში ათენის ოლიმპიური თამაშების საგზურებისათვის იბრძოლებენ.” სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ არაოლიმპიურ სახეობათა წარმომადგენლებიც დააჯილდოვა, მათ შორის – მორაგბეები და სამბისტები, პროფესიონალ მოკრივეს გიორგი კანდელაკს კი სპეციალური პრიზი გადასცა. კანდელაკმა, მოგეხსენებათ, 12-რაუნდიან ბრძოლაში რუს ალექსანდრ ვასილიევს აჯობა და, კრივის მსოფლიო კავშირის ვერსიით, მსოფლოს ჩემპიონის ქამარი მიიღო. პროფესიულ კრივში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს – სხვადასხვა სახელით, გავლენითა და ავტორიტეტით. ყველაზე მდიდარი და ავტორიტეტული ორგანიზაციებია კრივის საერთაშორისო ფედერაცია, კრივის მსოფლიო ასოციაცია, კრივის მსოფლიო საბჭო. ამათთან კრივის მსოფლიო კავშირი ვერ მივა - იგი შედარებით გვიან, 1990 წელს, შეიქმნა, თავის შეჯიბრებებს აწყობს, გამარჯვებულებს კი მსოფლიო ჩემპიონებად აცხადებს. შარშანდელი 21 დეკემბრიდან მოყოლებული, ამ ტიტულს კანდელაკი ფლობს, თუმცა ნამდვილ ჩემპიონობამდე შორი და მეტად რთული გზის გავლა მოუწევს. როგორც ჩანს, ვარიანელ მოკრივეს სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს: “ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და მალე უფრო პრესტიჟული ვერსიით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩავებმები. ალბათ, ეს იქნება კრივის მსოფლიო ორგანიზაციის პირველობა. ამ ტიტულისთვის სხვადასხვა წლებში ერთმანეთს ეცილებოდნენ: ფორმენი, ჰოლიფილდი, ტაისონი და სხვა სახელოვანი მოკრივეები. დღეს საუკეთესოა უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო. რაკი მეტის პრეტენზია მაქვს, იქნებ კლიჩკოსაც და უფრო ძლიერებსაც გავუმკლავდე.”
ვიდრე კანდელაკი პროფესიული კრივის უფრო მაღალ მწვერვალებს შეეჭიდება, მოყვარულ სპორტსმენებს – საქართველოს ოლიმპიური ნაკრების კანდიდატებს – არანაკლებ საპასუხისმგებლო გამოცდა ელით. წლევანდელ დიდ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვება ხომ, იმავდროულად, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას ნიშნავს. ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრება თებერვლის პირველ რიცხვებში თბილისში გაიმართება. ვგულისხმობ ძიუდოისტთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს, რომელსაც ევროპის ძიუდოს ფედერაციამ შარშან დაუბრუნა სალიცენზიო სტატუსი. უკვე გარკვეულია, რომ თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვლენ: იაპონიის, საფრანგეთის, რუსეთის, ესპანეთის, საბერძნეთისა და თურქეთის ნაკრები გუნდები. ორგანიზატორთა ვარაუდით, თბილისს ესტუმრება 40-მდე ქვეყნის სპორტული დელეგაცია. უცხოელ ინვესტორთა მეშვეობით უკვე გადაუწყვეტიათ სპორტის სასახლის გათბობის პრობლემაც, საქართველოს ნაკრების საწვრთნელ შეკრებას კი სპორტის დეპარტამენტი და ოლიმპიური ფონდი დააფინანსებს. როგორც საქართველოს ეროვნული კომიტეტის სესიაზე გამოცხადდა, ფონდის წლევანდელი ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა და მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხის 80 პროცენტი სწორედ ქვეყნის ნაკრები გუნდების წვრთნას და შეჯიბრებებზე მივლინებას, მომავალ ოლიმპიელთა და მათ მწვრთნელთა ხელფასებს მოხმარდება. საქმე იქითკენ მიდის, რომ ქართული სპორტის ფინანსურ მხარდამჭერთა რიგებს რუსეთში მოღვაწე და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მოსურნე კიდევ ერთი ცნობილი ბიზნესმენი ანზორ კიკალიშვილი შეემატა. თბილისში ინკოგნიტოდ ჩამოსული მოსკოველი მილიონერი ქართველ პარტნიორებს შეხვედრია და პირველი მოლაპარაკებებიც გაუმართავს. რუსული მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციას ადასტურებს სპორტსაზოგადოება “დინამოს” თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ივანიშვილი. მისი თქმით, ბატონ ანზორს სულითა და გულით სურს ხელი შეუწყოს ქართული სპორტის განვითარებას და ამ საქმისთვის ფული არ ენანება. მოსკოვიდან შარშანწინ დაბრუნებული ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დაუმეგობრდა და ოლიმპიური პროექტების დასაფინანსებლად უკვე 2 მილიონამდე ლარი გაიღო. ვარაუდობენ, რომ ანზორ კიკალიშვილისა და მისი კომპანიის “21-ე საუკუნის” მილიონები სპორტული კომპლექსების მშენებლობას და ფეხბურთს მოხმარდება. ამასობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომის მორიგ სხდომას იწვევს და ახალი საფეხბურთო სეზონის გეგმებზე მსჯელობს. მთავარი, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებია. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე აცხადებს, რომ სამივე საშინაო შეხვედრაში მისი გუნდი მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებს. ჩივაძის თანაშემწე, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა უკვე მილოცვებს იღებს: ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი 5 იანვარს 60 წლისა გახდა.
XS
SM
MD
LG