Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა


საახალწლო ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა,

რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული ადამიანები პოლიტიკოსები და ესტრადის ვარსკვლავები არიან. ახალი წლის დადგომამდე ორი საათით ადრე საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ თითქოს სცადა კიდეც, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, ეთერი დაეთმო “ჩვეულებრივი ადამიანებისთვის” – პურის მცხობლებისთვის, პოლიციელებისთვის, კახელი, გურული, მეგრელი გლეხებისთვის. მაგრამ ეს პროექტი უსაშველოდ ყალბი აღმოჩნდა: არ გამოდის იმპროვიზაციის თამაში “მონტაჟურ” გადაცემაში, რომელსაც ვიდეოფილმის პრეტენზია აქვს. მით უმეტეს, რომ მაყურებელს სულ სხვა ხალხის ხილვა აინტერესებს ეკრანზე – იმ ადამიანებისა, რომელთა პოპულარიზაციაში, სხვათა შორის, ლომის წილი სწორედ ტელევიზიას მიუძღვის. როგორც ჩანს, გასული წლის მიწურულს პოლიტიკოსებისა და ესტრადის ვარსკვლავების “ტანდემის” საიდუმლოს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ჩასწვდა: მან ჩვილ ბავშვთა სახლი ეროვნული შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად ინახულა. ესტრადის ვარსკვლავები გამოტყდნენ, რომ ჩვილ ბავშვთა სახლს ისინი ცეკვა-სიმღერით ვერ მოხიბლავდნენ. როგორც კომპოზიტორმა ნიკა მემარნიშვილმა აღნიშნა:
[ნიკა მემარნიშვილის ხმა] “მე ვიკითხე დღეს, დავუკრავ-მეთქი? მერე მითხრეს, 0-დან 3 წლამდე ბავშვები არიანო, და გადავიფიქრეთ.”

ჩვილ ბავშვებს რომ არ ესმოდათ, ვინ გამოეცხადათ თოვლის პაპის როლში, საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”სამწუხაროდ, ყველას არ ესმის, რას ვლაპარაკობ, მაგრამ ჩაიწერთ, ალბათ, და ერთი ხუთი, ექვსი წლის შემდეგ მოასმენინებთ.”

რა იქნება 5-6 წლის შემდეგ საქართველოში, არავინ იცის. პრეზიდენტი რომ სხვა გვეყოლება – ეს ფაქტია... ხოლო მოუსმენს თუ არა საქართველო 5-6 წლის შემდეგ ესტრადის დღევანდელ ვარსკვლავებს – ამის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია. ჯერჯერობით პრეზიდენტსაც, აჩი მეფარიძესაც და ლელა წურწუმიასაც ერთნაირად ესხდნენ კალთაში ბავშვები 0-დან 3 წლამდე.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა]: “თქვენ ცნობილი ხალხი ხართ საქართველოში. კარგია, რომ აქა ხართ ახლა, ამ ბავშვებთან ერთად, და მათთან ერთად იზიარებთ მათ სიხარულს...ახალი წლის ღამეს ყველა ჩვენგანი ოჯახში უნდა შეხვდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მოვალეობად ჩავთვალეთ.”

“ახალი წლის ღამეს სახლში უნდა შევხვდეთო,” – მიმართა პრეზიდენტმა ესტრადის ვარსკვლავებს 31 დეკემბერს, 22 საათზე. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა მოისმინოს პრეზიდენტის საახალწლო მიმართვა და ე.ი. უყუროს სახელმწიფო ტელევიზიას. მაგრამ ესტრადის ვარსკვლავებმა პრეზიდენტის წინადადება არ გაითვალისწინეს და რესპუბლიკის მოედანზე გაემართნენ, სადაც ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა “არტ-იმედის”, ანუ თავისი მომავალი კონკურენტის, ვარსკვლავები საახალწლო პროექტში ჩართო, თბილისელებს კი, პირველად საქართველოში, ახალი წლის შეხვედრა ქუჩაში, რესპუბლიკის მოედანზე, შესთავაზა.

[ხმა] “ფიფქები ცვივა, გამოდით, ახალი წელია!”

მოუწოდებდა დუტა სხირტლაძე მაყურებელს. ფიფქები იმ ღამეს არ ცვიოდა. ხალხი კი მართლა გამოვიდა ქუჩაში ცოცხალი ესტრადის ვარსკვლავების სანახავად და მოსასმენად. თავად ეს საახალწლო შოუ დიდად არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც უკვე ვიხილეთ, ვთქვათ, მერაბ სეფაშვილისა თუ ლელა წურწუმიას კონცერტებზე: ისევ კორდებალეტი - რომლის წევრები რატომღაც “გრილად” იყვნენ გამოწყობილები მაშინ, როცა სოლისტებს ისე თბილად ეცვათ, თითქოს წითელ მოედანზე მღეროდნენ - და, რაც მთავარია, ისევ ის მომღერლები, რომელთაც მთელი წლის მანძილზე დაპყრობილი ჰქონდათ ქართული ტელეეთერი. შესრულების განსაკუთრებულ ხარისხს მათგან პუბლიკა, როგორც ჩანს, არც მოითხოვდა – ყოველ შემთხვევაში, არასახელისუფლო ტელევიზიამ მიზანს მიაღწია: პირველ არხს წაართვა მაყურებელი, სხვათა შორის, იმ ესტრადის ვარსკვლავების სანახავადაც, რომლებმაც სახელისუფლო არხის საახალწლო გადაცემაში კი იმღერეს, მაგრამ ფიზიკურად იმ დროს კონსტიტუციის მოედანზე იმყოფებოდნენ. “ღია ეთერი” კი, მოგეხსენებათ, ყოველთვის ეფექტურია. სულ ტყუილად გვარწმუნებდნენ ახალი წლის ღამეს სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში გურამ საღარაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი, ხალხს რაც მოსწონს, იმას ვმღერით ახლაო. ხალხი სწორედ იმ გოგო-ბიჭების მოსასმენად გაემართა, ვისზეც ქილიკობდნენ პოეტი და მსახიობი:

[ჯანსუღ ჩარკვიანის და გურამ საღარაძის ხმა] “ხალხს რაც მოსწონს, იმას ვმღერით ხმამაღლა.”

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ თუ საახალწლოდ მაყურებელს მართლა არ სურდა საეჭვოდ გამოწყობილი გოგო-ბიჭების ხილვა, მას შეეძლო გადაერთო თავისი ტელევიზორი, დავუშვათ, ტელეკომპანია “აჭარის” არხზე, რომელიც, აი, ასეთი პათოსით, ასეთი ტექსტებით ხვდებოდა ახალ წელს:
[ხმა. ბათუმი] “ხელოვნების ენა აერთიანებდა ჩვენს გულისცემას.”

ტრადიციულად, ტელეკომპანია “აჭარამ” ვერ დამალა რუსული ენის სიყვარული და ახალი წლის ღამე რუსულენოვან მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, რუს არტისტებს დაუთმო. იმ საღამოს ეს ხალხი, აი, ასე ხუმრობდა:
[ხმა. ბათუმი] [თარგმანი] “არსებობს კერძები, რომელიც საერთაშორისო ეტალონად ითვლება: ქართული მწვადი, უკრაინული ბორშჩი და, მაგალითად, რუსული არაყი. დაე, საახალწლო მაგიდაზე საუკეთესო სასმელ-საჭმელი ვიხილოთ. ჩვენი მეგობრობის აღსანიშნავად, დავლიოთ ქართული ღვინო, რუსული არაყი, მივირთვათ ქართული მწვადი და დილით კარგი უკრაინული ბორშით დავაგვირგვინოთ.”

ჩვენი სატელევიზიო არხები ყოველი ახალი წლის დადგომის წინ სიურპრიზებს გვპირდებიან ხოლმე და მოსახლეობა, უბრალოდ, იძულებულია, დაიჯეროს, რომ ეს, მართლაც, ასე იქნება. პირადად ჩემთვის იმ ღამეს ერთადერთი მოულოდნელობა – გელა ჩარკვიანი იყო, რომელმაც ბევრად უკეთ იმღერა, ვიდრე ჩვენი ესტრადის ყველა "დივამ" ერთად.
[ხმა. გელა ჩარკვიანი]

სიმღერას კი, აი, ასეთი სიტყვები დაუმატა:
[გელა ჩარკვიანის ხმა] “კანონიერად, უკვე ოფიციალურად, ევროსაბჭოურად, ჩვენ ვართ ევროპელები”.

“ევროჯორჯია” – ხუმრობდა იმ ღამეს მომღერალი, რომლის მიმართ ისევ გულგრილია ეროვნული შოუბიზნესი, ზუმბა... იგი ქილიკობდა კოლეგებზე, რომლებიც, პარალელურად, სხვა არხებზე, მოედანზე და სტუდიებში ფონოგრამაზე მღეროდნენ. მაგრამ მას საახალწლოდ მხოლოდ ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” მაყურებელი ხედავდა.

[ზუმბას ხმა] “ვაშლის გამყიდველმა ფონოგრამის სიმღერა დაიწყო... “ევრო-ჯორჯია.”

ტელეკომპანია “პირველ სტერეომ” და სტუდია “მაესტრომ” გააკეთა ის, რაც მის მაყურებელს უნდოდა და არ მოისურვა გრანდიოზულობის თამაში. მართალია, ეროვნული შოუბიზნესის ვარსკვლავებმა ამ არხის გადაცემებშიც შემოაღწიეს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა მხოლოდ აქ, თინეიჯერებისთვის განკუთვნილ არხზე შეიძლებოდა. ძალიან საინტერესოა, რომ არხის მაყურებელმა წლის საუკეთესო სიმღერად დაასახელა არა ის შლიაგერები, რაც საახალწლოდ უხვად მოვისმინეთ სხვა არხებზე, არამედ “ჰიპ-ჰოპი”, რომელსაც ანსამბლი “ძებნილები და ჯერონიმო” ასრულებენ.
[მუსიკა. “ძებნილები და ჯერონიმო,” “ჰიპ-ჰოპი”]

“მე ვუსმენ ჰიპ-ჰოპს და არ ვუყურებ სხვას”... ამბობენ ქართველი თინეიჯერების საყვარელი მომღერლები. 5-6 წლის შემდეგ სწორედ ამ ადამიანებმა უნდა შექმნან ამინდი ქართულ პოლიტიკაში და კულტურაშიც. ე.ი. 5-6 წლის შემდეგ, შესაძლოა, სხვანაირად ვიზეიმოთ ახალი წელი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG