Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირა საღამოს თელ-ავივში თითქმის ერთდროულად ორი აფეთქება გაისმა. ორმა ახალგაზრდა პალესტინელმა თავი აიფეთქა. მათთან ერთად დაიღუპა 23 ადამიანი. ასზე მეტი დაშავდა.

პირველი ტერორისტი ავტობუსის გაჩერებასთან მივიდა; მეორე, ასიოდე მეტრის მოშორებით, ვალუტის გამცვლელ პუნქტთან იდგა. ორივე ეს ადგილი კვირას საღამოს ხალხით არის სავსე.

პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის პალესტინელთა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ - "ალ აქსას მარტვილთა ბრიგადებმა" იკისრა.

მაშველი რაზმის მუშაკების თქმით, ორივე ბომბი უჩვეულოდ დიდი სიძლიერისა იყო. ამას მოწმობს დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი, თუმცა აფექება ღია ცისქვეშ მოხდა და ის, რომ სხეულის ნაწილები დიდ მანძილზე იქნა გაფანტული. ამაზე მძიმე ტერორისტული აქტი გასულ მარტში, ქალაქ ნეთანიის სასტუმროში, პესახის დღესაწაულზე მოხდა. მაშინ 29 ადამიანი დაიღუპა.

კვირა საღამოს აფეთქებების შემდეგ ისრაელის არმიამ უმალვე დაიწყო შურისგების ოპერაციები.

21 ნოემბრის შემდეგ, როცა იერუსალიმში ავტობუსის აფექებას 11 ადამიანი შეეწირა, ეს არის პირველი თვითმკვლელური ტერორისტული აქტი და ის აჩვენებს, რომ ეგვიპტის მიერ ამას წინათ დაწყებულ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია, ხელი ააღებინოს ტერორისტულ საქმიანობაზე პალესტინელთა ექსტრემისტულ ჯგუფებს, მხოლოდ მცირეხნიანი ეფექტი ჰქონდა.

მაგრამ, ისრაელის ოფიციალური პირების აზრით, ტერორისტული აქტების რიცხვის ბოლოდროინდელი შემცირება, ისრაელის მიერ გატარებული პრევენციული ზომების შედეგია.

ისრაელის არმიის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა რუთ იარონმა თქვა, რომ მხოლოდ დეკემბერში 150-ზე მეტი ტერორისტული აქტის მცდელობა გამოაშკარავდა.

ამავე დროს, ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ ოპერაციებში რამდენიმე პალესტინელი იქნა მოკლული.

"ალ აქსას მარტვილთა ბრიგადებმა" განაცხადა, რომ ტერორისტები იყნენ 19 და 20 წლის ახალგაზრდები ქალაქ ნაბლუსიდან. და რომ ეს აქტი იყო შურისგება პალესტინელთა სახლების დანგრევისთვის.

"ალ აქსას მარტილთა ბრიგადები" უკავშირდება პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის "ფათაჰის" ფრაქციას, თუმცა დანამდვილებით არ არის ცნობილი, რამდენად აკონტროლებს ფრაქცია ამ ჯგუფს.

კვირა საღამოს არაფატმა უჩვეულოდ მკაცრად გააკრიტიკა ტერორიტული აქტი და მოუწოდა უცხოელებს, დაეხმარონ პალესტინლებს რადიკალური ელემენტების მოთოკვაში.

უბანში, სადაც კვირის აფეთქებები მოხდა, ცხოვრობს ბევრი უცხოელი მუშა - ფილიპინელები, რუმინელები, დასავლეთაფრიკელები. ბევრი მათგანი ისრაელში არალეგალურად იმყოფება. შესაძლოა ისინი ერიდებიან პირველი დახმარებისთვის საავადმყოფოებში მისვლას, დეპორტაციის შიშით. ამის გათვალისწინებით, ისრაელის რადიოში გადაიცა განცხადება ინგლისურად და სხვა უცხო ენებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ წინააღმდეგ არ იქნება მიღებული არავითარი დამსჯელი ზომა, თუ ისინი სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის მიმართავენ.
XS
SM
MD
LG