Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოსალოდნელი გადაადგილებები 2003 წლის ყველაზე პოპულარულ თემად იქცევა, რაც საპარლამენტო არჩევნების წელს სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი.

გასაკვირი უფრო ის მოულოდნელი პარტნიორობა შეიძლება აღმოჩნდეს, საარჩევნო წელს რომ მრავლად გაფორმდება საარჩევნო ბარიერის დაძლევის მიზნით. 2003 წელს საქართველოში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ პოლიტიკა - შესაძლებლობის ხელოვნებაა, რაც სულ ცოტა ხნის წინანდელ შეურიგებელ ოპონენტებს კეთილ პარტნიორებად აქცევს.

2003 წლის არჩევნები ყველაზე რთული ე.წ. სახელისუფლებო პარტიებისთვის აღმოჩნდება. ფაქტია, რომ მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობიდან წასვლის მიუხედავად, პრეზიდენტ შევარდნაძისთვის მეტად მნიშვნელოვან ამოცანად რჩება პარლამენტში მისი პოლიტიკის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების არსებობა. ჯერჯერობით პრეზიდენტი კვლავ თავის ყოფილ პარტიაზე დებს ფსონს. მით უფრო, რომ მოქალაქეთა კავშირიდან ახალგაზრდა რეფორმატორების წასვლის შემდეგ მისთვისაც და პარტიისთვისაც გაადვილდება ურთიერთობის დამყარება-აღდგენა იმ ძალებთან, ვინც პრეზიდენტის ოპოზიციაში სწორედ რეფორმატორების გამო აღმოჩნდა. ამ მხრივ, თვალშისაცემია მოქალაქეთა კავშირის ახლანდელი თავმჯდომარისა და სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მცდელობა, დააბალანსოს ურთიერთობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერთან. 6 იანვარს თბილისში დაიწყო კონსულტაციები საქართველოსა და აჭარის ფინანსთა მინისტრებს შორის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულ პრობლემათა მოგვარების გზების მოსაძიებლად. როგორც გახსოვთ, ბოლო წლების მანძილზე აჭარისა და ცენტრის საბიუჯეტო ურთიერთობებმა ქრონიკულად მოწესრიგებული ხასიათი მიიღო. იმ საბაბით, რომ აჭარა ცენტრალური ბიუჯეტიდან კუთვნილ თანხებს ვერ იღებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უარს აცხადებს ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადმორიცხვაზე. ამ თემაზე სასაუბროდ შარშან, წლის ბოლოს, ბათუმში ცენტრალური ხელისუფლების დელეგაცია იმყოფებოდა ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით. დეკემბრის ბოლოს მიღწეული შეთანხმების თნახმად, კონსულტაციები უკვე თბილისში დაიწყო.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ ორ სახელისუფლებო პარტიას შორის ფორმალური კონფლიქტის მიზეზად სწორედ ეკონომიკური საკითხი იქცა - აჭარის მიერ თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპების მოთხოვნა მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ, მოქალაქეთა კავშირმა, განხილვის საგნადაც კი არ აქცია. არადა, 1995 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ურთიერთობა ამ ორ პარტიას შორის ისეთი თბილი იყო, რომ აღორძინების კავშირი მოქალაქეთა კავშირთან ერთად საარჩევნო ბლოკის შექმნასაც არ გამორიცხავდა. მაშინ ეს გეგმა ისევ და ისევ ახალგაზრდა რეფორმატორების აქტიური ჩარევის შედეგად ჩაიშალა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კი გამორიცხული არ არის, რამდენიმე წლის წინანდელი გეგმა მაინც აღსრულდეს - დღეს არა მხოლოდ აღორძინების კავშირს ესაჭიროება პარტნიორი, არამედ მოქალაქეთა კავშირსაც, რომელსაც, მართალია, თავს დატეხილი ცვლილებების გამო, გარკვეული პრობლემები შეექმნა, მაგრამ 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი ნამდვილად არ დაუკარგავს. აჭარელ ამომრჩეველთა ხმების მიღების შემთხვევაში კი - თუ ქვემო ქართლის ამომრჩევლების ხმებსაც გავითვალისწინებთ - მოქალაქეთა კავშირი კვლავ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში.
არჩევნების შედეგს რომ დაფინანსებაც განსაზღვრავს, არავისთვისაა უცხო. აქამდე მოქალაქეთა კავშირს, დაფინანსების თვალსაზრისით, პრობლემა არ ჰქონია. მართალია, მოქალაქეთა საარჩევნო კამპანია პომპეზური არასდროს ყოფილა, მაგრამ სხვა პარტიებისას რომ არ ჩამოუვარდებოდა - ფაქტია. აქამდე მმართველ პარტიას ქართველი მეწარმეები აფინანსებდნენ. როგორ ტაქტიკას აირჩევენ ისინი 2003 წლის არჩევნებისას, ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი თავისი პოლიტიკური არჩევანის თაობაზე არაფერს ამბობს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ ავთანდილ ჯორნებაძე აირჩიეს, ნიკო ლეკიშვილი დედაპარტიაში შეუმჩნეველია. არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს ხანში იგი თავისი ახალგაზრდა კოლეგების - ახალი მემარჯვენეების რიგებში აღმოჩნდეს, რაც ახალ მემარჯვენეებს გარკვეულ სოლიდურობას შემატებს. თავის დროზე ხომ სწორედ ნიკო ლეკიშვილის რჩევით აღმოჩნდნენ დღევანდელი მემარჯვენეები მოქალაქეთა კავშირის ახალი სახეების როლში.
რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, როგორც ჩანს, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სახეებით დიდად გამორჩეული არ იქნება. გადაადგილება-გადაჯგუფებების მიუხედავად, წელსაც ამომრჩეველს კარგად ცნობილ პოლიტიკოსთა შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
XS
SM
MD
LG