Accessibility links

logo-print

რუსეთი ხელს უწყობს ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევას


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დღეს ბევრს საუბრობენ იმ დახმარებაზე, რომელსაც რუსეთი ირანს უწევს ბირთვული პროგრამების განხორციელებაში. ეს თემა, რომელსაც რუსეთის ყოველთვიური გაზეთი “სოვერშენნო სეკრეტნოს”

პირველი ნომრის რამდენიმე წერილი ეძღვნება, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. საკამრისია ითქვას, რომ რუსეთიც და საქართველოც ანტიტერორისტული კოალიციის წევრები არიან მაშინ, როცა ირანი ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნად არის მიჩნეული. გესაუბრებით“სოვერშენნო სეკრეტნოს” პუბლიკაციების შესახებ.

გაზეთის თქმით, “ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია წარუმატებლად ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, რომ ბირთვული დახმარება შეუწყვიტოს ირანს. მაგრამ არც ლაპარაკს და არც ზეწოლას შედეგი არ მოაქვს: მოსკოვი და თეირანი უნისონში საუბრობენ მშვიდობიან ატომზე და ნამდვილად არ აპირებენ ამ სფეროში თანამშრომლობის შეჩერებას. ამერიკელებს კი ძალიან აშფოთებთ ირანის შესაძლო გადაქცევა ბირთვულ სახელმწიფოდ”.

“სოვერშენნო სეკრეტნო” აღნიშნავს, რომ შარშან გაზაფხულზე მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა იური ბალუევსკიმ განაცხადა: “დიახ, ირანს აქვს ბირთვული იარაღი. რასაკირველია, ეს არ არის სტრატეგიული იარაღი. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს არ არის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 5,5 ათას კილომეტრს აღემატება. მაგრამ, როგორც სამხედრო, ვერ ვხედავ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის მუქარას ირანის მხრიდან”.

საინტერესოა, რომ გენერალ ბალუევსკის განცხადებას მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადება, რომ “გენერალი არასწორადაა ინფორმირებული: სინამადვილეში, ირანში მოქმედებს სამშვიდობო და არა სამხედრო ბირთვული პროგრამა”.

რუსეთის სამხედრო აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმირ ბელოუსი კი ამბობს, რომ “ირანში ნამდვილად მიმდინარეობს სამუშაოები ტექნიკური და სამხედრო-ტექნიკური დანიშნულების რაკეტმზიდების შექმნაზე. მათ საფუძველს წარმოადგენს “სკადის” ტიპის რაკეტები, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეაში აწარმოებენ, და ირანული რაკეტა
“შახაბ-3”. ბელოუსის თქმით, “მომავალში, სავარაუდოდ, ეს რაკეტები ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მუხტების გადატანას შეძლებენ”. აკადემიკოსი ამბობს, რომ “ირანთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო რუსეთი დაინტერესებულია ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებით”.

ამერიკელი ექსპერტი მაიკლ ლეიდენი კი “სოვერშენნო სეკრეტნოს” ფურცლებზე აცხადებს: ”ირანი ტერორიზმის მფარველია და ის ყველაზე დიდ ტერორისტულ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონში. ამიტომ რუსეთის დახმარება ირანის ბირთვულ პროგრამაში განსაკუთრებით საშიშია. როგორც ჩანს, პრეზიდენტი პუტინი მზად არის აღიაროს ეს, ლაპარაკობს რა იმაზე, რომ რუსეთს ირანთან პრობლემები უჩნდება, ვინაიდან ირანი ბირთვულ ნარჩენებს არ აბრუნებს”.

გაზეთის მიხედვით, ირანის მთავრობას ოპერატიული კონტაქტები აქვს “ალ-ყაიდას” ქსელთან და “ეგვიპტის ისლამურ ჯიხადთან”.

“საინტერესოა, როგორ აპირებს რუსეთი, ირანში “არამეგობრული” რეჟიმის მოსვლის შემთხვევაში, მისგან იმ ტექნოლოგიების წამოღებას, რომლითაც გულუხვად დააჯილდოვა მისი “მეგობარი” წინამორბედი? ამგვარ, ასე ვთქვათ, “სათამაშოებს” უკან არავინ აბრუნებს”, -წერს “სოვერშენნო სეკრეტნო”.
XS
SM
MD
LG