Accessibility links

logo-print

საბჭოთა ეკრანებზე მიხეილ ჭიაურელის ფილმის


საბჭოთა ეკრანებზე მიხეილ ჭიაურელის ფილმის

“გიორგი სააკაძის” პირველი სერია 1942 წლის მიწურულს გამოვიდა. პრემიერამდე ერთი დღით ადრე გაზეთმა “პრავდამ” სურათს ქება-დიდებით აღსავსე რეცენზია მიუძღვნა. “ფილმი ამდიდრებს საბჭოთა ხალხის უშიშარი გმირების გალერეასო”, – ამტკიცებდა კომუნისტური პარტიის მთავარი ორგანოს რეცენზენტი. რა ჰქონდა საერთო მეჩვიდმეტე საუკუნის ქართველ მხედართმთავარს “საბჭოთა ხალხის უშიშარ გმირებთან”? რატომ წერდა “პრავდა” “ფილმი მაყურებელში სამშობლოს მხურვალე სიყვარულს განამტკიცებსო”?.. რომელ “სამშობლოს” გულისხმობდა ლენინური “პრავდა”? მიხეილ ჭიაურელის ფილმის იუბილეს ვუძღვნით ჩვენს დღევანდელ და მომდევნო “ოქროს საუკუნეს”.


ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი 6 წლის იყო, როცა მიხეილ ჭიაურელმა პატარა პაატას როლზე აიყვანა ფილმში “გიორგი სააკაძე”. სურათის გადაღება ომის პირველ წლებს დაემთხვა. ამიტომ ქართველი მხედართმთავრის ცხოვრების ამსახველი მონუმენტურ-ეპიკური დრამა ხალხმა ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსვლამდე ეპოქის კონტექსტში გაიაზრა. თვით ფილმის გადაღების პროცესიც კი ფრონტის წინა ხაზის იმიტაციას ჰგავდა. იმ დროს, როცა არ იყო დაწყებული ძირეული გარდატეხა ომის მსვლელობაში და მთელ ფრონტზე ვითარება უაღრესად დაიძაბა, როცა გერმანიის ჯარი ქერჩსა და სევასტოპოლში გამარჯვებას ზეიმობდა, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ომი კინოსტუდია “ქართული ფილმის” პავილიონებში გააჩაღეს. ჭიაურელმა ამ ომში, ფაქტობრივად, ყველა ის მსახიობი ჩართო, რომელიც ქართველ ხალხს უყვარდა და აფასებდა: აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე და სხვები. მონუმენტურ-დამთრგუნველი გარემო, რომელიც ფილმის ოპერატორმა, მხატვრებმა შექმნეს, აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავდა იმ განწყობილებას, რომლითაც იმხანად ქვეყანა ცხოვრობდა. საოცარია, მაგრამ სწორედ ეს სახე აღიბეჭდა 6 წლის ბავშვის ცნობიერებაშიც. მერაბ კოკოჩაშვილის თქმით [მერაბ კოკოჩაშვილის ხმა]: “პირველი, რაც მე მახსოვს, მითხრეს, ხმალი უნდა გიჩვენოთ, ჩექმებიო. მე მოვიხიბლე – ხუთი წლის ვიყავი, ბუნებრივია, წავედი. მართლა შემიკერეს, ჩამაცვეს – ძალიან მომწონდა ჩემი თავი. მერე გავიგე, რომ ყველაფერი არც ისე მარტივი ყოფილა. თუმცა ვთამაშობდი, ვერთობოდი, ბუნებრივია. ორი რამ არ მომწონდა, რომ იყო დამწვარი თმის სუნი – ყველას ხომ ულვაშებს უკეთებდნენ. ეს დიდი პავილიონი, სადაც გადაღება მიმდინარეობდა, სწორედ საგრიმიოროს შენობაში იყო... და დღესაც უკურეაქცია მაქვს კინოსთან, როცა ეს შეგრძნება მაქვს. მეორე, გავიგე, რომ თავი უნდა მომჭრან... როგორც კი პავილიონში, სადაც დიღმელოვის განათება იყო, -ბინდბუნდი იყო, - ამიყვანდნენ, ველოდებოდი, რომ თავი უნდა მომჭრან”.

დამწვარი თმის სუნი და თავის მოჭრის საფრთხე... თუკი “გიორგი სააკაძის” გადასაღები მოედანი ბავშვში აღძრავდა ამ შიშს, რატომ არ უნდა ეგრძნო იგივე მაყურებელს, ხალხს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მონელებული 37 წელი, რომელსაც ახლა უკვე არა აგენტებისა და მავნებლების, არამედ გარეშე მტრის ეშინოდა. გერმანელები საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრებს უახლოვდებოდნენ.

“გიორგი სააკაძეში” ჭიაურელმა, შეიძლება ითქვას, მაყურებელში “შიშით შიშის მოხსნა” გადაწყვიტა. ფილმის დამთრგუნველი სახვითი გადაწყვეტა, მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ეპიზოდები, ხალხური ზღაპრებისა და სასიმღერო ფოლკლორის, საეკლესო გალობის, ანდრია ბალანჩივაძის მუსიკის, თამარ აბაკელიას კოსტიუმების ნაზავი ქმნიდა არა იმდენად სოცრეალისტურ, რამდენადაც სიურრეალისტურ-მონუმენტურ სახეს, რასაც მერაბ კოკოჩაშვილის ნაამბობიც ადასტურებს
[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა]: “ძალიან შევშინდი, როცა… – ასისტენტს აგზავნიდა ხოლმე ჭიაურელი ჩემთან. ასისტენტი კი ქონდრისკაცი იყო და, მახსოვს, გადაღებაზე არ მინდოდა წასვლა. საწოლის ქვეშ შევძვერი. ეს ასისტენტი მოვიდა, გაიღო ჩვენი ბინის კარი და, მახსოვს, არც კი დაკუზულა, ისე მიყურებდა ქონდრისკაცი, როცა ლოგინის ქვეშ ვიყავი დამალული”.

სწორედ იმხანად, როცა ჭიაურელმა “გიორგი სააკაძის” პირველი სერია დაასრულა, ახალი ფილმის გადაღება, ისევ ისტორიულ თემაზე, ალმა-ათის კინოსტუდიაში (“მოსფილმი” ომის პირველ წლებში ევაკუაციაში მოხვდა) სერგეი ეიზენშტეინმა დაიწყო. ეიზენშტეინის მონუმენტური პანო “ივანე მრისხანე” ასევე არ უპასუხებდა სოცრეალიზმის მოთხოვნებს და, “გიორგი სააკაძის” მსგავსად, უფრო ჰგავდა სიურრეალისტურ ფანტაზიას ისტორიის თემაზე. იგივე შეიძლება ითქვას ეიზენშტეინის წინა ფილმზე “ალექსანდრე ნეველი”, რომელიც ძალიან უყვარდა ჭიაურელს. “ნეველში”, შემდეგ კი “ივანე მრისხანეში”, გაერთიანდა რუსული მართლმადიდებლური ხელოვნების, კერძოდ კი, ხატწერის ტრადიციები და სტალინური ბაროკო. “ლამაზი” აქ გაგებულია როგორც ფართო და უსაზღვრო, სიძლიერე კი დაკავშირებულია უსაზღვროებასთან - როცა არ არსებობს საზღვარი, რადგანაც ის სულ იზრდება და იზრდება. მოგვიანებით ეიზენშტეინის ბიოგრაფი დომინიკ ფერნანდესი იტყვის, რომ დიდმა რეჟისორმა კარგად გაიაზრა რუსული მართლმადიდებლური კულტურისთვის ჩვეული “ძლიერი ღმერთის” ფენომენი, როცა მორწმუნისთვის ღმერთის შიში, და არა ჭეშმარიტების შეცნობის სურვილი, განსაზღვრავს რელიგიურობას. ანტიკური ტრადიციების უქონლობამ, აღორძინების ესთეტიკისადმი მტრულმა დამოკიდებულებამ, ხელი შეუწყო რუსული მართლმადიდებლური კულტურის ამ მხატვრული სახის ჩამოყალიბებას: “ღმერთი უნდა იყოს უზარმაზარი და უნდა შეგაშინოს კიდეც”. სტალინის ნაციონალური პოლიტიკის წყალობით, ეს სახე სხვა ხალხის ცნობიერებაში შეიჭრა - მათ შორის, ქართველთა ცნობიერებაშიც. ეროვნული კულტურა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წინააღმდეგობას უწევდა ადამიანის დამთრგუნველ სახეებსა და მასშტაბებს, რუსული კულტურის არეალში მოექცა. ჭიაურელი ამ პროცესის დამაგვირგვინებელი იყო კინოში. ქართული ხელოვნების ფორმები “გიორგი სააკაძეში” მხოლოდ ორნამენტის როლში მოგვევლინა - “ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური”, უფრო სწორად, “ფორმით ეროვნული და შინაარსით რუსული” დამთრგუნველი სახეებით.
[ფილმის ხმა]

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა]: “ჩემი შვილიშვილი როცა გაჩნდა, -პირველი, უფროსი, ის ძალიან მგავდა იმ ასაკში მე, - აი, მაშინ ღიმილით ვუყურებდი ამ პერსონაჟს: როდის გავიგე, რომ თავი უნდა მოეკვეთათ. მე პატარა ვიყავი და ჭიაურელმა გადაწყვიტა, რომ უნდა გადამიღოს მე. მაგრამ, ასაკის მიხედვით, თავს კვეთდნენ 12 წლის ასაკში. ამიტომ ფეხსაცმელზე ქუსლები გამიკეთეს, რომ ვითომ დიდი უნდა ვყოფილიყავი. ეს ვერ გამოვიდა, მაგრამ ამასობაში ხომ მოკვეთილ თავს უგზავნიდნენ გიორგი სააკაძეს – მე დამსვეს და აქანდაკებდნენ იმ თავს, რომელიც უნდა ჩაედოთ იმ ყუთში. მაშინ გავიგე, რომ თავი უნდა მოეჭრათ. ჩემი პირველი შეგრძნებები იყო კოშმარი”.

“გიორგი სააკაძე” არ ჰგავდა მხოლოდ “ალექსანდრე ნეველს” ან “ივანე მრისხანეს”. 1936 წლიდან საბჭოთა კინემატოგრაფისტებმა აქტიურად დაიწყეს ისტორიული გმირების რეკონსტრუქცია საბჭოთა ისტორიკოსებთან უშუალო თანამშრომლობით. დიმიტრი პოჟარსკი, სუვოროვი, კუტუზოვი... დადებითი ისტორიული გმირები მაგალითს იძლეოდნენ შინაურ თუ გარე მტერთან ბრძოლაში. თუმცა ყველა მათგანში აუცილებლად უნდა გამოხატულიყო რაღაც სისუსტე, მათ აუცილებლად უნდა დაეშვათ შეცდომა, დიდი ტკივილის ფასად უნდა გაეკეთებინათ არჩევანი. ეს იყო სტალინის ეპოქის კინემატოგრაფიულ ესთეტიკაში დაუწერელი კანონი, რომელიც, ცოტა არ იყოს, ბიბლიურ მცნებას ჰგავდა; “ნუ შეიქმნი კერპს”, ოღონდ ამ მცნების “გადმოტრიალებულ” ვარიანტს: “ნუ შეიქმნი კერპს, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, იოსებ სტალინი”.

ბალანსის დაცვა აქ ძალიან ძნელი იყო. ეიზენშტეინმა ამ “პროპორციას” მხოლოდ “ივანე მრისხანეს” პირველ სერიაში მიაგნო და სტალინის აღფრთოვანება დაიმსახურა, მაგრამ მეორე სერიაში “ნერვებმა” თუ “სინდისმა” უღალატა და ამას შეეწირა კიდეც. მიხეილ ჭიაურელმა ეპოქის მოთხოვნა უკეთ იგრძნო. “გიორგი სააკაძე” ზუსტად ის ფილმი იყო, რომელზედაც ოცნებობდა სტალინი. და რომელიც სწორედ იმხანად სჭირდებოდა. მერაბ კოკოჩაშვილის თქმით:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “მან ხომ მთელი სისტემა შექმნა ამ ფილმების. 37 წლიდან იგი ემზადებოდა ამისთვის. არ ვიცი, ემზადებოდა, რომ თვითონ დაერტყა თუ რა... როგორც ამბობენ, მოულოდნელი იყო მისთვის ჰიტლერის თავდასხმა... მაგრამ იდეოლოგიურად რომ ამზადებდა ქვეყანას, ეს ფაქტია...”

“ივანე მრისხანესგან” განსხვავებით, “გიორგი სააკაძის” ორივე სერია სტალინის პრემიით აღინიშნა. თუმცა პირველი – ეკრანებზე გამოსვლისთანავე, მეორე კი მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ – 1946 წელს. მაყურებელს “გიორგი სააკაძე” მაშინაც უნდა გაეხსენებინა, როცა ქვეყანა უკვე გამარჯვებას ზეიმობდა... და არა მარტო საბჭოთა მაყურებელს.
XS
SM
MD
LG