Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნები მოულოდნელი შედეგით დასრულდა


ლიტვაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნები მოეწყო. არავინ ელოდა, რომ შეიძლებოდა ამ ქვეყნის პოლიტიკური კურსი პრინციპულად შეცვლილიყო, მაგრამ ქვეყნის მეთაურის სადავე მაინც იმ კაცის ხელში აღმოჩნდა,

რომელსაც ერთხმად წარმატებას არ უწინასწარმეტყველებდნენ. თებერვლის 26 რიცხვიდან ბალტიისპირეთის ამ სახელმწიფოს მართვას შეუდგება როლანდას პაკსასი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. 46 წლის პაკსასი პროფესიით მშენებელი ინჟინერია. ის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში წარმატებით იყენებდა თავის ჰობის თუ მეორე პროფესიას - ფრენას: შვეულმფრენებითა და მოტოციკლეტებით აწყობდა ეფექტურ სანახაობებს, ხალხს მათთვის გასაგები ლოზუნგებით მიმართავდა, პენსიებს ჰპირდებოდა მოხუცებს და, საერთოდ, მოსახლეობას სოციალური პირობების გაუმჯობესების სიტყვიერ გარანტიებს აძლევდა. ამ არჩევნებში პაკსასი კონკურენტი იყო მოქმედი პრეზიდენტის ვალდას ადამკუსისა. 76 წლის ადამკუსის ავტორიტეტი განსაკუთრებით დიდი იყო ქალაქებში, სამრეწველო არეალებში. მის დიპლომატიურ და პოლიტიკურ წარმატებას მიეკუთვნება ევროპის კავშირსა და ნატოში ლიტვის მომავალი გაწევრიანება. კომენტატორების თანახმად, პაკსასმა პროვინცია, სოფლის მეურნეობაში დაკავებული ხალხი მიიმხრო - ისინი, ვისთვისაც, ალბათ, სულერთია ევროპის კავშირი და ნატო: მათ დღეს სურთ კარგი ცხოვრება. პაკსასი კი მათ ერთობ მომგებიანი ლოზუნგით მიმართავდა: “მაფიისა და ბიუროკრატიის დიქტატურის წინააღმდეგ, ძლიერი და თავისუფალი მოქალაქეების მხარეს” - ეს იყო მთავარი ლოზუნგი, რომლის განხორციელება, ალბათ, არცთუ იოლია, მაგრამ ჩანს, ღრმად ჩამწვდომია არსით. თვითონ პაკსასმა გამარჯვების შემდეგ თავშეკავებული, მაგრამ ერთობ ცხადი ახსნა მოუძებნა თავისი ჯგუფის წარმატებას: მე ჩემი ქვეყნის პრობლემებში გავერკვიეო, განაცხადა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც გამარჯვებას ემოციის გარეშე შეხვდა და, ოდნავ მოსვა რა გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოსხმული შამპანური, თქვა: ახლა ჩვენ ჩვენს პროგრამას განვახორციელებთო. პრობლემებში რომ გარკვეულია ლიტვის მომავალი პრეზიდენტი, ლოგიკურია: ის ორჯერ იყო პრემიერის თანამდებობაზე და ერთხანს ვილნიუსის მერიც გახლდათ. პაკსასი საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის და განაგრძობს თავისი სამშობლოს დასავლეთში ინტეგრაციის გზას, მაგრამ საშინაო ვითარებაზე კი ზემოქმედებას აპირებს. როგორც მის მომხრე პოლიტიკურ მიმომხილველებს არაერთხელ აღუნიშნავთ, ადამკუსის ხელისუფლება ვეღარ ხედავდა ლიტვის პრობლემებს. საერთაშორისო პრობლემატიკა, მათი აზრით, ხალხს არ აინტერესებდა. სოფლებსა და პატარა ქალაქებში მასწავლებლების ნაკლებობაა, ექიმები მხოლოდ კარგ საფასურად მუშაობენ, ტრადიციული სოფლის მეურნეობით ოჯახი ძლივსღა ახერხებს საკუთარი თავის გამოკვებას. ისე, რომ პაკსასის გამრჯვება, მიმომხილველთა რწმენით, პროტესტზე დამყარებული გამარჯვებაა.
ადამკუსის მომხრეები, რომლებიც გამარჯვებულს მემარჯვენე პოპულისტად ნათლავდნენ, არჩევნებში თავიანთ წარუმატებლობას ძლიერ ყინვას აბრალებენ: ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 52 პროცენტი მივიდა საარჩევნო უბნებში კვირას. არჩევნებამდე გამოკითხვებით, ადამკუსის ხმების 60 პროცენტი უნდა მიეღო, მაგრამ მიიღო მხოლოდ 45, როლანდას პაკსასს კი 55-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG