Accessibility links

logo-print

მოლაპარაკება ვაშინგტონში ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთი კორეის ოფიციალური წარმომადგენლები სამშაბათს განაგრძობდნენ კონსულტაციებს ვაშინგტონში იმის თაობაზე, თუ როგორ აიძულონ ჩრდილოეთი კორეა,

შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა. ამასობაში, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ შეერთებული შტატები ძალის გამოყენებას არ აპირებს.

გასული წლის დამლევს ფხენიანმა კვლავ აამოქმედა ატომური რეაქტორი, რომელსაც, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო კომპონენტების წარმოება შეუძლია. აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩრდილოეთი კორეა უკვე ფლობს ერთ ან ორ ბირთვულ ბომბს. ხოლო გასულ წელს ფხენიანმა აღიარა, რომ ცალკე პროგრამას ახორციელებს ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო გამდიდრებული ურანის მისაღებად.

ფხენიანი აცხადებს, რომ იძულებულია, ბირთვული იარაღი თავდაცვის მიზნით შექმნას, ვინაიდან პრეზიდენტმა ბუშმა ჩრდილოეთი კორეა, ერაყთან და ირანთან ერთად, "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა და არ გამორიცხავს ამ ქვეყნებზე თავდასხმას.

ამჟამინდელი კრიზისის მოგვარების წინაპირობად, ჩრდილოეთმა კორეამ პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება და აშშ-თან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების დადება მოითხოვა. ვაშინგტონმა უარყო ეს მოთხოვნა და განაცხადა, რომ ამჟამინდელი კრიზისი გამოწვეულია არა აშშ-ის აგრესიული ზრახვით, არამედ იმით, რომ ჩრდილოეთმა კორეამ დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ.

თეთრ სახლში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "მე ჩავედი კორეაში და გარკვევით განვაცხადე, რომ აშშ არ აპირებს ჩრდილოეთ კორეაში ინტერვენციას. ეს ვთქვი კიმ ჩენ ირის მეზობელ სამხრეთ კორეაში, სადაც გარკვევით განვაცხადე, თავს არ დაგესხმებით-მეთქი. და მინდა ისევ გავიმეორო: ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილოეთ კორეაში ინტერვენციას."

სამხრეთმა კორეამ თხოვნით მიმართა აშშ-ს, უშიშროების გარანტია მისცეს და ნავთობის მიწოდება განუახლოს ფხენიანს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეწყვეტს ორ ბირთვულ პროგრამას, რომლებითაც საერთაშორისო შეთანხმებები ირღვევა.

ვაშინგტონში გამართული სამმხრივი მოლაპარაკების პარალელურად ვენაში ჩატარდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველი საბჭოს სხდომა, რომლის მონაწილეებმა ორშაბათს საგანგებო რეზოლუციით მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას, დააბრუნოს ქვეყანაში ამ სააგენტოს ექსპერტები.

რეზოლუციაში, რომელიც ერთხმად მოიწონა 35 ქვეყნით წარმოდგენილმა მმართველმა საბჭომ, ნათქვამია, რომ ატომური ენერგიის სააგენტოს აღარ ძალუძს იმის შემოწმება, აწარმოებს თუ არა ჩრდილოეთი კორეა ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო კომპონენტებს, რაც ატომური ენერგიის სააგენტოსა და ფხენიანს შორის დადებული შეთანხმებითაა გარანტირებული.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთი კორეა არ შეასრულებს ვენაში მიღებულ რეზოლუციას, ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს წარედგინება განსახილველად. პრესკონფერენციაზე ელ-ბარადეიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთი კორეის კრიზისი ვაშინგტონისა და ფხენიანის ურთიერთობათა ჩარჩოებს სცილდება: [მოჰამედ ელ ბარადეის ხმა] "ეს პრობლემა საერთაშორისო მნიშვნელობისაა. საქმე ეხება საერთაშორისო ვალდებულების, კერძოდ, ჩრდილოეთი კორეის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ნაკისრ ვალდებულებათა დარღევას. ვფიქრობ ჩვენმა საბჭომ გარკვევით განაცხადა, რომ ეს არ არის ორმხრივი ურთიერთობის საკითხი – ესაა მრავალმხრივი საკითხი, რომელიც თავისი მნიშვნელობით ამერიკა-ჩრდილოეთი კორეის ორმხრივ ურთიერთობათა ჩარჩოებს სცილდება."

რაც შეეხება მსგავსებას ერაყისა და ჩრდილოეთი კორეის კრიზისებს შორის, მოჰამედ ელ-ბარადეიმ თქვა, რომ ერაყი მეტ ზეწოლას განიცდის ამჟამად უშიშროების საბჭოს მხრიდან, ვინაიდან ერაყის განიარაღება გაერომ იმიტომ მოითხოვა, რომ ბაღდადმა ომი გამოუცხადა მეზობელ სახელმწიფოს.
XS
SM
MD
LG