Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალილოობა თბილისში – დღესასწაული, რომელმაც ტაძრებიდან ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა


სოზარ სუბელიანი, თბილისი [გალობა – ალილო] ბოლო წლებში ერთგვარად გაცოცხლდა ხალხური ტრადიცია და შობის დღესასწაულმა ტაძრებიდან ქუჩებშიც გადმოინაცვლა.

ტრადიციულ ალილოსთან ერთად თითქოს გარეთ გამოეფინა ის სიხარული, რაც ქრისტეშობას – ყოველი ქრისტიანისთვის უდიდეს დღესასწაულს – ახლავს. ასე მოხდა წელსაც: გარეთ გამოფენილმა მედღესასწაულეებმა ყველას შეახსენეს, რომ ქრისტეს განკაცება – ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელი ეს მოვლენა – ყველას დღესასწაულია და არა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი.

ტრადიციულად, მეალილოე გოგო-ბიჭები მხიარული გალობითა და ჟრიამულით ყველა ოჯახს ახარებდნენ ამბავს, რომელიც ისტორიულ დროსა და სივრცეში მოხდა: 2000 წლის წინ, რომის იმპერიის პერიფერიაზე, იუდეის პატარა ქალაქ ბეთლემთან, საქონლის ბაგაში დაიბადა სამყაროსა და დრო-ჟამის შემოქმედი. [ლოცვის ხმა – მაცხოვრის შობის ტროპარის ტექსტი] “შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანის-ცემაი შენი, მზეო სიმართლისაო, რომელიც აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთაით, უფალო, დიდება შენდა.”

ალილოობის ტრადიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს ადამიანებს, რომ გაუღონ სახლის კარები მხსნელს, რომელსაც საშობაო ტროპარი “სიმართლის მზეს” უწოდებს და რომელიც იძულებული გახდა, თავშესაფარი ადამიანებისგან მოშორებით, საქონლის სადგომში ეძებნა. ის, რაც მოხდა ისტორიულ დროსა და სივრცეში, კვლავ და კვლავ აღესრულება დღევანდელობაში და მედღესასწაულენიც ყველას შეახსენებენ, რომ ფართოდ გაუღონ კარი მოწყალების მთხოვნელთ, რადგან, მათი სახით, თავად უფალი სტუმრობს ყველა ოჯახს:

ორიოდე წლის წინ, როცა ალილოზე უფრო ბევრი პოლიტიკოსი და სასულიერო პირი დადიოდა, ვიდრე უბრალო მოქალაქე, ეპისკოპოსი ანდრია გვაზავა ასე განმარტავდა ამ ტრადიციის აღდგენის მნიშვნელობას: [ანდრია გვაზავას ხმა] “ეს სიხარული, ეს მადლი იქნება გატანილი გარეთ. ყველა ადამიანს შეეხება ეს მადლი, ყველასთან მივა, ყველა ტაძრის ირგვლივ ჩატარდება საშობაო ალილო. შეიძლება ადამიანმა ვერაფერი გააკეთე ამ შობის მარხვის განმავლობაში; შეიძლება ვერ იმარხულე, შეიძლება შენ შენს განწმენდაზე ვერ იზრუნე, რაღაცნაირად; შეიძლება საშობაო ღვთის დიდებისმეტყველებაში და ღვთის თაყვანისცემაში ვერ მიიღე მონაწილეობა, მაგრამ აქ კიდევ გაქვს საშუალება, რომ ეს მადლი, საშობაო მადლი, შენც მიიღო ამ შენი მცირედი ძღვენით, ამ მონაწილეობით ალილოში ან იმ საშობაო ტკბილეულის გაცემით, რომელიც შემდეგ დაურიგდება მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს.” [ალილოს გალობის ხმა]

უნდა ითქვას, რომ თბილისის ქუჩებში ალილო პირველად სწორედ მზრუნველობას მოკლებულმა ბაშვებმა დაიწყეს. ჯერ კიდევ 8 წლის წინ ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა გალობით შემოიარეს თბილისის ქუჩები და შობის დღესასწაული მიულოცეს მათთვის ძვირფას ადამიანებს: [სოზარ სუბელიანის და შორენა გეთიაშვილის ხმა]
-
“დაახლოებით რამდენ ოჯახში დადიხართ ხოლმე?”
-
“თავიდან ბევრთან დავდიოდით ხოლმე, მერე კი – შერჩევით.”
-
“უცნობი ადამიანების რეაქცია როგორი იყო პირველ წლებში?”
-
“რა ვიცი, კარგი იყო. ჯერ მოულოდნელობისგან გაკვირვებულები იყვნენ, მერე შეეჩვივნენ.”
-
“უცნობ ადამიანებს დაუპატიჟიხართ ოდესმე?”
-
“უცნობებს? როგორ არა, რამდენსაც გინდა, იმდენს. გამოდიოდნენ ხოლმე, გვეძახოდნენ, გამოჰქონდათ ხოლმე რაღაცები, გვირიგებდნენ…”

გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო. ძეგვის ბავშვებმა წელსაც ანგელოზთა საგალობლით მიულოცეს შობის დღესასწაული თბილისელ მეგობრებს, მეგობრების შემოვლა კი, ტრადიციულად, თავიანთი უფროსი მეგობრისა და მასწავლებლის, პროფესორ ზურაბ კიკნაძის სახლიდან დაიწყეს: [ბავშვების ალილოს ხმა]

“სასოებით ვისმენთ დღეს ანგელოზთა საშობაო საგალობელს”, – წერს თავის საშობაო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თუმცა, მისი თქმით, მაცხოვარი არავის აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგო არჩევანი გააკეთოს: "მშვიდობა და სათნოება მოიტანა ღვთაებრივმა ჩვილმა დედამიწაზე, – ნათქვამია ეპისტოლეში, – მაგრამ მაცხოვარი ამ მადლს იძულებით თავს არავის ახვევს. უფალი ჩვენ სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს; ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებით და ნებისყოფით გვრთავს ჩვენი გამოხსნის პროცესში. ეს არჩევანი არ არის ადამიანის მარტო ამქვეყნიური ყოფის განმსაზღვრელი, იგია არჩევანი მარადიულ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.” უწმინდესი პატრიარქის ეს მოწოდება განსაკუთრებულ ჟღერადობას სწორედ დღევანდელ საქართველოში იძენს, როცა ბევრი ადამიანისთვის ქრისტიანობად სწორედ სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა აღიქმება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG