Accessibility links

logo-print

შობის დღესასწაულთან დაკავშირებული მოსაზრებები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი მოგეხსენებათ, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, სადაც ახალ წელს 31 დეკემბრის 24 საათზე ხვდებიან, შობის დღესასწაულს ახალი წლის დადგომადე ერთი კვირით ადრე ზეიმობენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი, ისევე, როგორც რუსეთის, სერბეთისა და იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიები, ქრისტეს შობას ძველი სტილით აღნიშნავს, მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა ახალ წელს ახალი სტილით ეგებება და, თითქოს, უფრო მეტი ხალისითაც, ვიდრე ქრისტეს შობის დღესასწაულს.
ხომ არ უქმნის ამგვარი ვითარება გარკვეულ დისკომფორტს მორწმუნე ადამიანს?
ამ პრობლემატიკის გარშემო ვესაუბრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ზურაბ კიკნაძეს.

[კიკნაძის ხმა] ”პირველ რიგში, უნდა მივულოცოთ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს ეს დღესასწაული, ჩვენს თანამემამულეებს ყველგან, სადაც კი არიან და სადაც ისინი დღესასწაულობენ შობას”.

ზურაბ კიკნაძის აზრით, მორწმუნე ადამიანი საქართველოში ერთგვარ დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ ახალი წლის საერო დღესასწაული წინ უსწრებს ქრისტეს შობას. ბატონი ზურაბის თქმით,“საქმე ის არის, რომ პირველ იანვარს გრძელდება საშობაო მარხვა. ამიტომ ის პურ-მარილი, რომელიც გაშლილია საახალწლო სუფრაზე, მორწმუნეთათვის მიუღებელია. მორწმუნე არ გეახლებათ არათუ ხორცს, არამედ რძის ნაწარმსაც, და ეს ყველაფერი მისთვის, შეიძლება ითქვას, ოდიოზურია”.

საინტერესოა, რომ, როგორც ერთ მორწმუნეს უთქვამს ბატონ ზურაბისთვის, ახალი წლის შემდეგ შობის დღესასწაულის აღნიშვნა ანუ ხსნილობა ერთგვარი გამოცდაა მისთვის, რადგან საშუალება ეძლევა, დაიცვას მარხვა და უფრო ინტენსიურად ჩაერთოს თავის სარწმუნოებაში.

რაც შეეხება ზოგიერთის მოსაზრებას, რომ საახალწლო ზეიმი ერთგვარად “შთანთქავს” შობის დღესასწაულს, ჩემი თანამოსაუბრე ამბობს: [კიკნაძის ხმა] “რა თქმა უნდა, ასე გამოდის. ადამიანის მთელი სიხარული, მთელი ტალღა მიმართულია პირველი იანვრისადმი და შემდეგ, როცა შობა დგება, ეს დღესასწაული, შეიძლება ითქვას, სუსტდება, სუსტდება შობის აღქმა, როგორც დღესასწაულისა. სხვათა შორის, დასავლეთში შობა უფრო მეტად ფასობს როგორც დღესასწაული, ვიდრე აღდგომა, - ჩვენთან პირიქით არის. ჩვენთან ძირითადი ქრისტიანული დღესასწაული, განცდითი დღესასწაული, არის აღდგომა. შობას ნაკლები ყურადღება ექცევა რატომღაც”.

ბატონ ზურაბის თქმით, ადრინდელ მართლმადიდებელ სამყაროში შობა ცალკე დღესასწაული არ იყო და ნათლისღების დღესასწაულს უკავშირდებოდა. [კიკნაძის ხმა] “ანუ ეს არის 6 იანვარი. 6 იანვარს ნათლისღებაა ყველგან და შობაც ჩვენს სფეროში, აღმოსავლეთ საქრისტიანოში, დაკავშირებული იყო ნათლისღებასთან. ეს არის 19 იანვარი ახალი სტილით. მაგალითად, სომხური ეკლესია 6 იანვარს დღესასწაულობს როგორც შობას, ისე ნათლისღებას”.

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს იმასაც, რომ დასავლეთში ეს ერთიანი დღესასწაულია: შობით იწყება და შემდეგ ორი კვირა გრძელდება.
[კიკნაძის ხმა] “ეს კარგია იმ აზრით, რომ, როდესაც პერიოდი მოიცავს დღესასწაულს, მთელი მოსახლეობა, მთელი ქალაქია ჩაბმული მასში, კარნავალები იმართება, სპექტაკლები იდგმება. ეს არ არის მხოლოდ საშინაო დღესასწაული, გარეთაც ხდება ბევრი რამ, ვინც ყოფილა ამ დროს უცხოეთის ნებისმიერ ქალაქში, შეამჩნევდა ამას”.

რატომ არ გადადის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ახალ სტილზე? ზურაბ კიკნაძეს მაგალითად მოჰყავს ელადის ეკლესია, რომლის ახალ სტილზე გადასვლამ განხეთქილება გამოიწვია და ეკლესიას გამოეყო მრევლის ერთი ნაწილი, რომელიც ძველ სტილზე დარჩა. ბატონი ზურაბის თქმით, “საქართველოშიც არ არის გამორიცხული ამგვარი პროცესები იმიტომ, რომ მრევლის გარკვეული ნაწილი ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს ძველ სტილს”.
XS
SM
MD
LG