Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელი ტელეკომპანია ქართული კინოს გადარჩენას ცდილობს


საქართველოში დამოუკიდებელი ტელეკომპანიების სიმრავლე შეინიშნება. თუმცა ჩვენი ტელებიზნესი დღემდე გულგრილი იყო ეროვნული კინოხელოვნების მიმართ, ქართული კინოს გადარჩენის

სურვილი პირველად ტელეკომპანია “მე-9 არხის” მესვეურებს გაუჩნდათ: ამ დღეებში დასრულდება კონკურსი, რომელმაც საუკეთესო სცენარები უნდა გამოავლინოს; ტელეკომპანიას, ერთდროულად, 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება აქვს ნავარაუდები.

ტელეკომპანია “მე-9 არხის” მიერ გამოცხადებული კონკურსის ჟიურის შემადგენლობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ჟიურის წევრებმა გვთხოვეს არ დავასახელოთ მათი ვინაობა, თუმცა რადიო “თავისუფლებას” განუცხადეს, რომ ერთ-ერთი პირველი ქართული კინოკონკურსი მაყურებელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება. ამ პროექტში 40-მდე კინოდრამატურგმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსი სამ ტურად ჩატარდა და დასკვნითი ტურისთვის, რომელიც ამ დღეებში უნდა გაიმართოს, განსახილველად შეირჩა 15 ფილმის სცენარი. არ არის გამორიცხული, რომ მოხერხდეს 15-ვე ფილმის გადაღება, ე.ი. 5 სრულმეტრაჟიანი ფილმისა... რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანია ცდილობს გადაწყვიტოს პრობლემა, რომელსაც, აი, უკვე ათი წელია ვერაფერს უხერხებს საქართველოს ხელისუფლება, რომლის “გადაუწყვეტელობამ” ამას წინათ მთავრობის სხდომაზე ატირა კიდეც კულტურის მინისტრი.

კონკურსის ჟიურის წევრები აღნიშნავენ, რომ სცენარებზე, რომლებიც მათ განსახილველად გადაეცათ, ავტორების ვინაობა მითითებული არ ყოფილა, ამიტომ მათ ჯერ არც იციან, თუ, კონკრეტულად, ვინ გაიმარჯვა კონკურსში. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კონკურსის დონე ძალიან მაღალი იყო, რომ საუკეთესოს დასახელება საკმაოდ გაუჭირდათ. კონკურსის ორგანიზატორებს სურდათ, რომ ჟიურის წევრებს უპირატესობა მიენიჭებინათ, როგორც პროექტშია აღნიშნული, “იუმორისტული ტიპის” სცენარებისთვის. როგორც ჩანს, ტელეკომპანიამ ასეთივე თხოვნით მიმართა კონკურსანტებს, რადგან, ჟიურის ერთი წევრის თქმით, იუმორი სცენარებში უხვად იყო, ე.ი. საკონკურსო სცენარებში იგრძნობოდა ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს, ეროვნული ტელენოველის, ტრადიცია. ამავე დროს, კონკურსში მონაწილეები ცდილობენ დღევანდელი ქართული რეალობის გამოხატვასაც; ჟიურის წევრები აღნიშნავენ, რომ სოციალური პრობლემები თითქმის ყველა სცენარში წარმოჩნდება. სხვა საქმეა, როგორ აისახება ეს ყველაფერი ფილმში, რამდენად შეძლებენ “მე-9 არხის” კონკურსში გამარჯვებულები ოც, ოცდაათწუთიან ფილმში გამოხატონ სათქმელი. ჩვენი რადიოსთვის ცნობილი გახდა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც ახალგაზრდებმა, ასევე სახელოვანმა კინემატოგრაფისტებმაც, რაც პროექტის წარმატებით განხორციელების იმედს იძლევა... იმის იმედს, რომ ქართული კინოს კრიზისის გამო კულტურის მინისტრი აღარასოდეს იტირებს.
XS
SM
MD
LG