Accessibility links

logo-print

ელექტროენერგიის ტარიფი და დაბნეული მოსახლეობა


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოქალაქე შალვა ნათელაშვილის სარჩელის ნაწილობრივმა დაკმაყოფილებამ (რაც გასული წლის მიწურულს მოხდა) მოსახლეობა მთლად დააბნია.

მას ვეღარ გაუგია, უნდა გაუხარდეს თუ არა, რომ ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი კანონის ძალით გაუქმდა. არარსებულ ტარიფთან დაკავშირებული დაბნეულობა, როგორც წესი, ყველაზე მეტად თბილისს დაეტყო. აქ ამერიკული AES-ი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს და პოზიციების დათმობას არ აპირებს.

ახალი ტარიფის დადგენის ვადად 2003 წლის 1 მარტი მიიჩნევა. ნათელაშვილს მყარად სჯერა, რომ სამართალი ბოლომდე იზეიმებს და ელექტროენერგიის ახალი საფასური საგრძნობლად შემცირებული იქნება. ამასთან, იგი შეახსენებს მომხმარებლებს, რომ ახალი ტარიფის დაზუსტებამდე მათ უფლება აქვთ ელექტროენერგიის გადასახადს საერთოდ აარიდონ თავი; ხოლო მას, ვინც გადახდას მაინც განაგრძობს, ნათელაშვილი აიმედებს, რომ ძველსა და ახალ, შემცირებულ, საფასურს შორის არსებული განსხვავება კრედიტის სახით შეენახებათ.

მართალია, ამგვარი მოწოდებები მოსახლეობისთვის მეტად მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი სულაც არ არის. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში გადასახადისთვის თავის არიდება, არც მეტი, არც ნაკლები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას ნიშნავს. როგორც უკვე მოგახსენეთ, AES-თელასი ქართულ მართლმსაჯულებას არ ეთანხმება და ურჩ გადამხდელებს დენის ოპერატიული გამორთვით ემუქრება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩემთან მოსაუბრე თბილისელებმა დაუფიქრებლად და ერთხმად აღნიშნეს: სიბნელეს გადახდა გვირჩევნიაო და სწორედ ასეც იქცევიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი კოზირის გამოყენებას ამერიკული კომპანია, სულ მცირე, 1 მარტამდე შეძლებს; მაგრამ რა მოხდება ამის შემდეგ, ამ საკითხის პროგნოზირება საკმაოდ ძნელია.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელსაც 13, 4-თეთრიანი ტარიფის გადახედვა დაევალა, გადახედვის მეტს ვერაფერს გვპირდება. აი, რას ამბობს სემეკის თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი:

(ელიზბარ ერისთავის ხმა) “ჩვენ შევასრულებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას და გადავხედავთ ტარიფს; მაგრამ ტარიფის სიდიდე არ არის დამოკიდებული სემეკზე; ეს დამოკიდებულია AES-ზე, რომელმაც უნდა გააკეთოს განაცხადი. თუკი არ შემოიტანა მან განაცხადი ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით, არაფერი არ მოხერხდება ”.

არსებულ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ AES-თელასი ამგვარ განაცხადს ოდესმე გააკეთებს და ოდესმე შეეხვეწება სემეკს - რამენაირად ელექტროენერგიის საფასური შემამცირებინეო. სხვათა შორის, დამოუკიდებელი ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე ელექტროენერგიის თემის ასე გაჯანჯლებას, ნაწილობრივ, სწორედ სემეკსაც აბრალებს:

(თვალჭრელიძის ხმა:) “საუბედუროდ, არც სემეკში სხედან ეკონომიკური გენიოსები, რომ სწორად და კარგად დაამტკიცონ თავიანთი აზრი”.

ყველაფრის მიუხედავად, თვალჭრელიძეს სჯერა, რომ AES-თელასსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკება მაინც შედგება და საქმე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა. თუმცა ვინ იცის!
XS
SM
MD
LG