Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის განმუხტვას სამხედრო საკითხები აბრკოლებს


აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს გვერდს ვერც შემდეგ სიუჟეტში ავუვლით, როცა ვისაუბარებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობაზე.

საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუს” თანამშრომელ სერგეი ბლაგოვის შეფასებით, ამ მცდელობას ხელს უშლის რამდენიმე საჩოთირო საკითხი, რომელთაგან აფხაზეთის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია. თუმცა, "იურეიჟა ვიუში" 7 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სხვა საკითხებზე მსჯელობით იწყება.

სერგეი ბლაგოვის სტატიაში, მისი სათაურის შესაბამისად - “რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის განმუხტვას სამხედრო საკითხები აბრკოლებს” – ყურადღების ცენტრში სამხედრო საკითხები დგას. 2002 წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოს ჩეჩენი მეამბოხეების მფარველობაში ადანაშაულებდა, ხოლო საქართველო–რუსეთის მხრიდან მისი სუვერენიტეტის ხელყოფას უჩიოდაო, შეგვახსენებს ბლაგოვი. ამ მშფოთვარე წლის ბოლოს დაძაბულობა, თითქოს, უნდა განმუხტულიყო, როცა მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს რამდენიმე ეჭვმიტანილი (6 დეკემბერს საქართველოდან რუსეთში ჩაიყვანეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი იუსუფ კრიმშამხალოვი, ხოლო 28 დეკემბერს თბილისს გადასცეს ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი ვეფხია დურგლიშვილი და სოსო თორია). მაგრამ ორმა ქვეყანამ, როგორც ჩანს, სხვადასხვა დასკვნა გამოიტანა: თუ საქართველოს პრეზიდენტმა 30 დეკემბერს განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობა ნორმალიზაციის გზაზეაო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს მოითხოვა საქართველოში დაკავებული ყველა ჩეჩენი ეჭვმიტანილის ექსტრადიცია. მოსკოვის მხრივ უკმაყოფილების გამოხატვა განცხადებებით არ ამოწურულა: რუსი, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ერთობლივი მანევრები, რომელიც დეკემბერში უნდა გამართულიყო, გადაიდო და თებერვალში, ან მარტში ჩატარდება.

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ედუარდ შევარდნაძის მიერ 30 დეკემბერს წარმოთქმული სიტყვები სტატიის ავტორს არადამაჯერებლად მიაჩნია იმის გამოც, რომ ჯერ არ გარკვეულა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების მომავალი. დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსეთის სამხედრო დელეგაციის ვიზიტმა ვერ მოაგვარა მხარეთა შორის არსებული უთანხმოებები: მოსკოვი კვლავაც 11 წელს მოითხოვს ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გასატანად, საქართველო კი საამისოდ 2007 წლამდე მოცდას თუ აპირებს. მხარეებს შორის უთანხმოება კიდევ უფრო აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესდივანმა გამოაცხადა, რომ რუსეთს სამხედრო ბაზებით სარგებლობისათვის, შესაძლოა, დაახლოებით 700 მილიონი დოლარი მოსთხოვონ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა, რომლის პოზიცია ედუარდ შევარდნაძემაც გაიზიარა – თუმცა, როგორც "იურეიჟა ვიუში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორი შენიშნავს, საქართველოს პრეზიდენტი უფრო მოქნილი პოზიციის მომხრეა. მან იცის, რომ რუსეთის დაყაბულება საქართველოში განთავსებული თავისი სამხედროებისთვის 2003 წლის 1 იანვრიდან ხელფასის ქართული ვალუტით გადახდაზე მეტად იშვიათი დათმობაა, რასაც, შესაძლოა, დიდხანს აღარ მოჰყვეს დიდსულოვანი ჟესტები.

დაბოლოს, შევარდნაძემ რომ მიაღწიოს კიდეც სამხედრო ბაზების საკითხში რუსეთთან შეთანხმებას, დაძაბულობის მასაზრდოებელ პრობლემად აფხაზეთის კონფლიქტი რჩება. ამ საკითხზე "იურეიჟა ვიუში" გამოთქმული მოსაზრებების მიმოხილვით თავს არ შეგაწყენთ – მას, თუნდაც სეპარატისტების ეკონომიკური ბლოკადისადმი რუსეთისა და საქართველოს დამოკიდებულებას დღევანდელ გადაცემაში საკმარისი ყურადღება დაეთმო. ვიტყვი მხოლოდ, რომ (როგორც სტატიის ავტორი შეგვახსენებს) აფხაზეთის საკითხში რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ვალერი ლოშჩინინმა საქართველო მკაცრად გაარიტიკა: თბილისი არადამაკმაყოფილებლად თანამშრომლობს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაშიო.

ასე რომ, ახალი წელი საქართველოს, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც ჩანს, კიდევ არაერთ მშფოთვარე დღეს უმზადებს.
XS
SM
MD
LG