Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონელი ქალები სამარკო ნაწარმის ციებ-ცხელებაში


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა ვიტონი, გუჩი, შანელი, ვერსაჩე, ივ სან-ლორანი

– ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრ ქალს, რომ იტყვიან, თვალები უბრწყინდება! ვინ არ ოცნებობს მოდის დიდოსტატის ესკიზის მიხედვით, ძვირფასი მასალისაგან დამზადებულ კაბასა თუ პალტოზე, სამკაულზე, ჩანთაზე, სხვა სამოსსა თუ აქსესუარზე? მაგრამ მეოცნებეთაგან, ალბათ, ბევრი ისე არ შეიწუხებს თავს, როგორც ერინა კობაიაში - 23 წლის იაპონელი ქალი მზადაა, მთელი ღამე გაატაროს უნივერმაღის შესასვლელთან, რათა დილაადრიან, პირველი შევარდეს მაღაზიაში და ხელთ იგდოს ჩამოფასებული საქონელი სანუკვარი წარწერებით...

ერინა კობაიაშის მონდომება იაპონიაში ცალკეული შემთხვევა როდია. ის კი არა, ტიპურ შემთხვევაზე შეიძლება ლაპარაკი - ერინა კობაიაში ფუფუნების საგნების მწარმოებელ ფირმათა იდეალური მუშტარია: ის მუშაობს, საკუთარი ოჯახი არა ჰყავს, მშობლებთან ცხოვრობს და, ისევე როგორც ათასობით სხვა ახალგაზრდა იაპონელი ქალი, ხელფასის თითქმის ნახევარს “მოდას” ახარჯავს.

მოდის მოტრფიალეთა იერიში უნივერმაღებზე ვაჭრობის დაწყებისთანავე, ანუ დილის ათის ნახევარზე იწყება. სტრატეგია მარტივია: თითოეული კლიენტი ცდილობს, მთებად დახვავებული საქონლიდან ხელთ იგდოს რაც შეიძლება მეტი ჩანთა, პორტმანი, აბრეშუმის შარფი; ამას მოჰყვება განმარტოებისა და მონაპოვრის დათვალიერების ეტაპი, რასაც სასურველი ნივთის ყიდვა აგვირგვინებს.

ასეთი კომერციული აქციები ოთხი დღე გრძელდება და წელიწადში ორჯერ ეწყობა - მუდამ დიდი წარმატებით, რომლის მიზეზი, ბუნებრივია, ნაწარმის სიიაფეა. საქმე ის არის, რომ აქციები ლომბარდების ძალისხმევით ეწყობა: ისინი თითქმის უხმარ, თითქმის ახალ ნაწარმს ჰყიდიან ჩვეულებრივ ფასზე სამჯერ, ზოგჯერ ოთხჯერ უფრო იაფად. ასე რომ, ყველა კმაყოფილი რჩება: სამარკო ნიშნებით დამშვენებული საქონლის მოყვარულები კმაყოფილი არიან, რომ სასურველი ნივთები შეიძინეს, ლომბარდების მფლობელები იმით, რომ საქონლის გასაღების შანსით ისარგებლეს, ხოლო იმათ, ვინც საქონელი დააგირავა, ძველის მაგივრად ახალი ნივთების ყიდვა ახარებს.

არ გეგონოთ, რომ ცნობილი დასავლელი დიზაინერების ქმნილებების მოტრფიალეთა შორის მხოლოდ ახალგაზრდები არიან. უნივერმაღებთან დილაუთენია ჩამწკრივებულების არცთუ მცირე ნაწილს უფროსი თაობის წარმომადგენლები შეადგენენ, რომელთაგან ერთ-ერთს, 58 წლის ტადაკო მიცუგუჩის საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის კორესპონდენტი გამოელაპარაკა და შეიტყო, რომ მიცუგუჩი ფირმა “როლექსის” საათის შეძენას აპირებდა. ჩვენ კი დავუკავშირდით ჰამბურგში განთავსებულ აზიის კვლევის ინსტიტუტს და იაპონიის ექსპერტ ანია ვალკეს მივმართეთ შეკითხვით, მართლაც შეიძლება თუ არა ლაპარაკი იაპონელებს შორის სამარკო პროდუქტებისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე – მეტ ინტერესზე, ვიდრე, დავუშვათ, ევროპაში შეიმჩნევა. [ანია ვალკეს ხმა]“ვფიქრობ, ამის თქმა შეიძლება. თუნდაც ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, იაპონიაში ყოფნისას, ტოკიოსა და ოსაკაში, სხვა მსხვილ ქალაქებში სტუმრობისას თვალში მხვდებოდა, რომ, როგორც უფროსი თაობის, ისე ახალგაზრდა იაპონელი ქალები ევროპელებთან შედარებით მეტ ყურადღებას უთმობენ მოდას, ძვირ სამარკო საქონელს.”

ამ გამორჩეულ ყურადღებას, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგრამ პირველ რიგში თავს იჩენს შეკითხვა- აქვთ თუ არა იაპონელ ქალებს, უბრალოდ, მეტი ფული, ვიდრე ფინანსურად ძლიერ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს? აი, როგორი იყო ანია ვალკეს პასუხი: [ანია ვალკეს ხმა] “მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ იაპონიაში უფროსი თაობის წარმომადგენლებს, 50-ს გადაბიჯებულ ქალებს (დღეს მათ ახალგაზრდა ხანდაზმულებს უწოდებენ) სხვა ასაკის ადამიანებზე მეტი დრო და ფული აქვთ. დიდ თანხებს სწორედ ეს ქალები ხარჯავენ – სამოგზაუროდ, რესტორანში წასასვლელად. მეორე მხრივ, ფულს ხარჯავენ ახალგაზრდა ქალები, რომელთაც სამუშაო და საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგრამ, რახან მშობლებთან ცხოვრობენ, ფულის დიდი ნაწილი ეზოგებათ. მათ ხომ ფული არ ეხარჯებათ ბინის ქირაში, სურსათში. ამ ქალებს შეუძლიათ, ხელფასი საკუთარ თავს მოახმარონ, ფული დახარჯონ სამოგზაუროდ, ტანისამოსის შესაძენად, რესტორანში წასასვლელად, გასართობად. ევროპაში სხვანაირად არის – ჩვენ ხომ პროფესიის დაუფლების შემდეგ, ხშირად ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დამოუკიდებლად, მარტო ვცხოვრობთ. ფული, რომელიც ბინის ქირას, გართობას, სურსათის შეძენას სჭირდება, ჩვენივე გადასახდელია. იაპონიაში კი ამ ხარჯებისაგან თავისუფალია ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ვინც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. ასე რომ, მათ მეტი სახარჯო ფული აქვთ.”

ასე რომ, იაპონელ ქალებს აქვთ ფული, რაც, ცხადია, აუცილებელი პირობაა საიმისოდ, რომ ფუფუნების საგნები შეიძინო.
[ანია ვალკეს ხმა] “მეორე მხრივ, იაპონიაში დამკვიდრებულია ერთგვარი ტენდენცია, რომელმაც რამდენიმე თაობას გაუძლო – ეს არის ყურადღება, რომელიც სამარკო პროდუქტებს, ფუფუნების საგნებს ენიჭება. ასეთი ტენდენციის მიზეზი ჩემთვის უცნობია, სოციოლოგი არა ვარ. მაგრამ ვფიქრობ, არსებობს კავშირი ეკონომიკურ ბუმთან - 80-იან წლებში, როცა იაპონია არნახულმა აღმავლობამ მოიცვა, ადამიანებს ფული გაუჩნდათ და ეს ფული უნდა გამოეჩინათ.”

ასე განმარტავს იაპონიაში სამარკო საქონლით აღტაცების მიზეზს გერმანელი ექსპერტი ანია ვალკე. იაპონელი პროფესორი ტოში მარკსი კი უკიდურესად კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს - ფუფუნების უცხოური საგნების ლამის გაფეტიშებას ის მიიჩნევს სერიოზულ პრობლემად, რომელიც სათავეს იღებს აღზრდისა და განათლების სისტემაში. იაპონიის სკოლებში ხელს არ უწყობენ ბავშვების დამოუკიდებლად აზროვნებას, რისი ერთ-ერთი შედეგია ის, რომ იაპონელი ქალები ჭეშმარიტებად მიჩნევენ ლამის ყველაფერს, რაც მოდის ჟურნალებში წერიაო – ამბობს პროფესორი ტოში მარკსი, რომლის საკმაოდ მკაცრი შეფასებით, ფუფუნების საგნებით იაპონელები საკუთარი პიროვნული სისუსტის გაბათილებას ცდილობენ. მისივე აზრით, გასათვალისწინებელია არასრულფასოვნების კომპლექსიც, რომელიც იაპონელებს მეორე მსოფლიო ომში დამარცხებამ მოუტანა. ბევრს დაეუფლა შეგრძნება, რომ მათი სამშობლო მრავალი ასპექტით ჩამორჩებოდა დასავლეთის ქვეყნებს და რომ, შესაბამისად, დასავლური ნაწარმი იაპონურზე უკეთესი უნდა ყოფილიყოო, განმარტავს პროფესორი.

ასეა თუ ისე, იაპონია დასავლელი დიზაინერების ნაწარმის მომხმარებელთა ავანგარდში აღმოჩნდა, რისი შედეგიც არა მარტო “ვიტონისა” თუ “გუჩის” ხელჩანთებზე, “ვერსაჩესა” თუ “შანელის” შარფებსა და “როლექსის” საათებზე მეოცნებე ქალების კომერციული თავგადასავლებია – იაპონელების ნაწილს, მათ შორის პროფესორ ტოში მარკსს გული წყდება, რომ თავმდაბლობა, რომელიც ერთ დროს ადამიანის დამამშვენებელ თვისებად ითვლებოდა, დღეს ბევრში ირონიულ ღიმილს თუ იწვევს, რომ დღეს, სამარკო ნიშნებით დამშვენებულ საგნებთან ერთად, მოდაში ტრაბახია.
XS
SM
MD
LG