Accessibility links

რა მიზანს ისახავს ვაშინგტონი ერაყში?


ბოლო ხანს გავრცელებული ცნობები, თითქოს ვაშინგტონი, ბაღდადის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში, დანგრეული ქვეყნის აღდგენას ერაყის ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლით აპირებდეს,

უდავოდ ზურგს უმაგრებს იმათ არგუმენტებს, ვისი მტკიცებითაც, შეერთებული შტატების უმთავრესი ინტერესი ერაყში ამ ქვეყნის ნავთობრეზერვებზე კონტროლის მოპოვებაა. თუმცა, მიმომხილველთა დიდი ნაწილის აზრით, ვაშინგტონს სხვა მოტივები ამოძრავებს. ჩვენი რადიოს ექსპერტმა ჩარლზ რეკნაგელმა ამ თემაზე მოამზადა მასალა, რომელიც, ვფიქრობთ, ჩვენს მსმენელსაც დააინტერესებს.

მიმდინარე კვირის დამდეგს "ნიუ იორკ ტაიმსმა" გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები სულ მალე დაამთავრებენ მუშაობას ერაყის ოკუპაციისა და შემდგომი მართვის გეგმაზე. ეს გეგმა დასამტკიცებლად უნდა წარუდგინონ პრეზიდენტ ბუშს.

თუ "ნიუ იორკ ტაიმსის" ცნობას ვენდობით, გეგმა ითვალისწინებს ერაყში, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ (სულ ცოტა, წელიწადნახევრის მანძილზე) სამხედრო მმართველობის დამყარებას. ამ საქმეს, ცხადია, ვაშინგტონის სამხედრო უწყებამ უნდა უხელმძღვანელოს, თუმცა ქვეყნის გაძღოლა გაეროს მიერ დანიშნულ სამოქალაქო ადმინისტრაციას დაევალება.

ამ გეგმის მრავალი ასპექტი ჯერაც უცნობია. აშშ-ის ადმინისტრაცია მათი გამხელისგან, როგორც ჩანს, იმ მიზეზითაც იკავებს თავს, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელი აქვს. მაგრამ უკვე გამჟღავნებული დეტალები (თუ მათ ჭეშმარიტებას ვირწმუნებთ) კმარა საიმისოდ, რომ დავასკვნათ: ამერიკას ერაყის ნავთობმრეწველობაში აქტიური ჩაბმა სურს. აქვე შეგახსენებთ, რომ ერაყის ნავთობის მარაგი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და მხოლოდ საუდის არაბეთისას ჩამორჩება.

აქამდე პრეზიდენტი ბუში ამბობდა, რომ მისი მიზანი სადამ ჰუსეინის განიარაღებაა; ხოლო თუ ეს უკანასკნელი ნებაყოფლობით არ მოისურვებს ამის გაკეთებას, მაშინ ვაშინგტონი იზრუნებს იმაზე, რომ ერაყელი ხალხი დიქტატორული რეჟიმისგან გაათავისუფლოსო.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "რაც უნდა ილაპარაკონ მჩაგვრელებმა, ერაყელი ხალხი ტირანიის მიმართ სიყვარულით არ არის გამსჭვალული. ყველა ცოცხალი არსების მსგავსად, მას თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრება სურს და იმსახურებს კიდეც ამას."

მაგრამ ახლა ვაშინგტონი, ბევრის აზრით, ერაყის განთავისუფლებით აღარ დაკმაყოფილდება და მისი ნავთობის სექტორის საქმიანობაში მონაწილეობას მოისურვებს.

ჩვენი რადიოს მიმომხილველი ჩარლზ რეკნაგელი ესაუბრა ნავთობის მრეწველობის ექსპერტს, ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური კვლევის ცენტრის თანამშრომელს ჯერალდ ბატს, რომლის თქმით, ნავთობის მწარმოებელი არაბული და სხვა ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: მოინდომებს თუ არა აშშ ერაყის გაყვანას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან - OPEC-იდან. ეს ორგანიზაცია თავის წევრებს მკაცრად განუსაზღვრავს კვოტებს, რომელთა მიხედვითაც ნავთობის მოპოვება წარმოებს. OPEC-იდან გასვლით ერაყს ხელ-ფეხი გაეხსნებოდა და, შემოსავლების გაზრდის მიზნით, იმდენ ნავთობს მოიპოვებდა და გაყიდდა, რამდენსაც მოახერხებდა.

ბატის თქმით, ნავთობის მრეწველთა შორის ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ვაშინგტონს OPEC-იდან ერაყის გასვლა სურდეს. მაგრამ ექსპერტს ეჭვი ეპარება, ერაყის მომავალი მთავრობა, ვინც უნდა შევიდეს მასში, ასეთ ნაბიჯზე დათანხმდეს:

[ჯერალდ ბატის ხმა] "ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკას სურს, ერაყი ოპეკიდან გაიყვანოს. მაგრამ თუ დავუფიქრდებით საკითხს, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერაყის ნავთობის მრეწველობას, დავინახავთ, რომ ეს პრაქტიკულად იგივე ადამიანები იქნებიან, ვინც ამ დარგს ამჟამად უდგას სათავეში. უმაღლესი რანგის თანამდებობებს ახალი ხალხი დაიკავებს, მაგრამ ის, ვინც ამ სფეროს რეალურად მართავს, ისევე, როგორც საშუალო რანგის ხელმძღვანელობა, თავის ადგილებს შეინარჩუნებს: ეს კი ის ერაყელები არიან, მთელი ცხოვრება ამ სისტემაში რომ მუშაობენ."

ჯერალდ ბატი ვარაუდობს, რომ OPEC-იდან გასვლის ნაცვლად ერაყი შეეცდება, ამ ორგანიზაციისგან მიიღოს უფლება, დროებით გაზარდოს ნავთობის მოპოვების მოცულობა. ცხადია, ამ თხოვნას OPEC-ი დიდი სიხარულით არ შეხვდება, მაგრამ ერაყის, როგორც წევრის, დაკარგვასთან შედარებით ეს მისთვის ნაკლები ჭირი იქნება.

რაც შეეხება ვაშინგტონის მიზნებს, მიმომხილველთა ნაწილის მტკიცებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციას ერაყში ყველაზე მეტად ნავთობი აინტერესებს. მაგრამ ამ ვერსიას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომელთა აზრით, ერაყის ნავთობი შეერთებულ შტატებს პასუხისმგებლობას უფრო მეტად აჰკიდებს მხრებზე, ვიდრე სარგებელს მოუტანს. სხვათა შორის, ბრიტანეთის "ფაინენშლ ტაიმსი" ამ ორიოდე დღის წინათ გამოქვეყნებულ კომენტარში სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციაში ნავთობის მოტივის მთავარ მოტივად დასახელებას.
XS
SM
MD
LG