Accessibility links

logo-print

ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკება შესთავაზა


ანდრო ეული, პრაღა იაპონიისა და სამხრეთი კორეის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სამშაბათს ვაშინგტონში გამოაცხადა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგისთვის,

რათა დამთავრდეს ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისი. აქამდე პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია გამორიცხავდა ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი მოლაპარაკების ყოველგვარ შესაძლებლობას და მოითხოვდა, რომ ფხენიანმა განუხრელად შეასრულოს ბირთვული შეიარაღების სფეროში დადებული ყველა საერთაშორისო შეთანხმება.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელი იაპონიისა და სამხრეთი კორეის ოფიციალურ წარმომადგენლებს ეთათბირა ვაშინგტონში ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა კორესპონდენტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა: [რიჩარდ ბაუჩერის ხმა] "ჩრდილოეთი კორეის ურთიერთობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად მოახდენს ფხენიანი თავისი ბირთვული პროგრამის სრულ ლიკვიდაციას და რამდენად განუხრელად შეასრულებს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისკენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას. ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკება დავიწყოთ ჩრდილოეთ კორეასთან იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ქვეყანა ამის გაკეთებას."

კორესპონდენტებთან რიჩარდ ბაუჩერის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობამ აპოგეას მიაღწია, როცა ფხენიანი ომით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები მის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღებას შეეცდებოდა.

"სანქციები ომს ნიშნავს, ხოლო ომმა შეწყალება არ იცის. შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეასთან ომს დიალოგი უნდა ამჯობინოს და უნდა გაითვალისწინოს, რომ უგუნური ქმედება მას ძალზე ძვირად დაუჯდება" – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფხენიანში გამოაქვეყნა ჩრდილოეთი კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ. რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ აშშ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების მიღებას არ აპირებს.

ფხენიანთან ვაშინგტონის ურთიერთობა უაღრესად დაიძაბა გასულ ოქტომბერს, როცა ჯეიმს კელისთან შეხვედრისას, ჩრდილოეთი კორეის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ მათს ქვეყანაში საიდუმლოდ ხორციელდება ბირთვული შეიარაღების პროგრამა, რაც დარღვევაა აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან დადებული შეთანხმებებისა.

ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, აშშ-ის თაოსნობით, ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა ჩრდილოეთ კორეას. გარიგება ფხენიანისათვის ნავთობის მიწოდების თაობაზე 1994 წელს მოხდა, როცა ჩრდილოეთმა კორეამ გააჩერა თავისი ატომური ელექტროსადგური იონიანში და იგი გაეროს ზედამხედველობას დაუქვემდებარა.

ჩრდილოეთმა კორეამ, თავის მხრივ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უკანასკნელი ექსპერტები გააძევა დეკემბრის დამლევს ქვეყნიდან და იონიანის ელექტროსადგურში კვლავ აამოქმედა ატომური რეაქტორი, რომელსაც, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო კომპონენტების წარმოება შეუძლია.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა ვაშინგტონში, აშშ-მა, სამხრეთმა კორეამ და იაპონიამ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდეს, ქვეყანაში დააბრუნოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები და თავისი ბირთვული პროგრამის სრული ლიკვიდაცია მოახდინოს.
XS
SM
MD
LG