Accessibility links

logo-print

ტექნიკურმა ხარვეზმა ევროკავშირის 2 მილიონიანი გრანტის საქართველოში გადმორიცხვა შეაფერხა


ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლებით საფუძველი გამოეცალა ვერსიას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარების შეზღუდვას წინასწარმეტყველებდა.

ევროკავშირის ექსპერტის მძევლობის პერიოდში ამ მხრივ გარკვეული შეფერხებები, მართლაც, იყო, მაგრამ ევროკავშირს საქართველოს დახმარებაზე უარი არ უთქვამს. იქ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს ის 2 მილიონი ევროც დროულად მიეღო, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოციალურ სფეროებში საბიუჯეტო ხარჯების დაფარვას უნდა მოხმარდეს. მაგრამ დეკემბრის ბოლოს გადმორიცხული თანხა უკან დაბრუნდა და მიზეზი ტექნიკური უზუსტობა თუ შეცდომა გახდა.

საუბარს დავიწყებ განმარტებით, რომელიც 2 მილიონიანი ევროს საქართველოში გადმორიცხვასა და უკან დაბრუნების ფაქტთან დაკავშირებით ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩმა კოტე ზალდასტანიშვილმა გააკეთა:

[კოტე ზალდასტანიშვილის ხმა] “ გადავაგზავნეთ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებში და მინდა გითხრათ, რომ აქედან რაიმე პანიკის შექმნა არ არის აუცილებელი. ეს ტექნიკური გაურკვევლობა აღმოიფხვრება. არსად ეს ფული არ დაკარგულა. ველოდებით თბილისიდან ინფორმაციას, გადავცემთ მას ევროპულ მხარეს და განხორციელდება გადარიცხვის პროცედურა.”

საქმე ეხება დახმარებას, რომელიც ევროკავშირის სასურსათო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 1996 -2000 წლებში ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს დახმარება 60 მილიონი ევროს ფარგლებში განისაზღვრა. ხსენებული 2 მილიონიც, რომელიც 12 მილიონიანი გრანტის ნაწილია, საქართველოს უნდა მიეღო გასულ წელს, ოღონდ ევროკავშირის 2000 წლის ბიუჯეტიდან. ამისთვის შესაბამის მემორანდუმს ხელი 7 ივნისს მოეწერა. ხელმომწერები იყვნენ: ევროკავშირის სასურსათო პროგრამის მხრიდან - საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენელი, საქართველოს მხრიდან კი - ფინანსთა მინისტრი. სხვადასხვა მიზეზების გამო, მემორანდუმით განსაზღვრული დახმარების ერთი ნაწილის გადმორიცხვა წლის ბოლომდე გაჭიანურდა. გამორიცხული არ არის, ამის მიზეზი ყოფილიყო საქართველოში ევროკავშირის ექსპერტის დატყვევება. ამ ფაქტმა ხომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაართულა. საქმე საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტამდე არ მისულა, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბრისას კოტე ზალდასტანიშვილმა აღნიშნა:

[კოტე ზალდასტანიშვილის ხმა] “იყო შეფერხება, იყო გარკვეული პრობლემები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი პროგრამა შეფერხდა იმის გამო, რომ პიტერ შოუს გატაცებამ ექსპერტის გამოგზავნა გააძნელა. ესეც ბუნებრივია.”

2 მილიონი ევრო საქართველოში დეკემბრის ბოლოს გადმოირიცხა, მაგრამ ამ ფაქტმა ამ თანხის მოლოდინი კი არ მოხსნა, პირიქით, გაამძაფრა. შეგახსენებთ, თითქმის ყველა პროგრამა, რომელსაც სოფლის მეირნეობის სამინისტრო ახორციელებს, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. გადმორიცხული თანხის უკან დაბრუნების მიზეზად კოტე ზალდასტანიშვილმა ტექნიკური გაურკვევლობა დაასახელა. უფრო დეტალური ინფორმაცია საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობიდან მოგვაწოდეს. ამ ინფორმაციის თანახმად, სასურსათო პროგრამის ფარგლებში საქართველოში გადმორიცხული თანხის უკან დაბრუნება მის ძველ და კარგა ხნის წინ გაუქმებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე გადმორიცხვამ განაპირობა. ასეთი საბანკო რეკვიზიტი შესაბამის დოკუმენტაციაში ფინანსთა სამინისტროში ევროკავშირის აწ უკვე ყოფილ ექსპერტს უნდა შეეტანა. ევროკომისიის წარმომადგენლობაში ფიქრობენ, რომ ეს უბრალო ადამიანური შეცდომა იყო და დარწმუნებულები არიან, რომ 2 მილიონი ევრო ახალ საბანკო ანაგირიშზე უახლოეს დღეებში დაჯდება, რასაც, ეტაპობრივად, დარჩენილი 5 –5 მილიონი ევროც მოჰყვება.
XS
SM
MD
LG