Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ქართული ფილმის პრემიერა


საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ საშობაო დღესასწაულებზე ქართული კინოს მოყვარულთა ინტერესი გაითვალისწინა და ახალი ფილმის, რეჟისორ გუგული მგელაძის “გაჭედილების,”

პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. ეს სურათი ზუსტად გამოხატავს იმ განწყობილებას, რომელიც ქართველი კინემატოგრაფისტების ერთი ნაწილისთვისაა დამახასიათებელი.

ქართულმა კულტურამ დიდი ხანია დაივიწყა სიტყვა “აქტუალური”, რომელიც ადამიანთა უმრავლესობას სრულიად მართებულად ახსენებს საბჭოთა ეპოქას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენი შემოქმედებითი ინტელიგენცია აქტუალური ნაწარმოებების შექმნაზე არ ოცნებობდეს. უბრალოდ, “საბაზრო ეკონომიკას” მაინცდამაინც არ უყვარს ეს სიტყვა, ამიტომ “აქტუალური ხელოვნების” მოყვარულ ავტორებს თავიანთი პროექტების განხორციელებაში არავინ ეხმარება. აი, კინორეჟისორი გუგული მგელაძე, მაგალითად, 5 წელი იღებდა თურმე ვიდეოფილმს “გაჭედილები”, რომელიც საახალწლოდ უჩვენეს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. ფილმის გადაღების ისტორია და ის ისტორია, რომელსაც ფილმის ავტორი გვიამბობს, გარკვეული თვალსაზრისით, დაემთხვა კიდეც ერთმანეთს. ფილმის პირველივე ეპიზოდში გვახსენებენ, რომ კინოსტუდია, სადაც თავის დროზე “ნატვრის ხე”, “გიორგობისთვე” და “სინათლე ჩვენს ფანჯრებში” გადაიღეს (ეს უკანასკნელი სწორედ გუგული მგელაძის ფილმი გახლავთ), სრულიად გაპარტახებულია, კინემატოგრაფისტები კი ( მათი “კრებითი სახე” “გაჭედილებში” ოთარ მეღვინეთუხუცესმა შექმნა) იძულებულები არიან თავი დაიმცირონ იმათ წინაშე, ვისაც ფული აქვს. ფილმის პრემიერის წინ კინორეჟისორმა გუგული მგელაძემ ოთარ მეღვინეთუხუცესის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნა
[გუგული მგელაძის ხმა]: “ერთი ეპიზოდი, სადაც ბინას აქირავებენ ამერიკელებზე, ვაჟას ფოტოს ჩამოიღებენ ეს ამერიკელები და დაკიდებენ ვიღაც თავიანთ კულტურისტს, მას იქ ისეთი სახე აქვს, იქ მას თვალები აქვს – ეს არის, ჩემო ოთარ, მთელი შენი როლი.”[სტილი დაცულია]

და ეს არის მთელი ფილმიც - “გაჭედილები”, რომელმაც, მხატვრული თვალსაზრისით, შესაძლებელია, პოპულარული ტელესერიალი “ძილის წინ” გაგახსენოთ. ერთი განსხვავებით: “ძილის წინ” მაყურებლის გართობისთვის კეთდება, “გაჭედილები” კი “აქტუალურია” - მის ავტორს სურს დაგვანახვოს, როგორ ჩაენაცვლა “ვიღაც კულტურისტი” ვაჟა ფშაველას და ამით შეარცხვინოს ის ხალხი, ვისაც “კულტურისტები” უყვარს: შეგრცხვეთ, “საბაზრო ეკონომიკის მამამთავრებო”, შეგრცხვეთ, “ვიღაც ამერიკელებო,” ასეთ დღეში რომ ჩააგდეთ ხელოვანი ხალხი! და მიხედეთ ქართულ კინოს, გაჭირვებულ კინემატოგრაფისტებს, “გაჭედილებს”... გაჭირვებამ მათ, ეტყობა, მართლაც, დააკარგვინა მხატვრული განზოგადების უნარი. დაეხმარეთ, განთავისუფლდნენ სწორხაზოვნებისგან და თავიანთი პრობლემების მოუგვარებლობა სხვას აღარ გადააბრალონ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG