Accessibility links

მთავრობამ საერთაშორისო აუდიტორების ძებნა დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდის ბოლო მისიის მიერ დატოვებული რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულება დაიწყო. ცოტა ხნის წინ გავლენიან ეკონომიკურ

გამოცემებში ”ფაინენშელ თაიმსსა” და ”ბიზნეს მეგეზინში” ”საქართველოს რკინიგზის ”, ფოთის პორტისა და ”მადნეულისათვის” საერთაშორისო აუდიტორის გამოსავლენად მთავრობამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. გესაუბრებით ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მისიის მიერ დატოვებული მემორანდუმის ერთ-ერთ პუნქტს საქართველოს რამდენიმე მსხვილი სამრეწველო ობიექტისათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარების შესახებ იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ფონდი ”საქართველოს რკინიგზისათვის”, ფოთის პორტისა და ს/ს ”მადნეულისათვის” 2002 წელს გაწეული საქმიანობის აუდიტს მოითხოვდა. აქამდე ფონდის რეკომენდაციები, ფაქტობრივად, არასდროს შეხებია რომელიმე კონკრეტულ საწარმოს და მისიონერები, როგორც წესი, ძირითადად, მაკროეკონომიკური ხასიათის რჩევებს გვაძლევდნენ.

სამივე ობიექტი, რომელიც ფონდის მემორანდუმში მოხვდა, იმ მცირერიცხოვან სახელმწიფო კომპანიათა შორისაა, რომლებიც ყველაზე მეტი შემოსავლის მომტანია და რამდენიმე წელია რენტაბელურ საწარმოებს წარმოადგენენ. სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შემდეგ კულუარებში საუბრობდნენ სახელისუფლო კლანების ინტერესზე დაეპატრონონ მომგებიან კომპანიებს. საერთაშორისო აუდიტის ჩატარება ბევრმა ამ საწარმოების შემდგომი პრივატიზების წინა ეტაპად აღიქვა. ქვეყანაში, სადაც ბიზნესი შეზრდილია სახელმწიფო ბიუროკრატიასთან, ამ მოსაზრებას, ბუნებრივია, აქვს არსებობის უფლება, თუმცა ამ შემთხვევაში გასაკვირია პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა, რომელიც, როგორც წესი, ცდილობს მსგავს თამაშებში არ მიიღოს მონაწილეობა და, პირიქით, თავად გამოდის მსგავსი ანომალიების თავიდან აცილების რეკომენდაციით. საერთაშორისო აუდიტის ჩატარების მოთხოვნაში იყო კიდევ ერთი უხერხულობა – ”საქართველოს რკინიგზას” უკვე მეორე წელია აუდიტს უტარებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ცნობილი დანიური კომპანია, რომელთან კონტრაქტიც ”რკინიგზას” მომავალ წელს ეწურება. შესაბამისად, ახალ აუდიტორთან ერთად მათ კიდევ მოუწევთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესრულება და ”საქართველოს რკინიგზის” შემოწმება. საერთაშორისო აუდიტის მომსახურება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ”საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის აკაკი ჩხეიძის თქმით, ყოველწლიურად აუდიტის მომსახურება 80 ათასი ევრო ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხარჯებს ევრობანკი ისტუმრებს, წელს იგივე თანხა და პლუს ახალი აუდიტორის დაქირავების ღირებულება მაინც გადასახდელი იქნება.

მემორანდუმით გათვალისწინებული პირობის შესასრულებლად საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა სპეციალური განკარგულება, რომლის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა ”საქართველოს რკინიგზისათვის”, ფოთის პორტისა და ”მადნეულისათვის” საერთაშორისო აუდიტის მოძიება. ცოტა ხნის წინ მთავრობამ ”ფაინენშელ თაიმსსა” და ”ბიზნეს მეგეზინში” ოფიციალური განაცხადი გააკეთა. თავად ტენდერის ორგანიზებასა და ფინანსურ მხარდაჭერაში მსოფლიო ბანკი მიიღებს მონაწილეობას. ტენდერის გამოცხადებას ხელისუფლება წლის პირველ ნახევარში აპირებს. ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 3 უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის აუდიტის ჩატარებაში მსოფლიოში აღიარებული კომპანიები გამოიჩენენ დაინტერესებას და სავალუტო ფონდის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობაც შესრულდება.
XS
SM
MD
LG