Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი კვლავაც არ გამორიცხავს ერაყის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას


ანდრო ეული, პრაღა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია კვლავინდებურად აცხადებს, რომ ერაყთან ომი გარდაუვალი არ არის, და ეს მაშინ, როცა აშშ-ის სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა სპარსეთის ყურის რეგიონში მიედინება.

მიმომხილველების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში ომი მაინც დაიწყება და, კერძოდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც 27 იანვარს გაეროს განიარაღების ექსპერტები ერაყში თავიანთი საქმიანობის შესახებ პირველი საანგარიშო მოხსენებით წარდგებიან გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე.

აი, რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ყოფილმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ედუარდ უოკერმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის შემსწავლელ არასამთავრობო ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ვაშინგტონში: [ედუარდ უოკერის ხმა] "ჩემი აზრით, ადმინისტრაცია სულ უფრო უახლოვდება პოზიციას, როცა სამხედრო აქციაზე უარის თქმა უაღრესად უხერხული, პოლიტიკურად კი მეტად საზიანოც გახდება."

მაგრამ თუ კიდევ არის შესაძლებლობა მშვიდობიანი დასასრულისა, როგორც ამას აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ (და მათ შორის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდიც არის), იბადება კითხვა: როგორ უნდა მოხდეს ეს? რამსფელდს უსაფუძვლოდ მიაჩნია მტკიცება, რომ ერაყთან ომი გარდაუვალია: [დონალდ რამსფელდის ხმა] "ვერ გამიგია, რატომ ხმარობს ყველა სიტყვა "გარდაუვალს". პირველი ვარიანტი იქნებოდა ქვეყნიდან სადამ ჰუსეინის წასვლა, დღესვე. ეს ყველასთვის სასიკეთო იქნებოდა. ან კიდევ ის ახალ გზას უნდა დაადგეს და ითანამშრომლოს გაეროსთან, მოახდინოს მთელი თავისი სამხედრო პოტენციალის ლიკვიდაცია."

უკანასკნელ დღეებში ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ სადამ ჰუსეინმა, შესაძლოა, მეგობრულ არაბულ სახელმწიფოს შეაფაროს თავი და ამით თავის ქვეყანას მორიგი ომი აარიდოს. მაგრამ ედუარდ უოკერს ამაში ეჭვი ეპარება.

არც ისაა გამორიცხული, რომ სადამ ჰუსეინი ერაყში მომხდარმა სახელმწიფო გადატრიალებამ დაამხოს. როგორც ახლო აღმოსავლეთის ცნობილი ამერიკელი ექსპერტი პატრიკ კლოუსონი შენიშნავს, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ გარკვევით მიანიშნა ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობას, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა სადამ ჰუსეინის დამხობაა. თუმცა, კლოუსონი მიიჩნევს ამასთანავე, რომ სახელმწიფო გადატრიალებას, შესაძლოა, არ მოჰყვეს ერაყში დემოკრატიული მთავრობის შექმნა, მაგრამ შეერთებული შტატები მაინც იმდენად კმაყოფილი იქნება მომხდარით, რომ აღარ დაიწყებს ომს, თუ, რაღა თქმა უნდა, ერაყი განიარაღდება.

ოთხშაბათს, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, იორდანიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გამოაქვეყნეს ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას შედგენილი აქვს გავლენიან ერაყელთა 13-კაციანი სია, რომლებიც გაეროს მუდმივმოქმედმა სამხედრო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს იმ დანაშაულისთვის, ათასობით ერაყელი შიიტის, სუნიტისა და ქურთის წინააღმდეგ რომ იქნა ჩადენილი 1991 წელს მომხდარი აჯანყების დროს. ამ სიაში, სხვებთან ერთად, თვით სადამ ჰუსეინი და მისი ორი ვაჟიც შედიან.
XS
SM
MD
LG