Accessibility links

logo-print

ბიოტერორიზმის მუქარა ბრიტანეთში


ანდრო ეული, პრაღა მოსალოდნელი ტერორის შიშმა მოიცვა დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ, რაც პოლიციამ მომაკვდინებელი შხამის, რიცინის წარმოებისათვის მოწყობილ დროებით ლაბორატორიას მიაკვლია ლონდონის ერთ-ერთ

ბინაში და ამ საქმესთან დაკავშირებით 7 მამაკაცი დააკავა. როგორც ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა უწყებამ სამშაბათს გამოაცხადა, შვიდივე დაკავებული წარმოშობით ჩრდილოეთი აფრიკიდანაა. ზოგიერთი მონაცემით ისინი ალჟირელები არიან.

ერთ-ერთი დაკავებული ლონდონის ჩრდილოეთ უბანში, სწორედ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც კვირას პოლიციელებმა დროებითი ლაბორატორია აღმოაჩინეს. ბრიტანეთში მოქმედი ანტიტერორისტული კანონის თანახმად, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, მისთვის ოფიციალური ბრალდების წაუყენებლად, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება იყოს დაკავებული.

ხმები მოსალოდნელი ბიოტერორისტული თავდასხმის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა დადის ევროპაში, თუმცა ლონდონში რიცინის დასამზადებელი ლაბორატორიის აღმოჩენა პირველი შემთხვევაა, როცა ბრიტანეთის მოსახლეობა ტერორისტული თავდასხმის რეალურ საფრთხეს დაუპირისპირდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს ეჭვი არ ეპარება, რომ ტერორისტები მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას ცდილობენ: [ტონი ბლერის ხმა] "ვაფრთხილებ ხალხს: ადრე თუ გვიან ტერორისტები ხელში ჩაიგდებენ მასობრივი განადგურების იარაღს. ხოლო დღევანდელმა დაპატიმრებებმა დაგვანახა, რომ ეს საფრთხე რეალურია; ის ჩვენთანაა და მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს."

პოლიციას არ გამოუცხადებია, რომ ხსენებული 7 ეჭვმიტანილი ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდასთან" არის დაკავშირებული. მაგრამ ბიოტერორიზმის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რიცინი იპოვეს ავღანეთში, "ალ-ყაიდის" ერთ-ერთ ყოფილ ლაბორატორიაში, სადაც ტერორისტული ქსელი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას ცდილობდა.

რიცინი ციანიდზე უფრო მომაკვდინებელი შხამია. მილიგრამზე ნაკლები რიცინი საკმარისია იმისთვის, რათა ზრდასრული მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმოს. მაგრამ, როგორც ბიოტერორიზმის ექსპერტები აცხადებენ, იმისთვის, რათა რიცინი მასობრივი განადგურების იარაღის სახით იქნეს გამოყენებული, ეს შხამი უნდა გარდაიქმნას გაზად, რაც საკმაოდ ძვირსა და ტექნოლოგიურად რთულ პროცესს უკავშირდება.

ბრიტანეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ტერორისტები რიცინს ცალკეულ პიროვნებებზე თავდასხმისას გამოიყენებენ, რათა მოსახლეობაში შიში და პანიკა დათესონ.

როგორც ბრიტანეთის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს, "სკოტლანდ იარდის" ექსპერტმა მედიცინის საკითხებში, პატ ტრუპმა განაცხადა, რიცინით მოწამვლის საწყისი სიმპტომები გრიპის იდენტურია და ავადმყოფის გარდაცვალებამდე, შესაძლოა, რამდენიმე დღე გასტანოს.

აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის მედიკოსებმა დაადგინეს, რომ რიცინი მცენარეული წარმოშობის შხამიანი პროტეინია, რომელსაც კასტორის მუხუდოს თესლი შეიცავს, სწორედ ის თესლი, რომლისგანაც აბუსალათინის ზეთი მზადდება.

ამერიკელმა მეცნიერებმა პირველად 1888 წელს დაადგინეს, რომ რიცინი მომაკვდინებელი შხამია. და მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რიცინის წარმოება დაიწყეს. მას შემდეგ ამ მომაკვდინებელმა შხამმა მხოლოდ საერთაშორისო ჯაშუშურ ოპერაციებში ჰპოვა გამოყენება.

რიცინის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი ბულგარელი ჟურნალისტი გეორგი მარკოვი იყო, რომელიც BBC-ში მსახურობდა და ცივი ომის დროს ჩვენს რადიოსთანაც თანამშრომლობდა. თავის რადიოგადაცემებში გეორგი მარკოვი მძაფრად აკრიტიკებდა ბულგარეთის ყოფილ კომუნისტ დიქტატორს ტოდორ ჟივკოვს. მარკოვი 1978 წელს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ოთხი დღით ადრე, ლონდონში, ვატერლოს ხიდთან, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომს, ფეხში ქოლგის წვერი შეურჭო ბულგარეთის უშიშროების სამსახურის აგენტმა. ქოლგის წვერი რიცინით იყო მოწამლული.
XS
SM
MD
LG