Accessibility links

logo-print

ურთიერთნდობის საკითხებზე რუსეთი ქართულ-აფხაზური შეხვედრის ინიციატივით გამოდის


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვალერი ლოშჩინინი სოხუმს ეწვია. თავდაპირველად მის ვიზიტს ოფიციალური თბილისი მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა,

რადგან პუტინის წარმომადგენელმა აფხაზეთში სტუმრობა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა. ახლა კი ლოშჩინინის ვიზიტის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან ცნობილი გახდა, რომ რუსი დიპლომატი თბილისში ჩამოსვლასაც აპირებს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ სოხუმში ვალერი ლოშჩინინის ვიზიტის მთავარ მიზნად ახალი ინიციატივა დაასახელა. ესაა ნდობის საკითხებთან დაკავშირებით ქართულ-აფხაზური შეხვედრის, ეგრეთ წოდებული „იალტა - 2“-ის, მოწყობა.

პირველი კონსულტაციები იალტაში გაეროს ეგიდით 2001 წლის მარტში გაიმართა. მანამდე ნდობის საკითხებზე 2 შეხვედრა მოეწყო. იალტაში კი მხარეები ურთიერთნდობის განსამტკიცებელ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ და ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დევნილების დაბრუნების საკითხს.

ახლა რუსეთი ამ პროცესის გაგრძელების წინადადებით გამოდის. ალექსანდრ იაკოვენკოს განცხადებით, ლოშჩინინი სოხუმში „იალტა 2“-ის მოწყობის დეტალებზე მსჯელობას აპირებს.
თბილისში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად კი, ლოშჩინინი იმასაც შეეცდება, რომ სეპარატისტული ხელისუფლება დაიყოლიოს, ბოდენის დოკუმენტზე დათანხმდეს. სავარაუდოა, რომ თბილისის ასეთი ოპტიმიზმი მოსკოვის დაპირებების შედეგია. კერძოდ, იაკოვენკოს მტკიცებით, ლოშჩინინის სამუშაო გეგმებში შედის თბილისის მონახულებაც, რაც, სავსებით შესაძლებელია, უახლოეს მომავალში განხორციელდეს. მანვე უარყო ცნობა, თითქოს, პუტინის პირადი წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების იგნორირებას ახდენდეს. ამასვე ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც.

[მენაღარიშვილის ხმა] „მიზნები, რომლებიც ბატონ ლოშჩინინს აქვს, რა თქმა უნდა, ოფიციალურად გვაცნობეს ჩვენ. ეს არის იმის გარკვევა, თუ ვინ იმუშავებს აფხაზეთის მხრიდან კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით და, ასევე, აფხაზური მხარის პოზიციების კიდევ ერთხელ მოსინჯვა ბოდენის დოკუმენტთან და მოლაპარაკებების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ნუ, თუ ეს, მართლაც, რეალობას შეესაბამება, მაშინ ეს პირდაპირი მოვალეობაა ბატონ ლოშჩინინის, როგორც რუსეთის წარმომადგენლისა მოლაპარაკებათა პროცესში.“

ირაკლი მენაღარიშვილის ეჭვნარევ ოპტიმიზმს არ იზიარებს აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი. მან ჩემთან ინტერვიუში განაცხადა:

[ნადარეიშვილის ხმა] „ლოშჩინინი ჩადის სოხუმში იმიტომ, რომ უთხრას აფხაზებს: მიდით, მიაწექით, რკინიგზაც, პასპორტებიც, კიდევ სხვა უამრავი გასაკეთებელი... ნუ გეშინიათ, ჩვენ ვდგავართ თქვენს უკან და თქვენ ხელს ვერავინ მოგკიდებთ. ანუ ის ჩადის იმისთვის, რომ აფხაზებს კიდევ ერთხელ აღმოუჩინოს მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, მორალური, ასევე სამხედრო და ფინანსური. ამიტომ ეს არის შირმა, ბოდენის დოკუმენტი, რომლის წინააღმდეგი თავად რუსეთი იყო ყოველთვის...“ [სტილი დაცულია]

ნადარეიშვილის მოსაზრებებს საფუძვლიანობას მატებს აფხაზ სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მიერ სააგენტო „პრაიმ-ნიუსისათვის“ მიცემული ინტერვიუ. ლოშჩინინთან შეხვედრის შემდეგ შამბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების განახლების წინაპირობად კოდორის ხეობიდან შეიარაღებული ნაწილების გაყვანის საკითხს აყენებს. ასევე, აფხაზურმა მხარემ მოსკოვის წარმომადგენელს თხოვნით მიმართა, დახმარება აღმოუჩინოს გაეროს უშიშროების საბჭოს 31 იანვრის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის უფლების მისაღებად.

ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, სოხუმში 3 დღიანი ვიზიტის შემდეგ ეწვევა თუ არა თბილისს ვალერი ლოშჩინინი. აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი სოხუმში თბილისის გავლით უნდა ჩასულიყო და შემდეგ კვლავ თბილისს სწვეოდა.
XS
SM
MD
LG