Accessibility links

logo-print

ბადრი ზარანდიას მკვლელობა


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართველ პატრიოტთა კავშირის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერის ბადრი ზარანდიას მკვლელობას ფართო რეზონანსი მოჰყვა. მოკლულის თანაპარტიელები ტრაგედიას პოლიტიკურ მკვლელობად მიიჩნევენ;

გამოძიება, როგორც წესი, ვერსიებს არ ახმაურებს, მაგრამ ნათელია, პოლიტიკური მკვლელობის გარდა, სხვა ვარაუდებიც არსებობს და ისინი უკავშირდება ზარანდიას ჩართულობას სხვადასხვა ბიზნესში. ასეა თუ ისე, თითქმის ყველა თანხმდება მოტივზე – ზარანდია მოკლეს ანგარიშსწორების მიზნით. საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანების მკვლელობა საქართველოში ლამის ტენდენციად იქცა.

ბადრი ზარანდიას მკვლელობა, არ არის გამორიცხული, მართლაც გაიხსნას, რადგან მოკლული არ იყო იმ მასშტაბის ფიგურა, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი საიდუმლო უკავშირდებოდეს პოლიტიკასა თუ ბიზნესში. მკვლელობის ოფიციალური ვერსია ჯერ არ არსებობს, მაგრამ მოარულ მიზეზთა შორის ასახელებენ იარაღისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესს, რომელშიც, შესაძლოა, ჩართული იყო ბადრი ზარანდია. არ გამორიცხავენ კონკურენტი კრიმინალური ჯგუფის დაინტერესებასაც მისი მკვლელობით. რაც შეეხება ნართაულებს ნაციონალური მოძრაობის, როგორც მკვლელობის შესაძლო დამკვეთის, შესახებ, ეს, ალბათ, ყველაზე ნაკლებ სარწმუნოა. ცნობილია, რომ შარშან ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, ზუგდიდელ მოქალაქეებთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობას სწორედ ბადრი ზარანდიასა და მასთან მყოდ ადამიანებს მიაწერდნენ. ამ ნიადაგზე შეიქმნა ვერსია პოლიტიკური მკვლელობისა, რომელიც თითქოს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით შესრულდა. პატრიოტთა კავშირი, რომელსაც მიეკუთვნებოდა ბადრი ზარანდია, არ წარმოადგენს არც წმინდა პოლიტიკურ და არც ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას. პედალირება ვერსიისა, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა, უფრო სხვა ვერსიათაგან ყურადღების გადატანას ემსახურება.

ორი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ ბადრი ზარანდიას მკვლელობაზე ჯერ გარკვევით არაფერი ითქვას. პირველი და არაარსებითია ცნობილი პრინციპი – მიცვალებულზე ან კარგი უნდა ითქვას, ან არაფერი. მეორეა შიში ან სიფრთხილე, რომელიც ბუნებრივად ჩნდება სავარაუდო კრიმინალური კავშირების გარკვევისას. თუმცა, ვიმეორებ, სამართალდამცავი სამსახურებისთვის ამ მკვლელობის გახსნა უფრო იოლი უნდა იყოს, როგორც დანაშაულის შემადგენლობის, ისე მის შესაძლო მოტივებზე ხელმისაწვდომობის გამო. ბადრი ზარანდია არ იყო, ვთქვათ, კახი ასათიანის მასშტაბის მოღვაწე, მისი მკვლელობის გახსნას ცნობილი და მნიშვნელოვანი სახელებისკენ რომ მივყავდეთ. ოფიციალურად ასათიანის მკვლელობა ჯერაც ბურუსით არის მოცული, არაოფიციალურად კი უკვე გამოიკვეთა მოტივი, რომელიც ამ ტრაგედიას საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მსხვილ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტსა და ავიაბიზნესში მის ინტერესებს უკავშირებს. ბუნებრივია, სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ეს ყველაფერი მითქმა-მოთქმაა და საჯაროდ ასეთ ვერსიებსა თუ მოტივებს სერიოზულად არ შეხედავენ.

საქართველოში უმძიმეს კრიმინალურ ვითარებაზე დღეს პრეზიდენტიც კი დაუფარავად ლაპარაკობს. ვინც დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებას თვალს ადევნებს, შენიშნავს, რომ ამ პრეზიდენტის ხელში ერთხელ, თითქოს, უკვე გაუსწორდნენ კრიმინალურ გაერთიანებებს, რომელთაც ახლა, აშკარად, აღორძინების ხანა უდგათ. მათთან ბრძოლა პრინციპულად შესაძლებელია ახლაც, სანამ კრიმინალური ფული მხოლოდ ბიზნესში ტრიალებს და ფართო სოციალური დასაყრდენი არ შეუძენია. თავის დროზე სწორედ იმან შეაძლებინა ხელისუფლებას დამნაშავეებთან ბრძოლა და მათი შევიწროება, რომ კრიმინალიტეტს სოციალური მხარდაჭერა არ ჰქონდა. ახლაც იმავე გამოწვევის წინაშე ვართ.
XS
SM
MD
LG