Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია ისრაელის პრემიერის საქმეს იძიებს: შარონმა იცრუა დაკითხვის დროს


ისრაელის საზოგადოება ნაკლებად არის დაინტერესებული

საარჩევნო კამპანიით და პოლიტიკური დისკუსიებით, თუმცა საპარლამენტო არჩევნებამდე ბევრი დრო აღარ რჩება.
პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა იცრუა დაკითხვის დროს; მისი ორი ვაჟის საქმესაც იძიებენ. - აი, ეს არის მთავარი თემა, რომელიც ისრაელის საზოგადოებას, მასმედიას, მათ შორის, არმიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აინტერესებს. საქმე ეხება 1999 წლისა და 2000 წლის არჩევნებს. ისრაელის ავტორიტეტული გაზეთი “ჰაარეცი” პირდაპირ წერდა: პრემიერ- მინისტრმა პოლიციის მიერ მისი დაკითხვის დროს შეგნებულად იცრუაო. შარონი პრესის მიერ გამოთქმულ ბრალდებას უწოდებს დეზინფორმაციას, რომელსაც ხალხის შეცდომაში შეყვანა აქვს მიზნად. ამ დროს, მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა შრომის პარტიის ლიდერმა, ოპოზიციის ხელმძღვანელმა ამრამ მიცნამ.
საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 28 იანვარს მოეწყობა, მანამდე კი გაგრძელდება გამოძიება, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუპციას ორივე დიდ პარტიაში წინასწარი არჩევნების დროს. შარონის უფროს ვაჟს ომრი შარონს წინასწარი არჩევნების დროს კრიმინალურ ელემენტებთან კავშირი ბრალდება. უფრო სერიოზულია შარონის უმცროსი ვაჟის გილადის მიმართ ბრალდება. მის ანგარიშზე ტელ-ავივის ერთ-ერთ ბანკში მილიონნახევარი დოლარი ჩაირიცხა. ფულის ჩამრიცხავი იყო ვინმე კირილ კერნი, სამხრეთ აფრიკიდან. თანხა ავსტრიის ერთ-ერთი ბანკიდან წავიდა და, ნიუ-იორკის ბანკის გავლით, მოხვდა ტელ-ავივში. თვითონ გილად შარონმა კი თანხა შარონების ოჯახის ანგარიშზე ისრაელის სამხრეთის ქალაქ სდეროტში გადარიცხა. როგორც ირკვევა, ფული კრედიტის გასასტუმრებლად იყო საჭირო. კრედიტი კი პრემიერის ძემ რამდენიმე კვირით ადრე აიღო. კრედიტის თანხით არიელ შარონმა ისრაელის სააუდიტორო სასამართლოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ფული გადაუხადა. უწყებამ დაადგინა, რომ გაერთიანება “ანექსი” იღებდა არალეგალურ შეწირულობებს, რითაც შარონის საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯები იფარებოდა. თვით “ანექსი” კი მხოლოდ სახელი, მხოლოდ მისამართი აღმოჩნდა, რეალურად კი გაერთიანება არ არსებულა. ამიტომ პრემიერ-მინისტრს ეს თანხები საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაეხადა, ამას ავალდებულებს მას კანონი. კრედიტის გარანტიად ბანკს შარონების საკუთარი ფერმა დაეთმო. როცა შარონი პოლიციამ დაკითხა ამ საქმის გამო, მან გამომძიებლებს საკუთარ ვაჟზე მიუთითა: “ანექსის” საფინანსო საქმეებთან არაფერი მაქვს საერთოო, - თქვა პრემიერ- მინისტრმა. ვაჟი კი ამ დროს, საერთოდ, დუმს. პრემიერ- მინისტრმა პოლიციის შეკითხვაზე, თუ რა წყაროებით აპირებდა ის ხარჯების დაფარვას, უპასუხა: კრედიტით, რომელშიც ჩემი ფერმაა ჩადებული გარანტიადო, - როცა იმ დროს უკვე უნდა სცოდნოდა, რომ კრედიტი გაუქმებული იყო.
გაზეთმა “ჰაარეცმა” სამხრეთ აფრიკაში მოიძია კირილ კერნი, რომელმაც აღიარა, შარონს პირადად ვიცნობო, მაგრამ როცა ჰკითხეს, გილად შარონს რომ ფული გადაურიცხე, ის რა იყოო, მან ყურმილი მაშინვე დაკიდა.

გენუის პოლიციის მაქინაცია დემონსტრანტების დისკრედიტაციის მიზნით

2001 წელს გენუაში, იტალიაში, გლობალიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოეწყო. ახლა გაირკვა, რომ პოლიციამ, იმისთვის, რომ დემონსტრანტებისთვის სახელი გაეტეხა, ისინი მოძალადეებად გამოეყვანა, სიყალბეს მიმართა. იტალიაში იმ დროს გავრცელებული ხმა ახლა დადასტურდა. გენუაში მაშინ სამრეწველო თვალსაზრისით 7 წამყვანი ქვეყნისა და რუსეთის პრეზიდენტები შეიკრიბნენ და პროტესტიც მათ გასაგონად გაისმა. გამოსვლებში 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. არც პოლიციის იქ მობილიზებული ჯარი იყო მცირერიცხოვანი. შეხვედრის შემდგომ გენუაში პოლიციამ 200-მდე მძიმედ დაშავებული მოქალაქე და ერთი მოკლული დატოვა. 20 წლის პოლიციელმა ტყვიით განგმირა 25 წლის სტუდენტი კარლო ჯულიანი. გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებმა თავიანთ ღამის სათევ ადგილად აირჩიეს ერთ-ერთი სკოლა, რომელსაც ერთ ღამეს პოლიციამ შეუტია და შტურმით აიღო. ამ აქციის შედეგად, 93 კაცი დაიჭირეს, მათ შორის, 72 მძიმედ დაშავებული. შენობა, ოთახები, სადაც პროტესტანტები იმყოფებოდნენ, სისხლით იყო მოთხვრილი პოლიცის აქციის შემდეგ. როგორც გაზეთები მაშინვე წერდნენ, პოლიციამ გამოიყენა ხელჯოხები, თუმცა ამის არავითარი საჭიროება არ იყო, დაამსხვრია, გაანადგურა კომპიუტერები, ჩაამსხვრია ფანჯრები.
როგორც ახლა გამოძიებამ დაადგინა, პოლიციის მაშინდელ ანგარიშებს არ უნდა ვენდოთ. პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერმა პიეტრო ტროიანიმ გამოძიების მსვლელობისას აღიარა, რომ ვითომდა სკოლაში ნაპოვნი მოლოტოვის კოკტეილით სავსე ორი ბოთლი, რითაც პოლიციას ხალხის თვალში თავისი ქმედების გამართლება სურდა, თავად პოლიციის მიერვე იყო სკოლის შენობაში შეტანილი. ეს ფაქტი დაადასტურა უშუალოდ ტროიანის მძღოლმაც, რომელმაც ეს ამოცანა თვითონ შეასრულა. პიეტრო ტროიანიმ დაკითხვის დროს თვითკრიტიკულად განაცხადა, მთელი ეს ქმედება უდიდესი სისულელე იყოო. და როგორც ჩანს, სიყალბე ამ სისულელით არ ამოწურულა. სიცრუე და გამოგონილი აღმოჩნდა ასევე პოლიციის ერთ ოფიცერზე დანით თავდასხმა, ასევე არ შეეფერება სიმართლეს პოლიციის ანგარიში, თითქოს მას პროტესტანტებს შორის იარაღი აღმოეჩინოს. ყოველივე ეს აღიარა ფრანკო გრატერიმ, გენუაში მოწყობილი ამ აქციის მაშინდელმა მეთაურმა.
მთავარი ის არის, რომ ჯერჯერობით ღიად არავინ ლაპარკობს, რა იყო პოლიციის ამ აქციის ნამდვილი მიზანი. ვის რგებდა დემონსტრანტების ამგვარი დისკრედიტაცია? ნუთუ ახალ მთავრობას სურდა ამით ხალხისთვის ეთქვა, ჩემს წინააღმდეგ თუ გამოხვალთ, ასე მოგექცევითო?
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG