Accessibility links

logo-print

იარაღისა და ძალადობის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში


ქართულ პოლიტიკაში იარაღისა და ძალადობის ფაქტორი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე გაჩნდა და ჩვენს სინამდვილეში იგი დღემდე მთავარ არგუმენტს წარმოადგენს პოლიტიკურ ბრძოლაში.

2002 წლის განმავლობაში საზოგადოება არაერთხელ იყო იმის მოწმე, თუ როგორ ამოდიოდა ეს ჯინი ბოთლიდან. შესაბამისად, "პატრიოტთა კავშირის" სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელის, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობა მხოლოდ მორიგი დასტურია იმისა, რომ იარაღისა და ძალადობის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში კვლავაც სიცოცხლისუნარიანია.

ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ძალადობის მეთოდების გამოყენების ისტორია საქართველოში, პირობითად, რამდენიმე ეტაპად იყოფა: 1990 წლიდან 1995 წლის ჩათვლით, რომელსაც შეიძლება აღვირახსნილი ძალადობის დემონსტრირების პერიოდი ვუწოდოთ, 1995 წლიდან 2001 წლამდე, როდესაც იარაღიანი ადამიანის კულტი არანაკლებ საშიშმა ჰალსტუხიანმა მოძალადემ შეცვალა და ჯერჯერობით ბოლო, მესამე, პერიოდი, რომელიც სათავეს იღებს 2001 წლიდან და რომლის დროსაც კვლავ ახალი ძალით იწყება პოლიტიკაში იარაღიანი ადამიანების კულტივირება.

ისტორიის ამ მოკლე მონაკვეთში საქართველოში ოპონენტებს ანგარიშს უსწორებდნენ ბრძოლის ველზე, ქუჩაში, საცხოვრებელ სახლებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარ სამუშაო კაბინეტებშიც კი. ამ ანგარიშსწორების დროს საქართველოში იმაზე უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისა თუ თბილისის სამოქალაქო ომის დროს.

და არაფერია გადაჭარბებული იმაში, რომ ქართულ პოლიტიკაში იარაღისა და ძალადობის ფაქტორის კულტივირება ყოველთვის ხელისუფლების სახელთან ასოცირდება. ამ ფაქტორს იყენებდა საქართველოს პირველი ეროვნული ხელისუფლება და მის შემდგომ მოსული ყველა მმართველი ძალა. ასევე ხელისუფლება ურიგებდა ინდულგენციებს თავის ყოფილ მოწინააღმდეგეებს და შემდგომ რატომღაც კვლავ აიარაღებდა მათ, როგორც ეს აკაკი ელიავას შემთხვევაში იყო. ბადრი ზარანდიაც, რომელიც, სხვა პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად, ხელისუფლებამ 2000 წელს შეიწყალა, ასევე მალევე აღმოჩნდა შეიარაღებული. ხოლო უკვე 2001 წლის ოქტომბერში, ჯაბა იოსელიანთან ერთად, მან შერიგების მანიფესტს და "სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირის" შექმნას მოაწერა ხელი. პარლამენტარი ელენე თევდორაძე, რომელმაც თავის დროზე ძალიან ბევრი გააკეთა ბადრი ზარანდიას გასათავისუფლებლად, ამბობს, რომ აკაკი ელიავას მსგავსად, ბადრი ზარანდიაც ხელისუფლებამ გამოიყენა.

[ელენე თევდორაძის ხმა] "ჩემი აზრით, ბადრი ზარანდიამ შეასრულა თავისი როლი, - თქვენ მე გეუბნებით, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, - მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან ბოლომდე ვერ შეძლო ჩაშლა ამ არჩევნებისა და ამიტომ ის აღარ იყო საჭირო ხელისუფლებისთვის."

ელენე თევდორაძემ ჩვენთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ ამ საშიშროების შესახებ თავის დროზე მან თავად ბადრი ზარანდიაც გააფრთხილა, მაგრამ მის სიტყვებს გარდაცვლილმა ყური არ ათხოვა. ზუგდიდის კაფეში ოთხშაბათს მომხდარი მკვლელობის შემდეგ კი ელენე თევდორაძე კიდევ ერთ გაფრთხილებას იძლევა:
[ელენე თევდორაძის ხმა] "მე აქვე მინდა გითხრათ, იგივე ხაჩიშვილზე მინდა ვთქვა - აქაც შეიძლება მოხდეს იგივე სიტუაცია." [სტილი დაცულია]

მოსალოდნელი, კიდევ უფრო გლობალური, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, 2002 წლის ზაფხულში რამდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ პოლიტიკაში იარაღის და ძალადობის წინააღმდეგ სპეციალურ დეკლარაციასაც მოაწერა ხელი. მაგრამ იქცევა თუ არა ეს დეკლარაცია ათვლის წერტილად და დასრულდება თუ არა ძალადობისა და იარაღის ერა ქართულ პოლიტიკაში? ამ შეკითხვებს ყველაზე უკეთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს გაეცემა პასუხი.
XS
SM
MD
LG