Accessibility links

2002 წლის განმავლობაში ჟურნალისტთა მუშაობა კიდევ უფრო გაძნელდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა პრესის თავისუფლებაზე მეთვალყურე ჯგუფის - "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" - ამ ორიოდე დღის წინათ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2002 წლის განმავლობაში მკვეთრად იმატა

ჟურნალისტების დაპატიმრების, მათზე ფიზიკური თავდასხმებისა და მუქარის შემთხვევებმა.

ანგარიშის მთავარი შემდგენლის, რეჟის ბურჟას თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტთა დაღუპვის შემთხვევების რიცხვმა, მართალია, იკლო, მაგრამ სამაგიეროდ იმატა მუქარისა და დაპატიმრების შემთხვევებმა.

საინტერესოა, რომ ზოგიერთ რეგიონში მდგომარეობა არათუ არ გაუარესებულა, არამედ, პირიქით, გამოსწორდა. "სამშვიდობო ხელშეკრულებებისა და პოლიტიკური რეფორმების წყალობით ანგოლაში, ავღანეთსა და შრი ლანკაში შარშან საგრძნობლად ამაღლდა პრესის თავისუფლების ხარისხიო," ნათქვამია ანგარიშში.

რეჟის ბურჟა ამბობს: [რეჟის ბურჟას ხმა] "და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის გარდამავალი ადმინისტრაციის წყალობით, ბევრი გაზეთი გამოდის. გაადვილდა კერძო რადიოსადგურების - მათ შორის საერთაშორისო მაუწყებლობის - მუშაობა."

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" აღნიშნავს, რომ, მაგალითად, ყოველკვირეული ჟურნალი "ხილიდი" ავღანეთის 31 პროვინციიდან 28-ში ვრცელდება და მისი 17-ათასიანი ტირაჟი თითქმის მთლიანად იყიდება. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ პრესის თავისუფლება მკვეთრად მცირდება დედაქალაქიდან მოშორებულ რაიონებში.

ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პრესის თავისუფლება მცირდება ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია და შეერთებული შტატები. მაგრამ, შეეხო რა ამ საკითხს, ჯგუფმა დაკონკრეტება არ ისურვა. ბურჟამ ილაპარაკა შეერთებულ შტატებში გამჭვირვალობის შემცირებაზე, თუმცა დასძინა, რომ პრესა შტატებში იმდენად ძლიერია, რომ აქამდე უძლებს ზეწოლას.

ჯგუფის წევრი სორია ბლატმანი, რომლის კომპეტენციაში ევროპის ქვეყნები შედის, აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ შეზღუდვას პრესა რუსეთში განიცდის.

[სორია ბლატმანის ხმა] "მაგალითად, მოსკოვში მძევალთა აყვანის შემდეგ, რუსეთის მედია მკაცრად დატუქსეს ამ მოვლენის და, ზოგადად, ჩეჩნეთთან დაკავშირებული ყველა საკითხის გაშუქებისთვის."

"რეპორტიორებს უსაზღვრებოდ" მოჰყავს ნოემბერში მომხდარი ინციდენტი, როცა რუსეთის უშიშროების პოლიციამ დააპატიმრა ჟურნალ "ვრემიას" ცენტრალური კომპიუტერი იმის გამო, თუ როგორ იქნა გაშუქებული მოსკოვის თეატრალურ ცენტრში ჩეჩენ მეამბოხეთა მიერ აყვანილ მძევალთა განთავისულება საგანგებო ძალების მიერ. როგორც ცნობილია, 130-მდე მძევალი დაიღუპა, როცა რუსეთის საგანგებო ძალებმა, ტერორისტების გასაუვნებელყოფად, მომწავლავი გაზი გამოიყენეს.

რუსეთის ხელისუფლებამ, დაეყრდნო რა ახლად მიღებულ ანტიტერორისტულ კანონს, გაილაშქრა პრესის მიერ ამ ინციდენტის გაშუქებისა და, საერთოდ, ჩეჩნეთში მიმდინარე ოპერაციის ყოველგვარი კრიტიკის წინააღმდეგ.

ანგარიშის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო კონტინენტი აზიაა, სადაც შარშანდელი წლის განმავლობაში 11 ჟურნალისტი მოკლეს.

2002 წლის მანძილზე მსოფლიოში, სულ ცოტა, 118 ჟურნალისტი იჯდა ციხეში მათი შეხედულებებისა თუ პროფესიული საქმიანობის გამო. წლის განმავლობაში, სხვადასხვა ხნით, სულ ცოტა, 700-მდე ჟურნალისტი დააკავეს. მათ შორის ერთი პორტუგალიაში და ერთიც - შეერთებულ შტატებში, იმის გამო, რომ არ მოისურვეს ინფორმაციის წყაროს გამხელა.
XS
SM
MD
LG