Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

469-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 469-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა, ტრადიციისამებრ, “მეათე სტუდიაში” გეპატიჟებით და ყოველკვირეულ რადიოჟურნალს დავიწყებთ საქართველოში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მოღვაწეობაზე საუბრით, გიამბობთ ყურანის ქართულად გადათარგმნის შესახებ, მიმოვიხილავთ მოსზრებებს რუსეთთან კულტურული ურთიერთობის საკითხებზე და შემოგთავაზებთ ინტერვიუს შვეიცარიაში მოღვაწე მეცნიერ გია მაჩაიძესთან. ბოლოს კი გამოვეხმაურებით იტალიელი მომღერლისა და მსახიობის, ადრიანო ჩელენტანოს სახელთან დაკავშირებულ ერთ თარიღს. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.
[მუსიკა]

გესაუბრებით ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოში მოღვაწეობის შესახებ
თამარ ჩიქოვანი, თბილისი

წამყვანი:
საახალწლო დღეებში საქართველოში მოღვაწე საერთშორისო ორგანიზაციებმა არაერთი საქველმოქმედო აქცია გამართეს, რაც ძირითადად დევნილი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის დღესასწაულების მოწყობაში გამოიხატა. მაგრამ ერთ მათგანს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტს მცირე მასშტაბის სკანდალი მოჰყვა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ დიდ საკონცეტრო დარბაზში მოწყობილ კონცერტზე 1900 დევნილი ბავშვისთვის განკუთვნილი ბილეთები კი არ დარიგდა, არამედ გაიყიდა. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება? ამ საკითხით თამარ ჩიქოვანი დაინტერესდა.

თამარ ჩიქოვანი:
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, რომელიც 1994 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში, იანვრის დასაწყისში სკანდალში აღმოჩნდა ჩათრეული. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სურვილი, საახალწლო დღეებში საზეიმო კონცერტი გაემართა დევნილი ბავშვებისთვის, მართალია, გამხორციელდა, მაგრამ ქართულ მედიაში გამოჩენილმა ინფორმაციამ, თითქოს კონცერტზე დასასწრები ბილეთები კი არ დარიგდა, არამედგ გაიყიდა, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს მისიას დაუმსახურებელი ტკივილი მიაყენა. ნორვეგიის ლტოლვილტა საბჭოს განათლების პროგრამის კოორდინატორის ლალი სანთელაძის თქმით, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ მხოლოდ შეიძინა დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი კონცერტის 1900 ბილეთი, დარიგებით კი ბილეთები იმ დევნილა მასწავლებლებმა დაარიგეს, ვინც დიდი ხანია, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს: [ლალი სანთელაძის ხმა – იხ.აუდიო ვერსია]

საერთოდ, განათლების პროგრამა ერთერთ წარმატებულია ნორვეგიის საბჭოს მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორის. განათლების პროგრამა ითვალისწინებს როგორც დევნილი მასწავლებლების გადამზადებას, აგრეთვე დევნილ ბავშვებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ფასეულობების დამკვიდრების ხელშეწყობას. კერძოდ: [ლალი სანთელაძის ხმა – იხ.აუდიო ვერსია]

გარდა ამისა, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში დევნილებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის სამსახურებს აფინანსებს. ქუთაისის რეაბილიტაციის პროგრამა იმ შენობების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ დევნილები. გორში კი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მიკროკრედიტების პროგრამა, რომლის დახმარებითაც მცირე ბიზნესში ჩართული დევნილები მცირე კრედიტებს იღებენ. უცნაური სხვა რამ გახლავთ - ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საქმიანობის თაობაზე, რატომღაც, თითქმის არაფერია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ლალი სანთელაძე, რომელიც თავის დროზე საქათველოში ერთერთი ყველაზე პოპულარული რუსულენოვანი გაზეთის ”მალადიოჟ გრუზიის” კორესპონდენტი გახლდათ, მედიის ინტერესის ნაკლებობას ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საკმაოდ წარმატებული საქმიანობისადმი დღევანდელ ჟურნალისტიკაში გამეფებული სკანდალურობის სტილით ხსნის:
[ლალი სანთელაძის ხმა – იხ.აუდიო ვერსია]

[მუსიკა]

როგორ ითარგმნება ყურანი ქართულად?
დავით პაიჭაძე, თბილისი

წამყვანი:
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განათლების პროგრამის კოორდინატორს, ლალი სანთელაძეს თამარ ჩიქოვანი ესაუბრა. “მეათე სტუდიის” შემდეგ სიუჟეტებში ერთგვარად გამოვეხმაურებით ქალბატონი ლალის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, საინფორმაციო საშუალებებში ძირითადად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების გამო და არაერთ დადებით მოვლენაზე გიამბობთ. ვფიქრობთ, უთუოდ ასეთ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ საქართველოში ქართულად ითარგმნება ისლამის მიმდევართა საღვთო წიგნი, ყურანი. ქართულ ენაზე არსებობს ყურანის ერთი თარგმანი, შესრულებული გასული საუკუნის დასაწყისში პეტრე მირიანაშვილის მიერ. მაგრამ მთარგმნელმა ის ყურანის ფრანგულად ნათარგმნი ტექსტიდან გადმოიღო. დღეს კი ყურანი ითარგმნება ორიგინალიდან ანუ მეშვიდე საუკუნის არაბული ენიდან. ამ სამუშაოს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ასრულებს. ყურანის ქართულ ენაზე თარგმნა დააფინანსა გერმანულ-ნიდერლანდურმა ფონდმა “ჰორიზონტმა” კავკასიური სახლის შუამდგომლობით. ჩვენი თბილისელი კოლეგა, დავით პაიჭაძე სწორედ კავკასიურ სახლში შეხვდა და ესაუბრა გიორგი ლობჟანიძეს.

დავით პაიჭაძე:
გიორგი ლობჟანიძე 29 წლისაა. ამ ასაკში მას უკვე თარგმნილი და გამოქვეყნებული, აგრეთვე გამოსაცემად მზადა აქვს ათობით სპარსელი და არაბი – როგორც ძველი, ისე თანამედროვე – მწერლის ტექსტები, თარგმნა ქართული ლიტერატურის რამდენიმე ნიმუში სპარსულად, გამოსცა საკუთარი ლექსების კრებულები. ამ დღეებში გამოვა არაბულიდან თარგმნილი მისი “წიგნი ქალილასა და დიმნასი”, რომელსაც ქართული მწერლობის მცოდნენი “ქილილად და დამანად” იცნობენ, ვახტანგ მეექვსისა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ ამ ტექსტის სპარსული ვერსიის თარგმანის წყალობით. 1999 წელს გიორგი ლობჟანიძემ თეირანის უნივერსიტეტში გაასრულა ასპირანტურის სამწლიანი კურსი ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რელიგიებისა და მისტიკის სპეციალობით. ყურანს გიორგი ლობჟანიძე ფონდ “ჰორიზონტის” დაფინანსებამდეც თარგმნიდა, თბილისის უნივერსიტეტში სწავლის დროსაც, მაგრამ თარგმანის იმდროინდელ პრინციპებზე შემდეგ ხელი აიღო. იმხანად ყურანს ვუყურებდი, როგორც უწინარესად მხატვრულ ტექსტს და, შესაბამისად, პოეტური თარგმანი გავაკეთე, რომელშიც იგრძნობოდა licencia poetica, პოეტური თავისუფლება, მითხრა გიორგიმ. დღეს ის ფიქრობს, რომ ყურანი არა პოეტურად, არამედ სიტყვა-სიტყვით უნდა ითარგმნოს, თვით არაბული სინტაქსის მაქსიმალურად ადეკვატური გადმოტანითაც კი. ცხადია, ეს არ ნიშნავს თარგმანისათვის ესთეტიკური ღირებულების მოკლებას. [გიორგი ლობჟანიძის ხმა]: “სადაც პოეზიაა ყურანში, თარგმანშიც აუცილებლად იგრძნობ მას, რაც უნდა სიტყვა-სიტყვითი თარგმანი იყოს. პოეტურობას მე გამოვრიცხავ, როგორც რიტმულ სტრუქტურას, თორემ რთული თუ მარტივი მეტაფორების თვალსაზრისით, პოეტური ხედვის თვალსაზრისით, თარგმანში ყველაფერი თავის ადგილას დარჩება”.

რაც შეეხება ყურანის თარგმნის მნიშვნელობას, გიორგი ლობჟანიძე ამბობს [გიორგი ლობჟანიძის ხმა]: “უპირველესია კულტუროლოგიური მნიშვნელობა. ვფიქრობ, ყველა კულტურულ ერს თავის ენაზე უნდა ჰქონდეს ამ რანგის ქმნილებები, უკეთ, საღვთო წიგნები, რადგან ყურანს, მუსლიმთა რელიგიური გრძნობების პატივისცემის გამო, ქმნილებას ვერ ვუწოდებ. გარდა ამისა, ყურანის თარგმნა მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე: გარდა იმისა, რომ პროცენტულად ქვეყანაში ქრისტიანების შემდეგ მუსლიმები მოდიან, საქართველო გარშემორტყმულია მუსლიმური ქვეყნებით. ჩვენ, ბუნებრივია, მოგვიხდება ამ ქვეყნებთან ურთიერთობა. ურთიერთობას კი ისე ვერ ააწყობ, თუ არ გაითვალისწინებ, რა წერია მათ უპირველეს წიგნში”.

ბუნებრივია, ყურანის ქართულ ენაზე მკითხველებს დასჭირდებათ ტექსტის განმარტება. გიორგი ლობჟანიძის თქმით, მისი თარგმანი ამასაც გულისხმობს. [გიორგი ლობჟანიძის ხმა]: “ეს არის მეცნიერული გამოცემა. ტექსტი არის უცვლელი, უნიფიცირებული, მაგრამ ფრაზა რომ დასრულდეს, ხშირად ქართულად რაღაც უნდა ჩაემატოს. აი, ის ჩამატებული ფრაზები იქნება ფრჩხილებში ისე, რომ ტექსტს ხელი არ შეუშალოს, ტექსტი იყოს თავისთავადი ღირებულება. ბოლოს ექნება კომენტარები, როგორ ხედავს ამა თუ იმ საკითხს ორი ძირიტადი განშტოება თუ მიმართულება ისლამში – სუნიტები და შიიტები”.

ჩვენი შეხვედრის დასასრულს გიორგის ვთხოვე, წაეკითხა ყურანის რომელიმე სურა არაბულად ქართული თარგმანითურთ. მან პირველი სურის წაკითხვა არჩია, რომელსაც, გიორგის თქმით, მუსლიმები ყოველი ღვთისმსახურებისას კითხულობენ. [გიორგი ლობჟანიძის ხმა] (კითხულობს ჯერ არაბულად, შემდეგ ქართულად):

“სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა
ხოტბა ალაჰს, სამყაროთა მეუფეს, მოწყალესა მწყალობელს
განკითხვის დღის ხელმწიფეს.
მხოლოდ შენ გმორჩილებთ და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას
წაგვიყვანე ჭეშმარიტი გზით, იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება -
არა შერისხულთა და არცა გზააბნეულთა”.
[მუსიკა]

წამყვანი:
დღეს “მეათე სტუდიაში” ფართო საზოგადოებისათვის შედარებით ნაკლებად ცნობილ კიდევ ერთ ქართველ მეცნიერს წარმოგიდგენთ. ოღონდ თუ დავით პაიჭაძე ფილოლოგს ესაუბრა, ასე, ხუთიოდე წუთში ბუნებისმეტყველების სფეროში გადავინაცვლებთ და ბიოფოზიკოს გია მაჩაიძის საქმიანობაზე გიამბობთ. მანამდე კი წინა სიუჟეტში, ანუ ყურანის ქართველ მთარგმნელთან საუბარში ნახსენებ ერთ-ერთ თემას დავუბრუნდებით – ვგულისხმობთ მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს კულტურულ კავშირების მნიშვნელობას.
[მუსიკა]

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ერთი ასპექტი
გიორგი კაკაბაძე, თბილისი

წამყვანი:
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის აზრით, საქართველოსა და რუსეთის კულტურულ კავშირებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ისტორიკოსს დავით აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ კულტურული ურთიერთკავშირების მთავარი დანიშნულება ის კი არ არის, რომ პოლიტიკაზე რაიმე გავლენა მოახდინოს, არამედ ის, რომ ხალხების დაახლოებას შეუწყოს ხელი და მათი გაუცხოების გაღრმავებას აღუდგეს წინ. ამ თემაზე ისტორიკოსს ჩვენი კოლეგა, გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
დავით აბაშიძე, თავდაპირველად, აღნიშნავს, რომ “კულტურული ურთიერთობების სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანის ტრადიცია საბჭოთა ეპოქიდან მოდის და მაშინ ამას დიდი იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა”.

“დღევანდელ ვითარებაში კი გასათვალისწინებელია მხოლოდ და მხოლოდ ის, თუ რა მოთხოვნილებები არის ერთ ქვეყანაში მეორე ქვეყნის კულტურაზე”. ისტორიკოსის თქმითვე, “რასაკვირველია, ამგვარი მოთხოვნილებები არსებობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, მაგრამ კულტურული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელია თავისუფლება, რადგან კულტურას, სახელმწიფოსგან განსხვავებით, არსებითად, საზღვარი არ აქვს”.

[აბაშიძის ხმა] “მაგალითად, რუსეთში არის მოთხოვნილება რუსული რომანსის ქართველ შემსრულებლებზე, გამსაკუთრებით ნანი ბრეგვაძეზე, არის მოთხოვნილება ვახტანგ კიკაბიძეზე. საქართველოშიც ჩამოდიან რუსეთიდან, ვთქვათ, ალისა ფრეინდლიხი, ლენინგრადის თეატრი, ამას წინათ კი ჩამოსული იყო ბორის გრებენშჩიკოვის ჯგუფი “აკვარიუმი”. ეს ძალიან ნორმალური და ბუნებრივია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, როგორც ამას აკეთებენ რუსი პოლიტიკოსები და მათი ქართველი მიმდევრები. მაგალითად, რუს პოლიტიკოსს, იმავე ჟირინოვსკის, და არა მარტო პოლიტიკოსს, უბრალო რუს ადამიანს შეუძლია, სამწუხაროდ, გითხრას რუსებისთვის დამახასიათებელი ირაციონალიზმით: აი, თქვენში ასე პოპულარულია რუსული რომანსი, თქვენთან ასე კარგად მღეროდნენ და მღერიან მას, - განა ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოებში უნდა ვცხოვრობდეთ?”

დავით აბაშიძის თქმით, შორეულ წარსულში და შემდგომშიც, გარკვეულ პერიოდამდე, რუსული კულტურა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა ქართულ კულტურაზე. “იმხანად, როდესაც საქართველო სპარსეთისა და ოსმალეთის გარემოცვაში ცხოვრობდა, ის მოწყვეტილი იყო თანამედროვე კულტურულ სამყაროს და ერთადერთი ძაფი, რომელიც საქართველოს ცივილიზებულ მსოფლიოსთან აკავშირებდა – ქვეყანაში მოღვაწე კათოლიკე მისიონერები იყვნენ”.

[აბაშიძის ხმა] “მაგრამ რუსეთი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მოწინავე და ევროპული ქვეყანა იყო, თურქეთთან და, განსაკუთრებით, ირანთან შედარებით, და, აი, სწორედ რუსეთიდან მოედინებოდა ევროპული კულტურული ნაკადი საქართველოში, რუსეთის გზით შემოდიოდა საქართველოში ევროპული გავლენა”.

რაც შეეხება იმ პერიოდის კულტურულ ურთიერთგავლენას, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს:

[აბაშიძის ხმა] “რუსეთის იმპერია, ცარისტული რუსეთი, მაინც უფრო ცივილიზებული ავტორიტარიზმის ქვეყანა იყო, ის არ იყო იმ დონემდე ავტორიტარული, როგორც საბჭოთა კავშირი. შეიძლება მაშინაც იმპერიული თუ ექსპანსიონისტური გაგებით აღიქვამდა ზოგი რუსი მოხელე ამ კულტურულ ურთიერთობას, მაგრამ მაინც იმ დოზით არა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. მაინც მაშინ უფრო თავისუფლად ვითარდებოდა კულტურული კავშირები, მაგალითად, რუსულ ბალეტში ქართული ცეკვის ელემენტები იყო შეტანილი”.

საბჭოთა პერიოდში კი, დავით აბაშიძის თქმით, მკაფიოდ გამოიკვეთა ე.წ. “სტალინური კულტურის” მავნე ზეგავლენა კულტურულ ურთიერთკავშირებზე, რაც დღესაც თვალნათლივ იგრძნობა ქართულ კულტურაში და, თუნდაც, ქართულ მენტალიტეტში. საკმარისია ითქვას, რომ სტალინიზმის ეპოქისათვის დამახასიათებელი გიგანტომანია დღეს ასახვას პოულობს იმ ახალმშენებლობებში, რომლებიც თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს და დედაქალაქს ამახინჯებს.

თუმცა, როგორც დავით აბაშიძე აღნიშნავს, ყოველივე ამას არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან. მისი თქმით, “მაშინ, როცა საქართველო მკაფიოდ ადგას ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას, მიამიტობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ კულტურული ურთიერთკავშირების გააქტიურებით რუსეთის ხელისუფლება შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ”.

გიორგი კაკაბაძე რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი
[მუსიკა]

ინტერვიუ ბიოფიზიკოს გია მაჩაიძესთან
დავით კაკაბაძე, პრაღა

წამყვანი:
ქართველი მკვლევარი, რომლის შესახებ, დაპირებისამებრ, ახლა გიამბობთ, ევროპაში, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მოღვაწეობს და მასთან, ბიოფიზიკოს გია მაჩაიძესთან საუბრით დღეს კიდევ ერთხელ გვეძლევა პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა. ჩვენი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ქართველ მეცნიერს ტელეფონით დაუკავშირდა დავით კაკაბაძე და მას თავდაპირველად სთხოვა, მოეთხრო თავისი სამეცნიერო კარიერის შესახებ. აი, როგორი იყო გია მაჩაიძის პასუხი.

იხ. აუდიო ვერსია

წამყვანი:
დავით კაკაბაძე ესაუბრებოდა ბიოფიზიკოს გია მაჩაიძეს, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობს. ახლა კი ამ ქვეყნის სამხრეთელ მეზობელს მივაშურებთ...

[მუსიკა- ადრიანო ჩელენტანო ასრულებს სიმღერას “Azzuro”]
ადრიანო ჩელენტანო 65 წლისაა
მარიამ ჭიაურელი, პრაღა

ადრიანო ჩელენტანოს ასაკი არ ეტყობა- ერთი ესაა, რომ თმა კიდევ უფრო შეუთხელდა, თორემ ახალ და ამ 30 წლის წინანდელ სურათებს შორის სხვაობა ძნელი ამოსაცნობია, რომ აღარაფერი ითქვას განსაცვიფრებლად მოხდენილ მოძრაობაზე, რომელიც იტალიელი მსახიობისა და მომღერლის მონაწილეობით გადაღებულ საეჭვო მხატვრული ღირებულების ფილმებსაც კი ნახვის ღირსს ხდის. ასეთი ფილმი კი ბევრია, მათ შორის თუნდაც “ბინგო-ბონგოს”, ან “ჭირვეულის მორჯულების” გახსენება შეიძლება. არადა, ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელშიც ადრიანო ჩელენტანო გადაიღეს, კინოს ნამდვილი შედევრი იყო - ფედერიკო ფელინის “ტკბილი ცხოვრება”. მაშინ ჩელენტანოს მხოლოდ ეპიზოდური როლი ერგო, მოგვიანებით კი დიდ რეჟისორებთან თანამშრომლობა აღარ ღირსებია.

მაგრამ ამ გარემოებას არასოდეს შეუშლია ხელი ჩელენტანოს პოპულარობისათვის - 1957 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მომღერალმა მშობლიურ მილანში “როკ-ენ-როლის” კონკურსში გაიმარჯვა, იტალიაში მას იცნობენ და უყვართ. სულ რამდენიმე დღის წინ ადრიანო ჩელენტანო იტალიის ტელევიზიის მრავალრიცხოვან შოუთაგან ერთ-ერთის სტუმარი იყო: იცინოდა, ხუმრობდა, მსჯელობდა პოლიტიკასა და სიყვარულზე, ეკონომიკასა და სპორტზე. როგორც მომდევნო დღეს ერთ საგაზეთო კომენტარში ეწერა, მართალია, კაცი ვერ გაიგებდა, რისი თქმა უნდოდა შოუს სახელგანთქმულ სტუმარს, მაგრამ მაყურებლები მაინც მოხიბლული და აღტაცებული დარჩნენო.

ჩელენტანოს ფენომენმა სოფია ლორენიც კი ჩააფიქრა – “ეს კაცი ბუნების სტიქია არისო”, ასეთია ამ უბერებელი ლამაზმანის დასკვნა, რომელიც იტალიაში ლამის რაინდის ხარისხში აყვანას უდრის. ეს კი მართლაც დიდი მიღწევაა კაცისთვის, რომელიც მილანის ღატაკთა უბანში დაიბადა, სკოლაში სულ ხუთი წელი დადიოდა და მესაათობაზე ოცნებობდა.

პრობლემების სიღრმეში ჩაწვდობის პრეტენზია ადრიანო ჩელენტანოს არასოდეს ჰქონია, თუ ერთ გამონაკლისს არ გავითვალისწინებთ: 80-ანი წლების ბოლოს ის უძღვებოდა ტელეშოუს მრავლისმეტყველი სახელწოდებით “ფანტასტიკო”, რომელიც არც თუ იშვიათად, ე.წ. საჭირბოროტო თემებსაც ეთმობოდა. შოუს წამყვანის მკაცრი კრიტიკის საგანი იყო მაგალითად, ატომური ენერგია და ზღვის მწავებზე ნადირობა, რითაც მან მემარცხენე ინტელექტუალების ინტერესიც კი დაიმსახურა. მაგრამ ინტერესი მალე აღშფოთებამ შეცვალა, როცა ადრიანო ჩელენტანოს კრიტიკის საგანი უცებ აბორტი აღმოჩნდა.

ძნელი წარმოსადგენია, ჩელენტანოს დიდად ადარდებდეს ინტელექტუალების აღშფოთება – მისი ფილმები “სერაფინო”, “ბლეფი”, “ჭირვეულის მორჯულება”, მისი სიმღერები “Il ragazzo della via Gluck”, “Azzuro”, “Soli” დღემდე მილიონობით ადამიანს უყვარს იტალიასა თუ უცხოეთში. უყვართ ჩელენტანოს ოდნავ ხრინწიანი ხმა, სიარულის მანერა, განუმეორებელი მიმიკა... “წინათ მე დავდევდი გოგოებს, ახლა კი ისინი დამდევენო”, ასე აჯამებს თავისი კარიერის მანძილზე მოპოვებულ წარმატებებს ადრიანო ჩელენტანო.

ძნელია დასაჯერებელია, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ, 6 იანვარს მას 65 წელი შეუსრულდა!
[მუსიკა- ადრიანო ჩელენტანო ასრულებს სიმღერას “Soli”]

წამყვანი:
რადიო “თავისუფლების” დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ყოველკვირეული რადიოჟურნალი “მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის სტუდიაში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას უძღვებოდა მარიამ ჭიაურელი. გემშვიდობებით. ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”.
XS
SM
MD
LG