Accessibility links

სამხედრო სცენარები საქართველოს ირგვლივ


საფრთხის თვალსაზრისით, გასული წელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოსთვის. ფეთქებადსაშიში პრობლემა პანკისის ხეობაში და რუსეთის ღია აგრესია ბევრ ანალიტიკოსს აფიქრებინებდა,

რომ საქართველოში მოვლენები ომის სცენარით განვითარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის პრობლემა მოგვარებულად გამოაცხადა, ამერიკული ორგანიზაცია "Rand Corporation"-ის ანალიტიკოსები, რომელთა მოსაზრებებიც სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" მოჰყავს, კვლავ წინასწარმეტყველებენ საქართველოში ტერორისტთა გააქტიურებას. თავის მხრივ, საქართველოს ირგვლივ სამხედრო სცენარების საკუთარი ვერსია აქვთ რუს ანალიტიკოსებსაც. ამ სცენარებში მთავარი აქცენტი ე.წ. პრევენციულ დარტყმებზე კეთდება.

"Rand Corporation"-ის ანალიტიკოსების ოლგა ოლიკერისა და ტანია ჩერლიკ-პალეის წიგნში გამოთქმულმა პროგნოზებმა საქართველოში შემოვლითი გზით მოაღწია: ინფორმაცია ჯერ რუსეთის სააგენტო "მედიამიქსმა" გამოაქვეყნა, შემდეგ კი ქართულმა"პრაიმ -ნიუსმაც" გადმობეჭდა. მიუხედავდ იმისა, რომ წიგნის ავტორთა მიერ გაკეთებული შეფასებები და მათ მიერ შენიშნული ტენდენციები ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეებისა და სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის არის გამიზნული, "Rand Corporation"-ის ანალიტიკოსების მიერ "გვერდიდან" დანახული სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პრობლემატიკა ყურადღებას იმსახურებს.

ანალიტიკოსთა აზრით, მომავალში საქართველოს ტერიტორია გავლენის სფეროებად გაიყოფა: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კვლავ რუსი მშვიდობისდამცველები დარჩებიან, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და აზერბაიჯანში თურქეთის ჯარები გამოჩნდებიან. სამხრეთ კავკასიის პრობლემას კვლავ დაამძიმებს სამხედრო მოქმედებათა გაგრძელება ჩეჩნეთში, რაც საფუძველს მისცემს რუსეთის ხელისუფლებას საქართველო და აზერბაიჯანი კვლავ ჩეჩენი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულოს. მაგრამ ამჯერად სიტყვიერი მუქარები ესკალაციასა და სამხედრო პროვოკაციებში გადაიზრდება. განახლდება შეტაკებები მთიან-ყარაბაღში, ტერორისტები რამდენიმე წარმატებულ ტერორისტულ აქტს განახორციელებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ამ ვითარებაში ჩავარდნილ მოკავშირეებს დაეხმარება უკრაინა, სამივე სახელმწიფოს ერთობლივი ბრძოლა მოუწევს რუსეთის სამხედრო ნაწილებთან და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ უკრაინა, საქართვლო და აზერბაიჯანი ნატოს რეგიონში მშვიდობისმყოფელთა შემოყვანის თხოვნით მიმართავენ. ერთი სიტყვით, რაც უფრო ღრმად მიდიან "Rand Corporation"-ის ანალიტიკოსები შეფასებებში, მით უარესი კატასტროფული სურათი იხატება.
ამერიკელ ანალიტიკოსთა საშიშ პროგნოზებს პარასკევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა და საზოგადოებას "ამგვარი მასალების" კრიტიკულად შეფასებისკენ მოუწოდა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომლის მსგავსი ასობით მუშავდება ყველა სერიოზულ ანალიტიკურ ცენტრში. და რომელიმე ამ სცენარის სერიოზულად მიღება, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მხოლოდ, ასე ვთქვათ, დეზორიენტირებას გამოიწვევს საზოგადოებისას."

თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ჰიპოთეტური სცენარებიდან რამდენიმეს, მათ შორის, ნავთობსადენზე ტერორისტულ თავდასხმებს, სავსებით რეალურად მიიჩნევს, რის შესახებაც “კომანდოს" ბატალიონის გამოშვების დროს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ სრულიად ღიად განაცხადა.
[თედო ჯაფარიძის ხმა] "მე ვთქვი კიდევაც, რომ მათი გამოყენება შეიძლება, მაგალითად, ნავთობსადენების სისტემის დასაცავად, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ტერაქტი ამ სისტემის წინაღმდეგ განხორციელდეს."

აღსანიშნავია, რომ სანამ "Rand Corporation"-ის ანალიტიკოსთა პროგნოზები გამოქვეყნდებოდა, მანამდე – კერძოდ, შარშან ოქტომბერში - საქართველოში სამხედრო მოქმედებათა სცენარების შესახებ საკუთარი ვერსია რუსმა ექსპერტებმაც გამოაქვეყნეს გაზეთ"ნეზავისიმაია გაზეტაში". ამერიკელი კოლეგებისგან განსხავებით, რუსი ანალიტიკოსები აქცენტს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაზე აკეთებდნენ. ეს ჰიპოთეტური მოქმედება საქართველოს მთიანეთში პრევენციული საავიაციო და საარტილერიო დარტყმების და სადესანტო ჯგუფების გადასროლას გულისხმობდა.

ეს პროგნოზი მაშინ არ გამართლდა. მაგრამ ეს სრულებითაც არ არის საკმარისი საფუძველი ანალიტიკოსთა პროგნოზების იგნორირებისთვის, რადგან, ხელნაწერებისა არ იყოს, ასეთი სცენარებიც არასოდეს იწვიან.
XS
SM
MD
LG