Accessibility links

logo-print

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია სასამართლოში დამარცხდა


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 10 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა პროცესი, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე განიხილავდნენ ავიაკომპანია “აირზენას” სარჩელს.

მოსარჩლე ითხოვდა, სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო ის ნორმატიული აქტები, რომლებიც ავიაკომპანიას ე.წ. რეგულირების საფასურის გადახდას უწესებდა. ამ გადასახადის დიდი ნაწილი უნდა ჩარიცხულიყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე, როგორც ადმინისტრაციის მიერ გაწეული მომსახურების საფასური. “აირზენას” სარჩელი დაუკმაყოფილეს: ნორმატიული აქტები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ცნეს.

სამოქალაქო ავიაციის სფეროში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდა დადგინდა ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებულებით 2001 წლის 28 დეკემბერს. ამ და მინისტრის კიდევ ერთ ბრძანებულებას, ასევე, ტრანსპორტის შესახებ კანონის ზოგიერთ მუხლს ასაჩივრებდა “აირზენა” საკონსტიტუციო სასამართლოში. “აირზენა” აცხადებდა, რომ ის ისედაც იხდის გადასახადებს და არ აპირებს გადაიხადოს რეგულირების საფასური, რომელსაც აწესებს არა საგადასახადო კოდექსი, არამედ მინისტრის ბრძანებულება. უნდა ითქვას, რომ რეგულირების საფასურის გადახდა ეხებოდა არა მხოლოდ ავიაკომპანიებს, არამედ ავიასააგენტოებს, საქაერონავიგაციას, საავიაციო საწვავითა და საპოხი მასალებით უზრუნველმყოფ კომპანიებს. რეგულირების საფასურზე დიდწილად იყო დამოკიდებული ფუნქციონირება სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა, რომელსაც ევალება პოლიტიკის წარმართვა ავიაციის სფეროში. “აირზენას” დღიდან ამ საფასურის დაწესებისა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდეც კი, ერთი თეთრიც არ გადაუხდია. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ჯემალ კახიანმა განმიცხადა, რომ გასული წლის მანძილზე ამ საფასურმა მხოლოდ “აირზენასთვის” 220 ათასი ლარი შეადგინა. ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა:
-
“ამ გადასახადს იხდიდნენ სხვა ავიაკომპანიები?
-
ყველა იხდის, “აირზენას” გარდა.
-
უცხოური ავიაკომპანიებიც?
-
უცხოური ავიაკომპანიებიც იხდიან.
-
ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათ ექნებათ საფუძველი, უარი თქვან გადახდაზე?
-
ამ გადაწყვეტილების შედეგად, წააგებს, პირველ რიგში, “აირზენა,” იმიტომ რომ მას შეუწყდება მომსახურება, და შემდეგ – სახელმწიფო.
-
თქვენ გაიფიცებით და არ მოემსახურებით მას? სასამართლო ამბობს, რომ რეგულირება თქვენი ფუნქციაა.
-
ჰო, მაგრამ ფუნქცია რომ შევასრულო, ხელფასი ხომ უნდა მივიღო?!
-
ეს საფასური დაწესდა 2002 წლის 1 იანვრიდან. მანამდე თქვენ ხომ ასრულებდით რეგულირების ფუნქციას?
-
ვასრულებდით, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტი გვაფინანსებდა.
-
და უარი გითხრეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე?
-
ბიუჯეტმა – არა. საფასურის ასეთი წესი დაადგინა კანონმა, რომელიც აქ გაასაჩივრეს. მე ვთვლი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაერკვა არა მარტო იურიდიულ საკითხებში, არამედ ზოგადეკონომიკურ საკითხებშიც და ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება გამოიტანა”.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილოა. კმაყოფილი მხარე, ანუ “აირზენას” წარმომადგენლობა, პარასკევს პროცესზე არ ჩანდა. სარჩელის შეტანის დროს, როცა ავიაკომპანიას რეგულირების საფასური 150 ათასი ლარი ემართა, კულუარებში ამბობდნენ, რომ ასი ათასად “აირზენას” გარანტირებული ექნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება. სასამართლოს განჩინება ავიაკომპანიას სრულად აკმაყოფილებს. ქრთამზე ყოველგვარი მინიშნება კი უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს: სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება და დაინტერესებულ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, განსაჯონ, რამდენად გამართულია ის, იურიდიული თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG