Accessibility links

logo-print

ჩეჩენმა ლტოლვილებმა პანკისში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს


ჩეჩენ ლტოლვილთა გამაფრთხილებელი აქცია პანკისის ხეობის ცენტრალურ სოფელ დუისში საგანგებო რეზოლუციის მიღებით დამთავრდა. რეზოლუცია, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებისა

და კონფლიქტების მოწესრიგებით დასაქმებული საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით უნდა გავრცელდეს, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს, შეაჩეროს ომი ჩეჩნეთში. ანალოგიური გამაფრთხილებელი აქცია პანკისში ორი თვის წინაც გაიმართა და მოგვიანებით შიმშილობის აქციაში გადაიზარდა. შიმშილობის აქციის შეწყვეტაში მაშინ დიდი წვლილი შეიტანა პარლამენტარმა ქალბატონმა ელენე თევდორაძემ, რომლის მისამართით აქციის ორგანიზატორებმა 10 იანვარს ჩემთან საუბარში პრეტენზიები გამოთქვეს.

პანკისის ხეობაში მდგომარეობის ეგრეთ წოდებულ ნორმალიზაციას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ასლანბეკ აბდურზაკოვი უფრო დროებით სიმშვიდედ მიიჩნევს. ჩვენ დავწყნარდით საქართველოს პარლამენტის, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან პასუხის მოლოდინშიო, - ამბობს იგი. ჩეჩნური საკითხის სირთულის შესაბამისად, იგი ძირითად აქცენტს ჩეჩენი ლტოლვილების სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესაძლებლობის ლობირებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე აკეთებს. სწორედ ამ მიმართულებით გამოთქვამს პრეტენზიებს საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე თევდორაძის მიმართაც:
[ასლანბეკ აბდურზაკოვის ხმა] “ჩვენ გავუგზავნეთ მიმართვა პატივცემულ ელენე კონსტანტინეს ასულ თევდორაძეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ გარკვეული ვერც სიტყვიერი და ვერც წერილობითი პასუხი. მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ასეთი საქციელი არ შეესაბამება რანგს იმ ადამიანისას, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ასეთი პოსტი უკავია. ჩვენ ასე ვიცით, რომ ეს არ არის ქართული საზოგადოების სახე, რომელიც სავსებით ობიექტურად და კეთილსინდისიერად მიუდგა ჩეჩნურ პრობლემას და ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენს სამართლიან მოთხოვნებს”.
[ელენე თევდორაძის ხმა] “ეს უკვე მათი საქმეა, როგორ შეაფასებენ. მე მათ მაშინ დავპირდი, რომ ევროსაბჭო აუცილებლად განიხილავს საკითხს, საერთოდ, პანკისის ირგვლივ და მე აუცილებლად ჩამოვიყვან იქ ევროსაბჭოს ექსპერტებს, რაც გავაკეთე. მე მივდიოდი სტრასბურგში მაშინ სექტემბერში. მე გამომიგზავნეს თავისი პეტიცია, რომელიც მე ასამბლეის სესიაზე არა მხოლოდ წავიკითხე, არამედ გავამრავლე და აბსოლუტურად ყველა ქვეყნის დეპუტატებს გადავეცი მათი პეტიცია, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ მესამე ქვეყანამ მიიღოს.”[სტილი დაცულია]
პანკისის ჩეჩენ ლტოლვილთა ერთ-ერთი ლიდერის დაუმსახურებელი კრიტიკით შეწუხებული ელენე თევდორაძე მის მიერ ჩეჩენ ლტოლვილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაწეული სამსახურიდან, სულ ცოტა, კიდევ ორ პუნქტს გამოყოფს: ერთია - წვლილი, შეტანილი ჩეჩენ პატიმართა ექსტრადიციის შეჩერებაში და მეორე - როლი, შესრულებული იმ ორი დაკავებული ჩეჩნის სამ დღეში გათავისუფლების საქმეში, რომელთა გამოც დუისში ორი თვის წინ შიმშილობის აქცია დაიწყო. აქცია, როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებითად, ელენე თევდორაძის ჩარევის შემდეგ დასრულდა.
XS
SM
MD
LG