Accessibility links

logo-print

რას მიაღწია და რას ვერ მიაღწია საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო ასპარეზზე


რას მიაღწია და რას ვერ მიაღწია საქართველომ საგარეო ასპარეზზე 2002 წელს? რამდენად უცვლელი რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები 2003 წელს? რამდენად

მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდეთ საგარეო ურთიერთობათა სფეროში უახლოეს პერიოდში ? ყველა ამ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ამ პრესკონფერენციაზე ირაკლი მენაღარიშვილმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო აფხაზეთის პრობლემასა და მასთან დაკავშირებით რუსეთის ნეგატიურ როლზე საუბარს.


გასულ წელს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების გზაზე რაიმე ხელშესახები პოზიტიური შედეგი არ გამოკვეთილა. ამდენად, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის პრობლემაზე საუბარი ენგურს გაღმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებით შემოიფარგლა. აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთის პასპორტების დარიგების კამპანია და სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება ირაკლი მენაღარიშვილმა საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობად შეაფასა. “საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია ვინმეს აუკრძალოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, მაგრამ კამპანიას, რომელიც აფხაზეთში იქნა წამოწყებული და აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების მიკუთვნებით დასრულდა, სხას ვერაფერს ვუწოდებთ, ”- აღნიშნა მან და იქვე განმარტა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “არც ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის უმოქმედობა ნორმალური მოვლენაა, მაგრამ დასაშვებია ამ მაგისტრალის აღდგენა მაშინ, როცა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების კუთხით.”

ირაკლი მენაღარიშვილის მიერ ხსენებულ “გარკვეულ ნაბიჯებში” აფხაზეთის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკების დაწყება და აფხაზეთში დევნილთა უპირობო და უსაფრთხო დაბრუნება იგულისხმება. მოცემულ ეტაპზე კი არც აფხაზეთის სტატუსის გარკვევის პერსპექტივა იკვეთება და არც აფხაზეთიდან დევნილთა საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებისა. აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ვალერი ლოშჩინინის სოხუმში ვიზიტი მენაღარიშვილმა ვერც დადებით მოვლენად დაახასიათა და ვერც უარყოფითად. თქვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება შედეგების გამოკვეთის შემდეგ აჯობებს და, კიდევ, საგარეო საქმეთა მინისტრის მინიშნებით, 2003 წლის პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში ევროკავშირის სამეულის ვიზიტი იქნება და, საერთოდ, მთელი წელი იქნება შარშანდელზე აქტიური, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა მინისტრის პროგნოზით, 2003 წელს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაც გაღრმავდება. მისი შეფასებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ პირველი ოფიციალური განაცხადის გაკეთება საქართველოს საგარეო ასპარეზზე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამის შემდეგ ნატოსთან თანამშრომლობის გარღმავებას საქართველო ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული ეროვნული პროგრამის მიხედვით შეეცდება. რაც შეეხება ურთიერთობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთია, ირაკლი მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირების მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატები წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს; რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას მინისტრი შესაძლებლად მიიჩნევს, ოღონდ იმ დათმობების გარეშე, რომელსაც საქართველოს სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით სთხოვენ.
XS
SM
MD
LG