Accessibility links

logo-print

“ფხენიანი სამართლიანად იცავს თავს მტრული პოლიტიკისგან”


ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას, გავიდეს 60-იან და 70-იან წლებში შემუშავებული ხელშეკრულებიდან, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას და განიარაღებას გულისხმობს,

მძაფრი რეაქცია მოჰყვა მთელ მსოფლიოში. პარასკევს ფხენიანმა გამოაცხადა, რომ ის, ამასთანავე, წყვეტს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.

ეს ხელშეკრულება, რომელსაც ფხენიანი გამოეყო, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებმა - შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა მიიღეს. მათ შემდგომ ათეულობით სხვა სახელმწიფო შეუერთდა და წლევანდელი წლისთვის მათმა რიცხვმა 188-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს თავიანთი არსენალების შენარჩუნების ნებას აძლევდა, მაგრამ სხვებს ამ იარაღის შეძენისა და შექმნის უფლებას არ უტოვებდა. შეზღუდული და აკრძალულია, აგრეთვე, სხვა ქვეყნებისთვის ბირთვული იარაღის სფეროში მხარდაჭერა. ამ აკრძალვების გასაკონტროლებლად შეიქმნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. 10 იანვარს ჩრდილოეთმა კორეამ, კომუნისტურმა სახელმწიფომ, გამოაცხადა, რომ გადის ამ შეთანხმებიდან უვადოდ. ფხენიანის არგუმენტი ასეთია: ჩრილოეთ კორეას, როგორც სახელმწიფოს, უფლება აქვს - სამართლიანი უფლება, დაიცვას თავი. შეერთებული შტატები, ფხენიანის თანახმად, ყველანაირად ცდილობს ეს სახელმწიფო მოსპოს. ამასთან, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვაშინგტონის მტრული პოლიტიკის იარაღს უწოდებს.
ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ სანქციები, რომლითაც მას ემუქრებიან, ომის გამოცხადებას უდრის და, თუ ამ სანქციებს დაუწესებენ, ის კიდევ უფრო გადამჭრელ ზომებს მიმართავს. ამის ფონზე, ფხენიანი კვლავაც იმეორებს, რომ არა აქვს განზრახული ატომური იარაღის შექმნა და რომ მისი ნაბიჯი, განაახლოს ბირთვული პროგრამა, მხოლოდ სამშვიდობო მიზანს - ქვეყნის ენერგიით უზრუნველყოფას - ემსახურება. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა, როგორც პეკინში ამ ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, გადაწყვეტილებას უსათუოდ შეცვლის, თუკი შეეერთებული შტატები მისთვის ნავთობის მიწოდებას აღადგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ამ ქვეყანას ნავთობის ემბარგო დაუწესეს შეერთებულმა შტატებმა, ევროპის კავშირმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ იმის საპასუხოდ, რომ ჩრდილოეთ კორეა გამოეყო ჟენევის კონვენციას, რომელიც ბირთვული პროგრამის ფარულად განხორციელებას კრძალავს. ენერგიის ნაკლებობის მიზეზით, ჩრდილოეთ კორეაში დეკემბერში ბირთვული რეაქტორი ამუშავდა.
საფრანგეთმა და გერმანიამ ფხენიანის ნაბიჯი სერიოზულად მიიჩნიეს და გაეროში მისი განხილვა მოითხოვეს. ჩინეთმა, ფხენიანის მოკავშირემ, წუხილი გამოთქვა ამ ნაბიჯის გამო.
რაც შეეხება ვაშინგტონს, მისი რეაქცია უფრო თავშეკავებული იყო. თეთრი სახლის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ჯონ ბოლტონმა თქვა: ფხენიანი ხელშეკრულებებს ადრეც არღვევდა, როცა ურანის გამდიდრებაზე მუშაობდაო.
XS
SM
MD
LG