Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბიუჯეტის თაობაზე დაპირისპირება ძლიერდება


საინტერნეტო გამოცემამ “იურეიჟა ვიუმ” გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საქართველოში ბიუჯეტის თაობაზე დაპირისპირებას ეძღვნება. 8 იანვარს, როცა პარლამენტმა უარი თქვა დაემტკიცებინა

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 2003 წლის ბიუჯეტის პროექტი, ედუარდ შევარდნაძე პოლიტიკურ ოპონენტებს დაემუქრა. ადრე ედუარდ შევარდნაძემ “სოციალურად ორიენტირებული” უწოდა ამ პროექტს და იმედი ჰქონდა, რომ კანონმდებლები მას მიიღებდნენ.

მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტის გარშემო კამათი საპარლამენტო არჩევნების წლის პოლიტიკური პაექრობის ნაწილია.

ბიუჯეტის თაობაზე დაპირისპირებამ სტარტი აიღო ჯერ კიდევ დეკემბერში, როცა შევარდნაძის ხელისუფლების საძირკველმა, მოქალაქეთა კავშირმა, პარლამენტში მხოლოდ 116 ხმის მოგროვება მოახერხა. არადა, საჭირო იყო კიდევ ორი კანონმდებლის მიმხრობა, რათა კანონპროექტის მიღება გარანტირებული ყოფილიყო. ორი დღის შემდგომ ფინანსთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ კანონპროექტს განმეორებით წარადგენდნენ, მხოლოდ მცირე ცვლილებით. ამას ის მოჰყვა, რომ ედუარდ შევარდნაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ბრალად დასდო, თქვენ თქვენს კარიერაზე უფრო ზრუნავთ, ვიდრე თქვენს ქვეყანაზეო.
“იურეიჟა ვიუ” მკითხველს შეახსენებს, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოში გამძაფრდა, როცა შევარდნაძის ყოფილი მოკავშირეები, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია, რეფორმისტულად განწყობილ პარტიებს შეუერთდნენ და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყეს ფიქრი.
8 იანვარსვე შევარდნაძემ პარლამენტს განუცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო ბევრ დროს ხარჯავს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებაზე და რომ პარლამენტი ყველაფერზე არ უნდა კამათობდეს.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს უთხრა: პრეზიდენტი პარლამენტის მუშაობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ხოლმეო. იქვე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას მთლიანად არ იზიარებს.
ახლა პარლამენტი, როგორც ეს ბურჯანაძემაც თქვა, კანონპროექტს კიდევ ერთხელ გაიტანს განსახილველად. თუკი ის კვლავაც არ დაამტკიცეს, “იურეიჟა ვიუს” წერილის ავტორის თანახმად, ეს შევარდნაძის მთავრობის - განსაკუთრებით კი, სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის - მარცხი იქნება. ჯორბენაძისა იმიტომ, რომ ის არის პარლამენტში ბიუჯეტის საკითხის გატანისთვის პასუხისმგებელი.
ედუარდ შევარდნაძე კვლავაც უგულებელყოფს ოპოზიციის სიძლიერეს. ის ამტკიცებს, ბიუჯეტის ამ პროექტის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა შემთხვევითი ამბავი იყოო. თუმცა ამაზე სხვა მოსაზრებაც არსებობს.

“იურეიჟა ვიუს” ანალიტიკოსი წერს, რომ ვახტანგ რჩეულიშვილის შეკავშირება მოქალაქეთა კავშირთან, შემდგომ სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლად მისი დანიშვნა წინ უსწრებდა იმ ფაქტს, რომ სოციალისტურმა პარტიამ ბიუჯეტს ხმა მისცა. ასლან აბაშიძე გაურიგდა ჯორბენაძეს აჭარის, რომელსაც “იურეიჟა ვიუ” სეპარატისტულ რეგიონად მოიხსენიებს, გადასახადების საკითხის თაობაზე დიალოგის შესახებ. და ეს ორივე გარიგება, საინტერნეტო გამოცემის თანახმად, ერთობ საკამათოა და სახელმწიფო მინისტრისთვის - სარისკოც. პროექტის ჩავარდნის შემდგომ ჯორბენაძე პარლამენტის თვით ზომიერად ცნობილმა სპიკერმაც კი გააკრიტიკა არაკონსტრუქციულობის გამო.
შევარდნაძე, განაგრძობს “იურეიჟა ვიუ”, სხვა პარტიების მიმართ ზომიერ პოლიტიკას ადგება. ამასთან, კვლავ ერიდება ოპოზიციასთან კონსულტაციებს. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, შევარდნაძეს ახლა იმის იმედი აქვს, რომ ამომრჩევლებს ბიუჯეტის დახმარებით მოისყიდის. ამასთან, ის ოპოზიციის შიგნით განხეთქილებაზე ამყარებს იმედს. ოპოზიცია, ამ დროს, პარლამენტს გარეთ უფრო ძლიერია. ნაციონალურ მოძრაობას, ლეიბორისტთა პარტიას, ახალ მემარჯვენეებს და გაერთიანებულ დემოკრატიულ პარტიას მეტი მომხრე ადგილობრივ მთავრობებში ჰყავთ, ვიდრე პარლამენტში. შევარდნაძემ რომ კონფრონტაციების ეს თავისთვის ჩვეული ტაქტიკა გააგრძელოს, ამით შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს შორის მჭიდრო კონსოლიდაცია მოიმკას. როგორც არ უნდა დასრულდეს ბიუჯეტის თაობაზე კამათი, საქართველოში არჩევნების წინ მზარდი არასტაბილურობის საშიშროება რჩება, - აცხადებს სტატიის ავტორი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG