Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყის კრიზისი და ჩეჩნეთის კონფლიქტი - დასავლეთის პრესის მიმოხილვა, რომელსაც გადაცემის ბოლოს გთავაზობთ, დღეს ამ საკითხებს დაეთმობა.

როგორც გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხილველი უილიამ სეფაიერი აღნიშნავს, ორშაბათს თეირანში, ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი ერაყული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. მიზანი: კარგი ურთიერთობის დამყარება იმათთან, ვინც შესაძლოა ერაყის მომავალი მთავრობის წევრი გახდეს. გაზეთი განაგრძობს:

"ირანს, როგორც ჩანს, სამომავლოდ ესაჭიროება მეგობრები მეზობელ სახელმწიფოში. თუმცა თეირანი ორმაგ თამაშს ეწევა, როცა სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს იმავდროულად სადამ ჰუსეინის მომხრე ტერორისტულ დაჯგუფებას ერაყის ქურთისტანში, რომელსაც ოსამა ბილ ლადენის ერთ-ერთი თანამებრძოლი მუსაბა ზარვაქი მეთაურობს. გამორჩენაზე ზრუნავს სირიაც, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის არალეგალურ გაყიდვაში ეხმარება ერაყს, იარაღს აწვდის ჰეზბოლას, თანაც აცხადებს, რომ აშშ-თან თანამშრომლობს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და ერაყის საკიითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას დაუჭირა მხარი. საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს ამჟამინდელი რეჟიმის შენარჩუნება სურთ ერაყში სადამ ჰუსეინის გარეშე. მათი მიზანია - ერაყიდან გააძევონ დიქტატორი და სისხლის მწყურვალი მისი ორი ვაჟი, ხოლო ხელისუფლება ჩააბარონ სუნიტ გენერლებსა და ბაათის პარტიის პოლიტიკოსებს, რითაც რეჟიმის, ასე ვთქვათ, "შეცვლა" მოხდება, თანაც მოვლენათა დემოკრატიული განვითარების გარეშე. ერაყის მეზობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ამ ქვეყანაში არ დამყარდეს დემოკრატიული წყობა".

გაზეთ "ვაშინგტონ ტაიმსის" ცნობით, შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ეგრედ წოდებული "შავი სია" 14 ერაყელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისა, რომლებიც გაეროს მუდმივმოქმედმა საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს მას შემდეგ, რაც ერაყში ამჟამინდელი რეჟიმი დაემხობა. სიის თავში ერაყელი დიქტატორი სადამ ჰუსეინია. სიაში ასევე არიან შეყვანილი სადამის ორი ვაჟი უდაი და ქუსაი, ერაყის მმართველი რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ეზათ იბრაჰიმი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი თაჰა იასინ რამადანი, აგრეთვე სხვა ერაყელი მაღალჩინოსნები. "ერაყის დოსიე" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში". სტატიაში ვკითხულობთ:

"განიარაღების ექსპერტებმა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთშაბათს განუცხადეს, რომ ჯერჯერობით ვერ ნახეს იმის დამადასტურებელი სამხილი, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია. ეს აძლიერებს ზეწოლას პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაზე და აიძულებს - გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ერაყის ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შესახებ. თუმცა გაეროს რეზოლუცია თავად ერაყისაგან მოითხოვს იმის დასაბუთებას, რომ ქვეყანას არა აქვს მასობრივი განადგურების იარაღი და არც ცდილობს მის შექმნას. საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც დეკემბერში წარუდგინა ერაყმა უშიშროების საბჭოს ხსენებული მოთხოვნა არაა შესრულებული. მასში არაა სათანადოდ განმარტებული, თუ რა ბედი ეწია მომწამლავი ქიმიკატების შემცველ 500 საარტილერიო ჭურვსა და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოსაყენებლად საჭირო 400 ყუმბარას, აგრეთვე ბიოლოგიური იარაღის წარმოებისათვის საჭირო ორ ტონა მასალას. უპასუხოდაა დატოვებული შეკითხვებიც - რატომ ცდილობდა ერაყი გამდიდრებული ურანის შეძენას, ან კიდევ შორ რადიუსში მოქმედი რაკეტების შექმნას. ყოველივე ამის მიუხედავად, ამერიკას არ შეუძლია უბრალოდ გამოაცხადოს: "ბაღდადმა გაეროს რეზოლუციები დაარღვიაო" და ომი დაიწყოს. ომის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, თუ აღარაფერს ვიტყვით მოსალოდნელ მსხვერპლზე ორივე მხრიდან, გვაიძულებს ვიხმაროთ ყველა შესაძლო ღონე, რათა კონფრონტაცია მშვიდობიანად დამთავრდეს. და ყველა შემთხვევაში, ვიდრე იგი ძალას გამოიყენებდეს, ვაშინგტონმა - გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა მიმართოს".

ლონდონის გაზეთ "ტაიმსის" მიმომხილველის ფილიპ ბობიტის აზრით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს აქვთ უფლება - შეუტიონ ერაყს, რათა არ მისცენ მას ბირთვული იარაღის შეძენის შესაძლებლობა. ბრიტანელი ჟურნალისტი დასძენს:

"გლობალური ტერორიზმისა და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, აღარ გამოდგება ცივი ომისდროინდელი პირისპირდგომის მოდელი, რომელიც არ უშვებდა პრევენტიულ დარტყმებს. ერაყს რომ ჰქონოდა ბირთვული ყუმბარა, მაშინ სწორედ ის შეაკავებდა აშშ-ის აქციებს სპარსეთის ყურის რეგიონში, და არა პირიქით. ამიტომაც არ იშურებს სადამ ჰუსეინი ძალისხმევას, რათა ბირთვული იარაღი შემატოს თავის არსენალს, თუმცა 12 წლის მანძილზე მოქმედმა ეკონომიკურმა სანქციებმა 150 მილიარდზე მეტი დოლარი დააკარგვინა ერაყს. სახიფათოა პრევენტიული ომი სადამის წინააღმდეგ. მაგრამ, კიდევ უფრო სახიფათოა, თუ დიქტატორს მოქმედების თავისუფლება მიეცემა".

გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" ჩეჩნეთის თემას უბრუნდება და აღნიშნავს, რომ ჭეშმარიტება გახდა კავკასიის ამ რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. გაზეთი წერს:

"კრემლი საჯაროდ ამართლებს ჩეჩნეთში სამი წლის მანძილზე მიმდინარე ენით აუწერელ ბარბაროსობას. რუსეთის ხელისუფლება თვალს ხუჭავს და ცალკეულ შემთხვევებში მხარსაც უჭერს სამხედროებს, რომლებიც ყოველგვარი ბრალდების გარეშე აპატიმრებენ, აწამებენ, ხოცავენ და ძარცვავენ ჩეჩნეთში მშვიდობიან მოსახლეობას. პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია, რაღა თქმა უნდა, ყოველივე ამის შესახებ, თუმცა კრემლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა აიძულოს ჟურნალისტები - არ წერონ იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩეჩნეთში. შედეგად, მოსახლეობას წარმოდგენა არა აქვს იმის შესახებ, რომ ამ ომს ვეებერთელა მსხვერპლი მოსდევს, და რაც მთავარია იგი, სინდისის ფასად უჯდება რუს ერს."

გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეს" ცნობით, სამ გერმანელ საზოგადო მოღვაწეს, რომლებიც ადგილზე უნდა გასცნობოდენ ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, არ მისცეს ჩეჩნეთში ჩასვლის უფლება. გაზეთი წერს:

"მწერალი გიუნტერ ვალრაფი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი შრომის მინისტრი ნორბერტ ბლიუმი და ჰუმანიტარული ორგანიზაციის "კაპ ანამურის" ყოფილი ხელმძღვანელი რუპერტ ნოიდეკი მოსკოვის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს სპეცსამსახურის თანამშრომლებმა და უბრძანეს გერმანელ სტუმრებს, იმავე თვითმფრინავით გამგზავრებულიყვნენ დაუყოვნებლივ გერმანიაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გიუნტერ ვალრაფს განზრახული ჰქონდა ინფორმაციის შეგროვება ჩეჩნეთში, რომელიც შემდეგ ანტირუსული პროპაგანდის მიზნით უნდა გამოეყენებინა, რაც ვალრაფის მიერ მიღებულ ტურისტულ ვიზასთან შეუთავსებადია".

"კავკასიური ცარცის წრე" - ასეა დასათაურებული ჩეჩნეთის ერთ-ერთი ლიდერის, აჰმედ ზაკაევისადმი მიძღვნილი სტატია გერმანიის გაზეთ "ზიუდოიჩე ცაიტუნგში". სტატიაში ვკითხულობთ:

"9 იანვარს, სასამართლომ ლონდონში წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლა ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენელი ევროპაში აჰმედ ზაკაევი, რომლის გაცემას დაჟინებით მოითხოვს მოსკოვი. რუსეთის გენერალური პროკურატურა სეპარატიზმში, ტერორისტულ დაჯგუფებათა მხარდაჭერაში, ადამიანების გატაცებებში თანამონაწილეობასა და მკვლელობებში ადანაშაულებს ზაკაევს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად აღუთქვა დასავლეთს, რომ აჰმედ ზაკაევის მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა არ იქნება გამოყენებული. კონფლიქტი ზაკაევის საქმესთან დაკავშირებით გასულ ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც დანიამ, ზაკაევის გაცემაზე უარი უთხრა რუსეთს. ამის შემდეგ ზაკაევმა დიდ ბრიტანეთში მოისურვა პოლიტიკური თავშესაფრის მიღება, მაგრამ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მოითხოვა მისი გაცემა. რუსეთისათვის ეს საქმე უაღრესად პრინციპული გახდა, ვინაიდან ჩეჩნეთის ომს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში განიხილავს კრემლი, და შესაბამისად, არ სცნობს ზაკაევს, როგორც პოლიტიკოსს.

"საკვირველი ისაა, რომ 2001 წლის შემოდგომაზე, კრემლის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა სწორედ ზაკაევთან გამართა მოლაპარაკება ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. თუმცა, მოსკოვში მძევლების დატყვევების შემდეგ კრემლმა უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა. ზაკაევი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი ტელეფონით ხელმძღვანელობდა მოსკოვის თეატრალურ ცენტრში ტერორისტთა მოქმედებას. ზაკაევის გაცემით მოსკოვი მიიღებდა იმის დადასტურებას, რომ მისი მტკიცება, თითქოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთში ისლამისტი ტერორისტებითაა მთლიანად წარმოდგენილი, სინამდვილეს შეესაბამება".
XS
SM
MD
LG