Accessibility links

logo-print

ვისი საკუთრებაა „თბილგაზი“


15 იანვრიდან თბილისი კვლავ ბუნებრივი აირის გარეშე შეიძლება დარჩეს. ამის მიზეზი გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილგაზის“ ირგვლივ შექმნილი პარადოქსული ვითარებაა:

პოლიტიკური დაპირისპირების გამო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მილიონობით ლარის მოგების მომტანი „თბილგაზის“ პატრონობაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, გაურკვეველია, ვინ გადაიხდის თბილისის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს. “თბილგაზი” აცხადებს, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მომწოდებლის მიმართ დაგროვილი დავალიანების გასტუმრებას.

დედაქალაქის გაზგამანაწილებელ კომპანიას 2002 წლის დეკემბრის თვეში მომწოდებლისგან მიღებული ბუნებრივი აირის საფასური 8 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი. „თბილგაზმა“ მხოლოდ 2 მილიონი ლარის მოგროვება შეძლო და, თუ დარჩენილი 6 მილიონის გადამხდელი არ გამოჩნდა, 15 იანვრიდან თბილისს გაზის მიწოდება შეუწყდება. ეს უამრავ თბილისელს მეტად რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს, რადგან, მიუხედავად კლიმატური პირობების გაუმჯობესებისა, ბუნებრივი აირის გარეშე გათბობის პრობლემის გადაწყვეტა უბრალო მოქალქეებს მაინც გაუჭირდებათ.

თბილისის ოპოზიციურად განწყობილ საკრებულოსთან პოლიტიკურად დაპირისპირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები ცდილობენ გაზის უქონლობით სოციალური ვითარების შესაძლო გამწვავებაზე პასუხისმგებლობა დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს გადააბრალონ. სწორედ ამიტომ მთავრობამ უარი განაცხადა „თბილგაზის“ მესაკუთრეობაზე და ასობით მილიონის ქონება თბილისის მერიას გადაულოცა.
ეს ყველაფერი ისე განხორციელდა, რომ თბილისის ხელისუფლებისთვის არაფერი უკითხავთ და მასთან არც ხელშეკრულება გაუფორმებიათ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მინისტრი და მოქალაქეთა კავშირის ლიდერი ავთანდილ ჯორბენაძე პასუხისმგებლობას მაინც დედაქალაქის მერიას აკისრებს.
[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] „ყველამ თავისი ვალდებულებები უნდა რეალურად შეასრულოს. ამ შემთხვევაში “თბილგაზის” მესაკუთრე გახლავთ ქალაქი, აქედან გამომდინარე, ქალაქის მერია ვალდებულია ფინანსური რესურსი მოიძიოს.“

ეს კი მოსახლეობის შესაძლო პროტესტის ახალი ადრესატის დასახელების ტოლფასია. შეგახსენებთ, რომ ჯორბენაძეს არცთუ პარტნიორული ურთიერთობა აქვს თბილისის მერ ვანო ზოდელავასთან, ოპოზიციურად განწყობილი საკრებულო კი მისი დაუძინებელი პოლიტიკური მტერია. სავარაუდოდ, ამ პოლიტიკური რეალობით აიხსნება, რამდენიმე თვის წინ თბილისისთვის „თბილგაზის“ ჯერ ჩამორთმევა, ერთი თვის წინ კი ისევ უკან დაბრუნება.

თბილისის საკრებულოს წევრისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განმარტებით, თბილისის საკრებულო “თბილგაზის” მერიის საკუთრებაში დაბრუნებას იმიტომაც ეწინააღმდეგება,
რომ ამ კომპანიის სუბსიდირებისთვის ყოველწლიურად 22 მილიონი ლარია საჭირო. დედაქალაქის ბიუჯეტი ისედაც ახორციელებს ხარჯებს, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ კი, აფინანსებს ლტოლვილთა დახმარებას, რომლის მოცულობა 55 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, თბილისის ბიუჯეტი “თბილგაზის” სუბსიდირებისთვის საჭირო თანხის მოძიებას ვეღარ შეძლებს. რომან გოცირიძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა:

[რომან გოცირიძის ხმა] „პირიქით, ვინც მართვაში კომპანიას იღებს, იქით უხდიან ფულს. მაგალითად, საბითუმო ბაზარი ესპანელებმა რომ აიღეს მართვაში, მას ფულს უხდის საქართველოს მთავრობა მართვისათვის. პრეზიდენტმა აიღო და უკანონოდ, ძალით დაავალა თბილისის მერიას, გინდა თუ არ გინდა, აიღე მართვაშიო. ეს არის ეკონომიკურად უცნაური, რბილად რომ ვთქვათ, და იურიდიულად გაუმართლებელი.“

ამჟამად „თბილგაზი“, ფაქტობრივად, მესაკუთრის გარეშეა დარჩენილი. თავად “თბილგაზის” თანამშრომლებმაც კი არ იციან, ვის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. “თბილგაზის” წარმომადგენლის ლალი ხუციშვილის თქმით:

[ლალი ხუციშვილის ხმა] „აი, ეს არის სადავო და ეს არის დასაზუსტებელი. ამასთან დაკავშირებით მიდის ინტენსიური მოლაპარაკება როგორც ქონების სამინისტროს, სემეკის, ენერგეტიკის სამინისტროს, აქ არის მთელი სამსახურები... არ ვიცი, რამდენად კოორდინირებულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოდესმე კონსენსუსს მიაღწევენ, იმიტომ რომ აქ ერთი ხელის მოსმით ვერ იტყვი, ეს ქონება ვის ეკუთვნის.“ [სტილი დაცულია]

ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე. “თბილგაზს” ხან პრივატიზებას უპირებდნენ, ხან კომპანია „იტერასთვის“ საჩუქრად გადაცემას. ეს გაურკვევლობა კი ხელს აძლევს იმ კორუფციულ მექანიზმს, რომელიც წლების მანძილზე „თბილგაზის“ აბონენტებისგან აკრეფილი ფულით კერძო პირების ჯიბეებს ასქელებდა. “თბილგაზის” ირგვლივ პოლიტიკურ-ეკონომიკური უთანხმოება მის თანამშრომლებსაც აიძულებდა გაზის მომხმარებლებთან კორუფციული გარიგებები დაემყარებინათ და, ამგვარად, მილიონობით მოგების მომტანი ქონება ისე გაუფასურდა, რომ მისი მესაკუთრეობა პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის იარაღადაც იქცა.

12 იანვარს მოსკოვში „იტერასთან“ გაზის მოწოდების საკითხებზე მოსალაპარაკებლად მიემგზავრება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, სავარაუდოდ, სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მეთაურობით.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან “თბილგაზის” დირექტორი ვახტანგ ცაავა და თბილისის პრემიერი გია შერაძე. თუ რა შედეგით დამთავრდება მოსკოვში მათი სტუმრობა, ძნელი სათქმელია, რადგან თბილისის საკრებულომ მერიას “თბილგაზის” სუბსიდირება აუკრძალა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მეპატრონისა და დაფინანსების გარეშე დარჩენილ, ვალებით დამძიმებულ კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე “იტერა” ჯერჯერობით უარს იტყვის. ეს კი 15 იანვრიდან გაზის შეწყვეტის ტოლფასია.
XS
SM
MD
LG