Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღორძინება იშლება?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 11 იანვარს გაირკვა, რომ საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირში მომხდარი კონფლიქტი რეალობაა და არა კონკურენტი პარტიების მიერ დაყრილი ხმები. მართალია,

აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია აღორძინების კავშირში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ხმები, როგორც წესი, არ დასტურდებოდა. ახლა კონფლიქტს თავად აღორძინების წარმომადგენლებიც აღიარებენ.

როგორც ჩანს, საქართველოს სახელისუფლებო პარტიებში კრიზისის პერიოდია. მოქალაქეთა კავშირის კვალდაკვალ, სერიოზული პრობლემები იქმნება საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირშიც. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის საკმაოდ აქტიური წევრები უკვე ხმამაღლა აცხადებენ, რომ პარტიის იერარქიაში სერიოზული უთანხმოებაა.
ოღონდ, როგორც ჩანს, აღორძინება მოქალაქეთა კავშირის გზას არ გაიმეორებს. თუ ამ ორიოდე წლის წინათ მოქალაქეთა კავშირიდან გამოვიდნენ ახალგაზრდა მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ პრეზიდენტისა და კავშირის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძისგან დისტანცირებას, აღორძინების კავშირის განაწყენებული წევრები კვლავ ადასტურებენ თავის ერთგულებას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აღორძინების კავშირის უცვლელი თავმჯდომარის - ასლან აბაშიძის მიმართ. კერძოდ, დაპირისპირება წარმოიშვა ჯემალ გოგიტიძესა და გიორგი თარგამაძეს შორის. ეს უკანასკნელი ჯემალ გოგიტიძემ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას აღორძინების საკმაოდ მოკრძალებული შედეგის გამო წინასაარჩევნო კამპანიის ჩაგდებაში დაადანაშაულა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ გიორგი თარგამაძე აღორძინების კავშირის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობას გამოემშვიდობა. კონფლიქტის დაწყების პირველ ეტაპზე გიორგი თარგამაძის ბათუმში ჩასვლის მიუხედავად, ასლან აბაშიძემ თარგამაძე-გოგიტიძის კონფლიქტში, როგორც ჩანს, გოგიტიძის მხარე დაიჭირა, რაც ამ უკანასკნელს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საკუთარი მომხრეებით დაკომპლექტებაში დაეხმარა. კონფლიქტი საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც აღორძინების თბილისის ორგანიზაციის ახალი ოფისის გახსნაზე დაპატიჟებულთა შორის არ აღმოჩნდნენ არც გიორგი თარგამაძე, არც ვალერი გელბახიანი და არც საკრებულოში წარმოდგენილი აღორძინების დეპუტაციის წევრები.
ჯერჯერობით გიორგი თარგამაძე არ აკონკრეტებს, თუ როგორ წარმოუდგენია მოვლენების განვითარება - მოხდება რაიმე ბირთვის გამოყოფა აღორძინების კავშირიდან და ცალკე პარტიის ჩამოყალიბება, თუ ”განკვეთილები” პიროვნულად შეეცდებიან პოლიტიკაში საკუთარი ადგილის მოძიებას. სამაგიეროდ, თავის განწყობილებას არ მალავს ვალერი გელბახიანი, რომლის განცხადებითაც, თუ მოვლენები ძველებურად განვითარდა, ანუ ლიდერობის ამბიცია კვლავ მათ ექნათ, ვისაც ეს არ დაუმსახურებია, იგი არა მხოლოდ დატოვებს აღორძინებას, არამედ წასვლის წინ ყველას ეტყვის სათქმელს.
ანუ, როგორც ჩანს, ახდება ქართველი ექსპერტების კიდევ ერთი პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არა მხოლოდ პარტიების გაერთიანების, არამედ დაქუცმაცების მტკივნეული პროცესის მოწმენიც შევიქნებით.
XS
SM
MD
LG