Accessibility links

logo-print

წლევანდელი წლის ბიუჯეტის მისაღებად პარლამენტი უკვე მობილიზებულია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ერთგვარ ტესტად იქცა როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური წრეებისათვის. გასული წლის მიწურულს პროექტის ჩაგდება უპრეცედენტო შემთხვევად

შეფასდა და კანცელარიაში სამთავრობო ფრაქციების ობსტრუქციიის საბაბადაც იქცა. ”პარტაქტივთან” შეხვედრისა და საბიუჯეტო ვაჭრობის შემდეგ დღეს ხელისუფლებას ბიუჯეტის მიღებაში ეჭვი აღარ ეპარება. ამის საბაბს მთავრობას, 8 ფრაქციისგან შეკრული ერთგვარი თემატური უმრავლესობის გარდა, ის დათმობები აძლევს, რომელიც საახალწლო არდადეგების დროს შედგა. საკანონმდებლო ხელისუფლება ბიუჯეტის სასესიო განხილვას უკვე შემდგომ კვირაში შეუდგება. მანამდე ფინანსთა სამინისტრომ პროექტი გადასამუშავებლად უკან გაითხოვა და კანცელარიიდან პარლამენტში მის გაგზავნას ლამის ერთი კვირა მოანდომა. როგორც ჩანს, ეს პერიოდი სახელისუფლებო წრეებს საკანონმდებლო ორგანოში საჭირო რაოდენობის დეპუტატთა გადაბირებისათვის დასჭირდათ. ექსპერტები, რომელთაც გადამუშავებული ბიუჯეტის გაცნობის საშუალება მიეცათ, აღნიშნავენ, რომ ამჟამად წარდგენილ ვარიანტში პრინციპულად არაფერია შეცვლილი. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მხოლოდ 5 მილიონი ლარითაა გაზრდილი. სავარაუდოა, რომ ეს ის 5 მილიონია, რომლის საფასურადაც მთავრობა თავისთვის საჭირო ხმების მოგროვებას შეძლებს.

ამჟამად წარდგენილ ვარიანტში კორექტირება შეეხო რამდენიმე მუხლს. კერძოდ, 15-20 პროცენტით გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში დასაქმებულთა ხელფასები. 57 მილიონ ლარამდე ავიდა თავდაცვისათვის განკუთვნილი ხარჯები, თუმცა ეს მოთხოვნილ 80 მილიონთან შედარებით მაინც მიზერია.

წელს ხელფასი 30 პროცენტით გაეზრდებათ მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს. ასევე გათვალისწინებულია სექტემბრიდან მასწავლებელთა ანაზღაურების 30 პროცენტიანი ზრდა.

პრეზიდენტი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პარლამენტარები წლევანდელი წლის ბიუჯეტის პროექტს უპრეცედენტოს და გაბედულს უწოდებენ და გაზრდილი პარამეტრებით ყელყელაობენ. ამ დროს კი, ოპოზიცია ბიუჯეტს უსუსურს უწოდებს და საშემოსავლო ნაწილის კიდევ უფრო გადიდებას მოითხოვს. საარჩევნო წლის პერიოდში მსგავსი პოლიტიკური კონიუნქტურა სავსებით ბუნებრივი მოვლენაა ქართულ რეალობაში. არადა, საბიუჯეტო დაგეგმარების პროცესი, ფაქტობრივად, არანაირად არ განსხვავდება წინა წლებისაგან და, თუ ინფლაციის დონეს გავითვალისწინებთ, მაინცდამაინც არც საბიუჯეტო პარამეტრებია გაზრდილი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ წლევანდელ მთავარ ეკონომიკურ კანონსაც ექსპერტები შეუსრულებლობისათვის განწირულს უწოდებენ და საბიუჯეტო დეფიციტს უკვე დღესვე წინასწარმეტყველებენ.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ”ჩვენ ტრადიციებს არ ვღალატობთ და კვლავ არარსებულ, ჰაერით გაბერილ ბიუჯეტს ვღებულობთ”. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერები პარამეტრების კიდევ უფრო გაზრდას და მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას მოითხოვენ. პოზიციაც და ოპოზიციაც საარჩევნოდ ემზადება და მსგავსი მეთოდებით საარჩევნო ხმების მონადირება კიდევ მრავალჯერ შეგვხვდება.

ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ წლევანდელი ბიუჯეტი ყველაზე ამბიციური და შესრულებადია, ოპოზიცია საპირისპირო სენტენციებით გვკვებავს. საპირისპირო კომენტარების მიუხედავად, ბიუჯეტი, საბოლოოდ, მაინც მისაღებადაა განწირული. კანცელარია მეორე საპარლამენტო ფიასკოს უკვე აღარ დაუშვებს და ამისათვის, ფაქტობრივად, ხმების მაქსიმალური რაოდენობა უკვე ნაყიდი აქვს.

გასულ კვირაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში დასრულდა კომპანია ”იტერას” მიერ ს/ს ”აზოტის” ბიზნესგეგმის განხილვა. როგორც ჩანს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალის მქონე საწარმო, საბოლოოდ, ”იტერას” ლუკმა გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესგეგმა საჯარო განხილვის ობიექტი არ გამხდარა და მას, ჩინოვნიკთა საკმაოდ ვიწრო წრის გარდა, ფაქტობრივად, არავინ იცნობს, ქონების მართვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იგი ყველა შენიშვნის გათვალისწინებით არის შედგენილი. დამოუკიდებელი ექსპერტები ჩინოვნიკების ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი, ვისაც დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა, აცხადებენ, რომ ბიზნესგეგმაში არ არის ასახული, თუ საიდან უნდა შემოვიდეს ”აზოტში” ფული. იქვე არაფერია დაკონკრეტებული საწარმოს ვალების თაობაზე. არადა, ”აზოტს” რამდენიმე მილიონიანი დავალიანება აქვს. გასარკვევია იმ სოციალურ-კულტურული ობიექტების საკითხი, რომლებიც საწარმოს ბალანსზე ირიცხება. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს ობიექტები ”იტერას ” მფლობელობაში არ გადავა. საგულისხმოა, რომ ამ ობიექტებს შორისაა პანსიონატები მანავსა და ურეკში, კულტურის სახლი, სპორტკომპლექსი და რამდენიმე არცთუ უმნიშვნელო დამხმარე ობიექტი.

ქონების მართვის სამინისტროში უკვე დაიწყეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე მუშაობა და ამ პროცესის დასრულებას ერთი თვის ვადაში ვარაუდობენ. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ამ გარიგებას, ალბათ, წინ აღარაფერი დაუდგება და რამდენიმე ასეული მილიონობით დოლარის აქტივებისა და საეჭვო გზებით დაგროვილი დავალიანების მქონე საწარმოს კორპორაცია ”იტერა” ნახევარ მილიონ დოლარად ჩაიგდებს ხელში.
XS
SM
MD
LG